კატეგორიები

„უმძიმესი მარცხი ათწლეულების განმავლობაში“ - ფრიდრიხ მერცი საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგებს აღიარებს

„უმძიმესი მარცხი ათწლეულების განმავლობაში“ - ფრიდრიხ მერცი საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგებს აღიარებს
საქსონია-ანჰალტში ულტრამემარჯვენეების გამარჯვების შემდეგ  ფრიდრიხ მერცი ათწლეულების განმავლობაში თავის პარტიის  ყველაზე მძიმე მარცხზე საუბრობს, თუმცა იგი რეფორმების გაგრძელებას მაინც აპირებს.

აღმოსავლეთ გერმანიის ამ ფედერალურ მიწაზე  პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დამაჯერებლად გაიმარჯვა, თუმცა რეგიონულ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა. ახლა პარტია საკუთარი კანდიდატის, ულრიხ ზიგმუნდის, მთავრობის მეთაურად არჩევას ცდილობს.

წარმატების შემთხვევაში ნაცისტური ეპოქის შემდეგ გერმანიაში პირველად შეიქმნება რეგიონული მთავრობა ულტრამემარჯვენეების ხელმძღვანელობით. თუმცა მთავრობის ფორმირება რთული იქნება სხვა წამყვანი პარტიები პარტიასთან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

,,როდესაც ერთ-ერთ ფედერალურ მიწაზე, ძალიან მაღალი საარჩევნო აქტივობის პირობებში, ამომრჩეველთა თითქმის 60 პროცენტი ხმას აძლევს პარტიებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და თამაშის წესებს ფუნდამენტურად ეჭვქვეშ აყენებენ, საქმიანობას ისე ვეღარ გავაგრძელებთ, თითქოს არაფერი მომხდარა“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერციმ.

ანტიმიგრაციული და რუსეთისადმი კეთილგანწყობილი პოზიციებით ცნობილი პარტიის მხარდაჭერა იზრდება მაშინ, როცა მმართველი კოალიცია ეკონომიკის გამოცოცხლებას ცდილობს. „ქრისტიან-დემოკრატებსა“ და სოციალ-დემოკრატებს შორის უთანხმოებისა და ეკონომიკური სირთულეების ფონზე, მთავრობისა და თავად კანცლერის მიმართ სულ უფრო მეტი უკმაყოფილებაა.

ამის მიუხედავად, მერცი აცხადებს, რომ გერმანიას ფუნდამენტური რეფორმები სჭირდება. ცვლილებები, მათ შორის საპენსიო სისტემაში, შესაძლოა მტკივნეული იყოს, თუმცა, კანცლერის შეფასებით, ქვეყნისა და მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის აუცილებელია. მისი თქმით, ხელისუფლებამ მოქალაქეებს ცვლილებების საჭიროება უფრო დამაჯერებლად უნდა აუხსნას.

მერცი მოკავშირეებს არწმუნებს, რომ გერმანია საკუთარ ღირებულებებს შეინარჩუნებს. კანცლერი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლების დაცვის საკითხში პოზიციის შეცვლას არ აპირებს.  

დაკავშირებული ამბები
„უმძიმესი მარცხი ათწლეულების განმავლობაში“ - ფრიდრიხ მერცი საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგებს აღიარებს ბერლინი რუსეთს, ლაიფციგის აეროპორტში დრონებით თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს