პოლოს მოთამაშეები, ცხენის მომშენებლები და ახალგაზრდა მხედრები უზბეკეთის ცხენოსნობის საუკუნოვანი ტრადიციის შენარჩუნებას ცდილობენ, რითაც პარალელურად სპორტსა და განათლებასაც უწყობენ ხელს.
ვრცელი მინდვრებისა და რადიკალურად განსხვავებული ლანდშაფტის მქონე უზბეკეთში, ცხენი ისევ რჩება ადამიანების, ტრადიცებისა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის დამაკავშირებელ საშუალებად.
პოლო სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს უზბეკეთში. ახლახან, უზბეკეთის პოლოს ფედერაციის შექმნის შემდეგ, ქვეყანაში ამ ტრადიციული საცხენოსნო სპორტის განვითარება დაიწყო და ის მოთამაშეთა ახალ თაობას იზიდავს.
საუკუნეების წინ პოლოს „ჩოვგანს“ უწოდებდნენ და შუა აზიაში მხოლოდ მთავრები და მეომრები თამაშობდნენ.
„საცხენოსნო სკოლები უზბეკეთის ყველა რეგიონში ჩამოყალიბდა,“ - ამბობს აზიზ რუსტამბაევი, უზბეკეთის პოლოს ფედერაციის თავმჯდომარე. „ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და ისწავლოს სპორტის ეს სახეობა სრულიად უფასოდ. დღესდღეობით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ეროვნულ გვარდიასთან, რომელიც საკუთარ საცხენოსნო ბაზებს გვითმობს, გვამარაგებს ცხენებით და შეჯიბრებების ორგანიზებაშიც გვეხმარება“.
შაჰნოზა შაროპოვა, ეროვნული ნაკრების უზბეკეთის პოლოს ფედერაციის ეროვნული ნაკრების მხედარი, ფიქრობს, რომ ცხენს მოედანზე შესვლამდე ბევრად ადრე უნდა დაუმეგობრდე.
„სანამ ცხენზე ჯდომას ისწავლი, მნიშვნელოვანია, მასზე ზრუნვა ისწავლო,“ - განმარტავს შაჰნოზა შარიპოვა. „ამისთვის გარკვეული წესები და ვალდებულებები არსებობს. არასდროს არ უნდა მივაყენოთ ზიანი ცხენს. როდესაც ადამიანი ცხენოსნობას სწავლობს, მას ცხენის მოვლასაც ასწავლიან“.
სურხანდარიის ოლქში ცხენი ისევ ადგილობრივი ტრადიციის განუყოფელი ნაწილია. უზბეკეთში ყველაზე ცნობილი ცხენის ჯიშის - ყარაბაირის გადარჩენაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„როდესაც საქმიანობა დავიწყეთ, ყარაბაირის ჯიშის დაახლოებით 30 ცხენი გვყავდა,“ - ამბობს აკმალ შერმატოვი, ყარაბაირის ჯიშის ცხენის მხედრების სკოლის დირექტორის მოადგილე. „ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა 100-ამდე გავზარდეთ. დღესდღეობით უკვე 500-ზე მეტ ახალგაზრდას წვრთნიან ჩვენს სკოლაში და სხვადასხვა მხედრულ დისციპლინას ასწავლიან“.
მოჯირითე შარიფხონ იბრაგიმოვამ ცხენოსნობის სწავლა ერთი წლის წინ დაიწყო.
„ეს შესანიშნავი სპორტია და ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის,“ - განმარტავს შარიფხონი. „ცხენზე თავს ძალიან თავდაჯერებულად და კომფორტულად ვგრძნობ. ჩვენ ძალიან კარგი და მოსიყვარულე ცხენები გვყავს“.
სამხრეთ უზბეკეთის მთისწინეთიდან ჩვენი გზა ათასზე მეტი კილომეტრით დაშორებული ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ყარაყალპაკეთის რესპუბლიკისკენ მიდის. ლანდშაფტიც მკვეთრად იცვლება. თოვლით დაფარულ სტეპებს ბოლო არ უჩანს. აქ ზამთარი ცხენსაც და მხედარსაც გამოცდას უწყობს. ამ თვალუწვდენელ სტეპებში ადამიანს ცხოვრებას ცხენი საუკუნეების განმავლობაში უადვილებდა.
ამ სტეპებში ცხენი დიდი ხნის განმავლობაში ადამიანის ყოველდღიური ყოფის განუყრელი ნაწილი იყო. დღეს ცხენოსნობის ოსტატობის ტრადიცია თანამედროვე თავლებსა და საასპარეზო მოედნებზე გრძელდება. აქ ცხენსა და მხედარს ისევე აკავშირებთ მტკიცე მეგობრობა, როგორც ძველად.
„ამჟამად ცხენების მოშენებით ვართ დაკავებული და სხვადასხვა ჯიშის ცხენების გამრავლებას ვგეგმავთ,“ - ამბობს რენატ ჟოლდაშევი, ყარაყალპაკეთის რესპუბლიკის საცხენოსნო სკოლის დირექტორი. „ცხენებს დღეში ორჯერ კვებავენ. მათი რაციონი შეიცავს წყალს, ქერს, ქატოსა და მარილს. დამატებით დღეში სამჯერ აძლევენ თივასა და იონჯას. ცხენებს დღეში სამჯერ არწყულებენ. ძალიან გულისხმიერი მეჯინიბეები გვყავს, რომლებიც ვალდებული არიან, ცხენებს მოუარონ. თითოეული მეჯინიბე გარკვეულ ცხენებზეა მიმაგრებული. მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მათმა ცხენებმა დროულად მიიღონ საკვები და ფურაჟი“.
ხშირად დამწყები მხედრები პირველ გაკვეთილზე ცხენის სწორად შერჩევას სწავლობენ.
„საცხენოსნო სკოლების ცხენები, როგორც წესი, მშვიდი ჯიშის არიან,“ - განმარტავს ცხენოსანი ზრაფადინ ზაიტოვი. „ჩვენ ინგლისური, თურქმენული და გერმანული ჯიშის ცხენები გვყავს. აქ სხვადასხვა ჯიშის ცხენები გვყავს. ჩვენი ყარაბაირის ჯიშის ცხენები ძალიან ღონიერები და გამძლეები არიან“.
ტაშკენტში, სურხანდარიასა და ყარაყალპაკეთის თოვლით დაფარულ სტეპებში ჩვენი მოგზაურობის დროს უზბეკეთის ცხენოსნობის კულტურა მრავალი სხვადასხვა კუთხიდან დავინახეთ.
ავტორი: რუშანაბონუ ალიაკბაროვა
