თანამედროვე მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღიდან 25 წელი გავიდა.
2001 წლის 11 სექტემბრის დილას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოში მოვლენები ელვისებრი სისწრაფით ვითარდებოდა. „ამერიკული ავიახაზების“ ორი კუთვნილი თვითმფრინავი ბოსტონიდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით ასრულებდა რეისს.
ბორტზე მყოფი პირებიდან არავინ იცოდა, რომ საჰაერო ხომალდი ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ წევრებმა გაიტაცეს, ვიდრე თვითმფრინავმა გეზი ნიუ-იორკისკენ არ აიღო და მეგაპოლისში მდებარე „მსოფლიო სავაჭრო ცენტრის“ ერთ-ერთ ცათამბჯენს არ შეეჯახა.
ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობასა და საერთაშორისო მედიას მომხდარი პილოტების შეცდომა ეგონა, ამავე ცენტრის კიდევ ერთ ცათამბჯენს ტერორისტების მიერ გატაცებული მეორე თვითმფრინავიც შეეჯახა.
დარტყმის გამო, ორივე შენობაში მომხდარი აფეთქებების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მას შემდეგ, რაც პირველი თვითმფრინავი ჩრდილოეთის ცათამბჯენს დაეჯახა, სამხრეთის ცათამბჯენში ადამიანები შენობის დატოვებას შეეცადნენ, მაგრამ მათ ადგილებზე დარჩენა ურჩიეს. მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელმა პირდაპირ ეთერში იხილა მოგვიანებით 11 სექტემბრის მოვლენების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ეპიზოდადქცეული კადრი - ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენის თითქმის ბოლო სართულებიდან გადმომხტარი მოქალაქე. სულ რამდენიმე წუთში ორივე შენობა რამდენიმეწუთიანი შუალედით სრულად ჩამოინგრა, ნიუ-იორკი კი მტვრის მასშტაბური ტალღით დაიფარა.
2001 წლის 11 სექტემბერს ტერორისტების ქმედებები მხოლოდ ნიუ-იორკით არ შემოფარგლულა. გატაცებული თვითმფრინავებიდან კიდევ ერთი პენტაგონის შენობის ნაწილს შეეჯახა, ერთიც - პენსილვანიაში ჩამოვარდა.
ამ დღის ტრაგიკულმა მოვლენებმა, ოფიციალური მონაცემებით, ჯამში 2 977 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, თუმცა სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ეს რიცხვი, შესაძლოა, 3 000-საც აღემატებოდეს.
25 წლის წინ განვითარებულმა მოვლენებმა გლობალურ დღის წესრიგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ვაშინგტონმა მიზნად დაისახა ტერორიზმთან უკომპრომისო ბრძოლა და 11 სექტემბრის მოვლენები პოლიტიკურ საბაბად გამოიყენა 2003 წლის მარტში ერაყში ომის დასაწყებად და სადამ ჰუსეინის ძალაუფლებიდან ჩამოსაშორებლად.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ ბაღდადი მხარს უჭერდა ტერორისტულ დაჯგუფებებს და მალავდა მასობრივი განადგურების იარაღს, თუმცა ომის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი არ არსებობდა და ოფიციალური გამოძიებით არ დადასტურდა სადამ ჰუსეინის რეჟიმის პირდაპირი მონაწილეობა 11 სექტემბრის ტერაქტების სერიასთან, რის გამოც ახლოაღმოსავლურ ქვეყანაში შეჭრა დღემდე არის დავის საგანი საერთაშორისო დონეზე.
2001 წლის მოვლენებს მოჰყვა რიგი პოლიტიკური ცვლილებებიც, საბრძოლო მოქმედებები და სამხედრო ოპერაციები. ტერორისტულმა დაჯგუფებებმა მოახერხეს გაძლიერება და ახალი, მარიონეტული ორგანიზაციების ჩამოყალიბება, რამაც მსოფლიო უსაფრთხოება სერიოზული რისკის წინაშე დააყენა.
„პატივს მივაგებთ გადარჩენილებს და პატივს მივაგებთ მაშველებს, მეხანძრეებს, პოლიციელებსა და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ტრაგედიის წინაშე განსაკუთრებული სიმამაცე და ადამიანობა გამოიჩინეს, მათ შორის ბევრმა კი საკუთარი სიცოცხლის ფასად გაიღო ეს უდიდესი მსხვერპლი.
