კატეგორიები

უნგრეთიდან რუს დიპლომატებს აძევებენ

უნგრეთიდან რუს დიპლომატებს აძევებენ
უნგრეთის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება ქვეყნიდან 10 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. გადაწყვეტილების განმარტებისას ბუდაპეშტში განაცხადეს, რომ მიზეზი მათი „დიპლომატიური საქმიანობისთვის შეუსაბამო საქციელი“ და „ვენის კონვენციის“ ძირითადი მუხლების დარღვევაა.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა დასძინა, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღქმული როგორც მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა. მისივე თქმით, ბუდაპეშტი კონსტრუქციული დიალოგისთვის ღიაა და საკითხის განხილვასაც არ არიდებს თავს.

გამოხმაურებამ არ დააყოვნა კრემლიდანაც. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ პეტერ მადიარის ხელისუფლებას „ბუდაპეშტში არსებული რუსოფობიური ლობი“ უწოდა და „მტკიცე და მტკივნეული პასუხით“ დაიმუქრა.

იმის მიუხედავად, რომ უნგრეთის ხელისუფლებას დეტალები არ გაუსაჯაროებია, ადგილობრივი მედია აქტიურად წერს რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლო მიზეზზე, რაც სავარაუდო ჯაშუშობასთან არის დაკავშირებული.

ექსპერტები და მოქმედი ხელისუფლების მაღალჩინოსნები უკვე დიდი ხანია, გამოთქვამენ შეშფოთებას უნგრეთში რუსული ჯაშუშული ქსელის განვითარების თაობაზე, რასაც ვიქტორ ობანის კაბინეტი 16 წლის განმავლობაში აქტიურად უწყობდა ხელს.

სავარაუდო ჯაშუშობაში ბრალს სდებდნენ უნგრეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის მიწურულს თავის რუს კოლეგასთან მჭიდრო კავშირების გამო მასშტაბურ სკანდალში გაეხვა.

ინტერნეტსივრცეში ვირუსულად გავრცელდა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, სადაც პიტერ სიიარტო სერგეი ლავროვს სთავაზობდა დახმარებას ევროკავშირის სანქცირებულთა სიიდან რუსი ბიზნესმენების ამოღებას და, ამავდროულად, აქტიურ კავშირზე იყო რუს დიპლომატთან 2023 წლის ევროპული სამიტის დროს, როდესაც ევროკავშირში უკრაინის გაწევრების საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

თავად უნგრეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო რაიმე სახის კანონდარღვევა და გავრცელებულ ჩანაწერებს „უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიერ შემუშავებული“ უწოდა, რომელთა მიზანი, მისი თქმით, უნგრეთის არჩევნებსა და ბუდაპეშტის შიდა საქმეებში ჩარევა იყო.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთიდან რუს დიპლომატებს აძევებენ უნგრეთში პოლონელი ტურისტების ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა