ევროკავშირმა ხელმისაწვდომი საცხოვრისების გეგმა წარადგინა, რომლის მიზანიც საცხოვრებლების გრძელვადიანი გაქირავების წახალისება და ევროპელებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
ოთხშაბათს გასაჯაროებული გეგამა უფრო მკაფიოს და პროგნოზირებადს ხდის ახალ წესებს ადგილობრივი მთავრობებისთვის, განსაკუთრებით კი ტურისტულად დატვირთულ ლოკაციებზე, სადაც მოკლევადიანმა გაქირავებამ ადგილობრივების საცხოვრებლიდან გასვლა განაპირობა.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ქირის ფასი ბერლინში 59%-ით, მადრიდში 75%-ით, ხოლო ლისაბონში 103%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც ჩვეულებრივი სამუშაო აქვთ - ექთნებს, სკოლის მასწავლებლებს, პოლიციელებს - ძალიან ხშირად აღარ შეუძლიათ იცხოვრონ იქ, სადაც მუშაობენ და საზოგადოებას ემსახურებიან“-აღნიშნა ენერგეტიკისა და საცხოვრისების საკითხებში ევროკომისარმა,დან იორგენსონმა.
მოკლევადიანი გაქირავება ევროკავშირის საცხოვრებელი ფონდის მხოლოდ 1.2%-ს შეადგენს, თუმცა ტურისტულად პოპულარულ ზოგიერთ ადგილას მისი წილი შესაძლოა 20%-მდეც აღწევდეს. ბრიუსელის შეფასებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ახალი საცხოვრებელი სახლის შექმნაა საჭირო.
ეს გეგმა უკვე გააკრიტიკა ტურისტებში პოპულარულმა Airbnb-მ, კომპანიამ განაცხადა, რომ გეგმა მკაფიო არ არის და რომ ხელმისაწვდომი საცხოვრებლის შესახებ კანონი გრძელვადიანი გაქირავების ბაზარს არც ერთ ახალ საცხოვრებელს არ შემატებს, სამაგიეროდ კი ევროპის ქალაქებში მასპინძლებს წესებთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობას შეუქმნის.
საცხოვრებლის პოლიტიკაზე გადაწყვეტილებებს ევროკავშირის თითოეული ქვეყნის ხელისუფლება კვლავ ინდივიდუალურად მიიღებს, თუმცა კომისიის ახალი გეგმა არსებული პრობლემების გათვალისწინებით ევროკავშირის მასშტაბით საერთო წესების შექმნის მცდელობას წარმოადგენს, რათა ქვეყნებმა ეს წესები პრაქტიკაში უფრო მარტივად და შეთანხმებულად გამოიყენონ.
