კატეგორიები

ისრაელის მედია წერს, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე 10 დღით ადრე ნეთანიაჰუ მოჰამედ ბინ ზაიედმა გააფრთხილა

ისრაელის მედია წერს, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე 10 დღით ადრე ნეთანიაჰუ მოჰამედ ბინ ზაიედმა გააფრთხილა
2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სავარაუდოდ გააფრთხილა, რომ „ჰამასი“ ისრაელზე მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ ისრაელის ყოველდღიური გაზეთი Haaretz-ი წერს.

გამოცემის ცნობით, 2023 წლის სექტემბრის ბოლოს, თავდასხმამდე 10 დღით ადრე, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ნეთანიაჰუს 45 წუთის განმავლობაში ესაუბრა და უთხრა, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ იმდროინდელი ლიდერი, იაჰია სინვარი ფართომასშტაბიან ოპერაციას გეგმავდა.

გაზეთის თანახმად, მოჰამედ ბინ ზაიედმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ თავდასხმას სისხლისღვრა მოჰყვებოდა და რომ ამას რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევა და ისრაელსა და რამდენიმე არაბულ და მუსლიმურ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის გადორმებული „აბრაამის შეთანხმებებისთვის“ საფრთხის შექმნა შეეძლო.

Haaretz-ის ცნობით, ნეთანიაჰუ გაფრთხილებას „შედარებით მშვიდად“ შეხვდა და მოჰამედ ბინ ზაიედს დაუდასტურა, რომ ისრაელი ნებისმიერი სცენარისთვის იყო მზად. მისი თქმით, თავდასხმა ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროდან უფრო იყო სავარაუდო.

ნეთანიაჰუს ოფისმა გაზეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „სრული სიცრუე“ უწოდა და უარყო, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი იმ პერიოდში არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერს ესაუბრა.

Haaretz-მა მასალა ჟურნალისტების, შლომი ელდარისა და რუთ იუვალის, ახალი წიგნის საფუძველზე მოამზადა. წიგნში ავტორები 7 ოქტომბრის თავდასხმის გარემოებებსა და სადაზვერვო სისტემის კრახს იკვლევენ.

დაკავშირებული ამბები
ისრაელის მედია წერს, რომ 7 ოქტომბრის თავდასხმამდე 10 დღით ადრე ნეთანიაჰუ მოჰამედ ბინ ზაიედმა გააფრთხილა ისრაელმა ღაზის შესახებ აშშ-ის მიერ ინიცირებული 15 პუნქტიანი გეგმა საჯაროდ უარყო