ამ მძიმე და სევდიან წლისთავზე ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ნიუ-იორკის მოსახლეობას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ყველა იმ ადამიანს, ვისი ცხოვრებაც ამ თავდასხმებმა სამუდამოდ შეცვალა.
წელს ასევე ოცი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც წევრმა სახელმწიფოებმა გაეროს ტერორიზმთან ბრძოლის გლობალური სტრატეგია მიიღეს - ეს გვახსენებს, რომ ტერორიზმთან ბრძოლა საერთო და ჯერ კიდევ დაუსრულებელი ამოცანაა.
პატივი მივაგოთ ტერორიზმის მსხვერპლთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ განვაახლოთ ჩვენი საერთო ვალდებულება, ავაშენოთ ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი“, - განაცხადა ფარჰან ჰაქიმ, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.
წლების გასვლის მიუხედავად, არც ისტორიას და არც ადამიანთა მეხსიერებას ავიწყდება 2001 წლის 11 სექტემბერს განვითარებული მოვლენები და ის ცნობილი კადრები, რაც დღესაც, ხელახლა ნახვისას შეშფოთებას იწვევს.
9/11-ის ტერაქტების სერიის შემდეგ, ნიუ-იორკის 33 ათას მცხოვრებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც, ჩვეულებრივ „ცხელ წერტილში” მოხვედრილ ადამიანებს ემართებათ.
„ჩვენი ტვინი კონტექსტზეა დამოკიდებული, სწორედ კონტექსტი განაპირობებს სხვადასხვა ემოციის წარმოშობას.
კონტექსტი შეიძლება სოციალური იყოს - მაგალითად, ადამიანი გარკვეული ტიპის ადამიანებს შორის იმყოფებოდეს და მას გარკვეული მოგონებები გაუჩნდეს. ვეტერანი შეიძლება თავისი ეპოქის სხვა ვეტერანებთან ერთად აღმოჩნდეს და გარკვეული მოგონებები კვლავ ამოტივტივდეს.
ასევე, ამის გამოწვევა ხმებსაც შეუძლიათ - მაგალითად, თუ ადამიანს ოდესღაც აფეთქება აქვს გამოცდილი და შემდეგ ფოიერვერკის ხმა ესმის, ამან შესაძლოა ერთბაშად გააცოცხლოს ყველა ის მოგონება.
მნიშვნელოვანია დროითი კონტექსტიც. სწორედ ამიტომ მრავალი წლისთავი, იქნება ეს ადამიანის ან ოჯახის წევრის დაკარგვასთან დაკავშირებული თარიღი თუ ისეთი ტრაგედიის წლისთავი, როგორიც 11 სექტემბრის ტერაქტებია, კვლავ აცოცხლებს მოგონებებს, რადგან ჩვენ ვგრძნობთ იმ დროით კონტექსტს, როდესაც ეს ყველაფერი მოხდა.
ემოციები ლოგიკას არ ემორჩილება. ემოციები შეიძლება მოვიდეს და წავიდეს. ხშირად ჩვენ არც კი ვიცით, რატომ და როგორ ხდება ეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათ გარემოში არსებული გარკვეული მინიშნებები ან სტიმულები იწვევს.
ვხედავთ ადამიანს, რომელიც იმ ადამიანს გვახსენებს, ვინც დავკარგეთ. ვხედავთ ვინმეს, რომლის პროფესია ან საქმიანობა გვახსენებს ჩვენს დაკარგულ ადამიანს. ვუყურებთ ფილმს, გვესმის სიმღერა.
ამრიგად, გარემოში არსებულ უამრავ განსხვავებულ სტიმულს შეუძლია გამოიწვიოს იმ მოგონებების გახსენება...“ - ამბობს არაშ ჯავანბახტიმ, ფსიქიატრმა.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენების ნგრევას 2,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. შენობების ნგრევის დროს განადგურდა 1337 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო სამსახურის 91 მანქანა. ნანგრევების გატანას 261 დღე, ხანძრის კერების ჩაქრობას კი - 99 დღე დასჭირდა.
