სამშაბათს, გამთენიისას, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა – სამდღიანი პაუზის შემდეგ რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე იერიშები განაახლა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კიევზე იერიშების რამდენიმე დღით შეