უკრაინის ქალაქებზე დარტყმებს კიევი უპასუხოდ არ ტოვებს. 1-ელ სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, რომ რუსეთის თავზე ცა ფრენებისთვის უსაფრთხო არ არის, უკრაინული სამხედრო ძალების კონტრიერიშები უფრო გააქტიურდა.
კიევმა დრონებით მძლავრი დარტყმა მიიტანა სოჭში, ნავთობბაზის ტერიტორიაზე, სადაც გაჩნდა ძლიერი ხანძარი. კრასნოდარის ოლქის ადმინისტრაცია იუწყება მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის დაზიანებაზეც.
ამ ფონზე, ვლადივოსტოკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსული მხარისთვის უკრაინის გარკვეული ნაბიჯები მოულოდნელი აღმოჩნდა.
„ვიდრე სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება, უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებზე რუსეთის ნავთობმომპოვებელ ობიექტებზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს - საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერება.
და მინდა, თქვენს ყურადღებას ერთ რამეზე გავამახვილო: რატომ აღმოვჩნდით ამ ვითარებაში? იმიტომ, რომ თავიდან ვვარაუდობდით, თითქოს ეს ობიექტები მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულების იყო. ისინი არ უნდა ყოფილიყო რაიმე სახის თავდასხმის სამიზნე, მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროსაც კი. მაგრამ ამ მხრივ შევცდით.
სამწუხაროდ, ჩვენი მოწინააღმდეგე სხვაგვარად ფიქრობს და ამ სამოქალაქო, სრულიად სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმების განხორციელება დაიწყო. როგორც ხედავთ, ჩვენ იძულებული გავხდით, საპასუხოდ ანალოგიურად მოვქცეულიყავით.
ყველა მონაცემის მიხედვით, ჩვენი პასუხი საკმაოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მათთვის, ვინც ეს პანდორას ყუთი გახსნა.
მაგრამ არის კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, ამ პრობლემას ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ. ჩვენი კომპანიებიც უკვე ჩაერთნენ ამ ძალისხმევაში და გარწმუნებთ, შედეგები უკვე გვაქვს და კიდევ უფრო მეტი შედეგი იქნება.
ნედლი ნავთობის ექსპორტი უფრო მომგებიანია, ვიდრე მისი ქვეყნის შიგნით გადამუშავება. თუმცა, ჩვენს კომპანიებს პასუხისმგებლობის გრძნობა ნამდვილად აქვთ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სარემონტო სამუშაოები ძალიან სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ვფიქრობ, დაზიანებული ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების დარჩენილ 10 პროცენტსაც ძალიან მალე აღვადგენთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის მტკიცებით, სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსკოვი მობილიზაციის ახალი ტალღისთვის ემზადება, უსაფუძვლოა.
რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, კრემლი ახლა ორიენტირებულია საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერებაზე და არა დამატებითი სამხედროების გამოძახებაზე, რომლებიც, მისივე მტკიცებით, „ისედაც ნებაყოფლობით მიდიან ბრძოლის ველზე“
„ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი სცენარი, რომელიც მობილიზაციის გამოცხადებას მოითხოვს. ეს არის მოწინააღმდეგის საინფორმაციო თავდასხმა სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ, რომლის მიზანიც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენაა. ეს უბრალოდ კარგად გათვლილი საინფორმაციო ოპერაციაა.
როგორც ცნობილია, ჩვენი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით მიდიან და კონტრაქტებს აფორმებენ, განსხვავებით იმისგან, რაც უკრაინაში ხდება. ამას ყოველდღიურად ვხედავთ ტელევიზიასა და ინტერნეტში - როგორ აკავებენ ადამიანებს უკრაინაში, თითქოს მაწანწალა ძაღლებს, და ძალით მიჰყავთ ფრონტზე“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.
ამ განცხადების მიუხედავად, დასავლური სადაზვერვო სამსახურების მონაცემები საპირისპიროზე მეტყველებს - მობილიზაციის სცენარს სულ უფრო რეალურს ხდის კრემლის ნაბიჯები და საზღვრების ჩაკეტვა ევროპელ მეზობლებთან.
ამავდროულად, რუსული საოკუპაციო არმია ვერ ახერხებს მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევას ფრონტის ხაზზე და უკრაინული დასახლებების დაკავებას დაგეგმილი ტემპით. ამაზე საუბრობენ ამერიკელი მაღალჩინოსნებიც და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც.
საგულისხმოა, რომ 2022 წლის სექტემბრის მობილიზაციის წინაც ვლადიმერ პუტინი ირწმუნებოდა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა მოსკოვს არანაირად არ ჰქონდა, თუმცა შემდგომ მოვლენები საწინააღმდეგოდ განვითარდა.
