თვითმფრინავს, რომლითაც ვოლოდიმირ ზელენსკი ოსლოში მიფრინავდა, დრონი „ცოტათი აცდა“ - ასეთი ინფორმაცია მიაწოდა 9 სექტემბერს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელს.
მისი თქმით, კიშინაუდან აფრენისას ეკიპაჟს უპილოტო საფრენი აპარატი დაედევნა, რასაც ბორტზე მყოფი ერთ-ერთი პირი ბრიტანულ გამოცემა Financial Times-სთან საუბრისას ადასტურებს, რომლის სიტყვებითაც, სავარაუდოა, რომ ეს იყო რუსეთის საკუთრებაში არსებული „შაჰედის“ ტიპის დრონი რეაქტიული ძრავით.
გამოცემის მიერ იდუმალად დარჩენილი წყარო ვარაუდობს, რომ ინციდენტი არ ყოფილა შემთხვევითობა და მიზანი იყო დარტყმის მიტანა უკრაინის საპრეზიდენტო თვითმფრინავზე, რადგან უპილოტო საფრენი აპარატი ბორტს საკმაო მანძილით მიუახლოვდა.
შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დარტყმები მიიტანეს უკრაინისა და მოლდოვის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, რის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
მოლდოვის ხელისუფლებამ დაადასტურა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა, რამაც საჰაერო მიმოსვლის დროებით შეზღუდვა გამოიწვია, თუმცა მას შემდეგ, რაც აკრძალვა გაუქმდა, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავს კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის შესაძლებლობა მიეცა.
მოლდოვის ლიდერის, მაია სანდუს თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა არის „ადამიანების სიცოცხლისთვის სერიოზული საფრთხე“.
საგულისხმოა, რომ ბორტი, რომლითაც ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორ ქვეყნებს სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად სტუმრობს, პირველად არ გამხდარა უპილოტო საფრენი აპარატების ერთგვარი „ინტერესის ობიექტი“.
გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ირლანდიის ხელისუფლებამ მიიღო ცნობა, ქვეყნის თავზე ამოუცნობი დრონების გამოჩენის შესახებ ზუსტად იმ დროს, როდესაც დუბლინში უნდა დაშვებულიყო პრეზიდენტ ზელენსკის ბორტი.
