კატეგორიები

კიევი დიპლომატიური ძალისხმევისა და ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის მოლოდინშია

კიევი დიპლომატიური ძალისხმევისა და ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის მოლოდინშია
მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის მომლაპარაკებელთა გუნდის ვიზიტისისას მოსკოვმა კიევს ბალისტიკური რაკეტებისგან ამოსუნთქვის საშუალება მისცა, უკრაინის ქალაქებზე რუსული საოკუპაციო არმიის სისასტიკე კვლავ სრული ძალებით განახლდა.

როგორც უპილოტო, ისე მართვადი საფრენი აპარატები განუწყვეტლივ ესხმიან თავს ომში მყოფი ქვეყნის დედაქალაქს და სამიზნეში ისევ არიან ამოღებული მშვიდობიანი მოქალაქეები.

ერთ-ერთი ბოლო იერიშისას, დრონი მოხვდა უკრაინული სატელევიზიო მაუწყებლის შტაბსაც, სადაც რამდენიმე ჟურნალისტი და თანამშრომელი დაშავდა.

ამ ფონზე, უკრაინა ისევ აქტიურად მოითხოვს საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ზამთრის სეზონი ახლოვდება, რასაც კრემლი, სავარაუდოდ, გასული წლის მსგავსად ახლაც გამოიყენებს და კიევის ენერგოინფრასტრუქტურას შეუტევს.

ომში მყოფი სახელმწიფოს მოთხოვნის დაკმაყოფილებას ცდილობს ლონდონი. ენდი ბერნემის მინისტრთა კაბინეტი უკრაინას 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვითი რაკეტები და მსხვილკალიბრიანი საარტილერიო ჭურვები. სწორედ Patriot-ია ის ყველაზე ეფექტური სისტემა რუსულ და ჩრდილოკორეულ ბალისტიკასთან გასამკლავებლად.

„უკრაინის უნარი, არ მისცეს რუსეთს იმ მიზნების მიღწევის შესაძლებლობა, რომელთა მოპოვებასაც ის ცდილობს, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის თავდაცვისა და ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივისთვის. ეს ასევე მნიშვნელოვანი მაგალითია ევროპისთვის იმისა, თუ როგორ შეუძლია რეალურ საბრძოლო შესაძლებლობებზე დაფუძნებულ ჩვეულებრივ თავდაცვას მოწინააღმდეგეს ტერიტორიული მიღწევების მოპოვებაში ხელი შეუშალოს...

ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, როდის დასრულდება ეს ტრაგიკული ომი. როგორც თქვენ ყველამ კარგად იცით, რუსეთი აღადგენს თავის სამხედრო ძალებს და თავდაცვის ინდუსტრიულ შესაძლებლობებს.

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გაჭიანურებული კონფლიქტისთვის და იმისთვის, რომ უკრაინის საჭიროებები მომდევნო თვეებსა და წლებშიც გაგრძელდეს. ამასთანავე, მზად უნდა ვიყოთ სხვა შესაძლო სცენარებისთვისაც“, - განაცხადა ელბრიჯ კოლბიმ, აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ.

კიევში ვაშინგტონის მომლაპარაკებელთა გუნდის ვიზიტის შემდეგ, როგორც ჩანს, დიპლომატიური ძალისხმევის გასააქტიურებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - რა შედეგს მოიტანს ის, ჯერჯერობით ბუნდოვანი რჩება, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ კრემლში ჯარედ კუშნერს, სტივ უიტკოფსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა ზედმეტად თბილ გარემოში და ერთმანეთისადმი კომპლიმენტების ფონზე წარიმართა, ხოლო რუსული მხარე საუბრის შედეგებით უკმაყოფილო არ დარჩა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 20 სექტემბერს ის დონალდ ტრამპს შეხვდება, რაც მათი პრეზიდენტების პირველი პირისპირი კომუნიკაცია იქნება მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ლიდერი უკრაინელ კოლეგას ჯერ დაჰპირდა Patriot-ის რაკეტებისთვის საჭირო ლიცენზიის გადაცემას, შემდგომ კი დაპირება უკან გაიწვია.

„რაკეტები გვჭირდება. იცით, რომელი რაკეტებიც. ჩვენ ვამზადებთ საკუთარ FREYJA-ს პროგრამას. ვიმედოვნებთ, რომ ამერიკელები ამ პროგრამასაც მხარს დაუჭერენ, თუმცა, ევროპელებთან ერთად, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სასურველ შედეგს.

სანამ ამ შედეგს მივაღწევთ, ამერიკელებისგან ბალისტიკური რაკეტების პაკეტები გვჭირდება. მათ დეტალურად მოისმინეს, რა და როდის გვჭირდება.

იმედი მაქვს, რომ დაახლოებით 20 სექტემბერს პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა მექნება და ამ საკითხს დავაყენებ და, ღვთის ნებით, შედეგიც იქნება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პარალელურად, კრემლის ცნობით, შედგა სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის მტკიცებით, პუტინმა თავისი ამერიკელი კოლეგა დაარწმუნა, რომ „მოსკოვს არ გააჩნია აგრესიული ზრახვები ევროპასთან მიმართებით“.

„დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამოხატა მოსაზრება, რომ კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულება სასურველია, რაც დაუყოვნებლივ გახსნიდა შთამბეჭდავ და ფართომასშტაბიან პერსპექტივებს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების სრულად აღსადგენად.

მისი აზრით, ეს განსაკუთრებით აისახება სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე, რომლებიც ორივე სახელმწიფოსთვის უზარმაზარ

სარგებელს მოიტანს. დონალდ ტრამპი დაინტერესებულია, რომ თავისი პრეზიდენტობის პერიოდში ამ მიმართულებით გარღვევას მიაღწიოს.

პუტინმა მხარი დაუჭირა ამ მიდგომას ორი დიდი სახელმწიფოს შორის კონსტრუქციული პარტნიორობის შესაძლო ჩამოყალიბების კონტექსტში. მან დადებითად შეაფასა ამერიკული მხარისა და პირადად დონალდ ტრამპის შუამავლური ძალისხმევა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების გზების მოსაძებნად. ასევე წარმოდგენილი იქნა ობიექტური და დეტალური ანალიზი იმისა, თუ რა ხდება ამჟამად“, - განაცხადა იური უშაკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

ვიდრე დიპლომატიური ძალისხმევა რაიმე შედეგს გამოიღებდეს, უკრაინის ქალაქების მოსახლეობა დღესა და ღამეს ატარებს საჰაერო განგაშის სირენისა და დაბომბვების ფონზე. ამის მიუხედავად, კიევში ამბობენ, რომ არ აპირებენ დათანხმდნენ მშვიდობას რუსული წესებით.

დაკავშირებული ამბები
კიევი დიპლომატიური ძალისხმევისა და ტრამპი-ზელენსკის შეხვედრის მოლოდინშია სამდღიანი პაუზის შემდეგ რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე იერიშები განაახლა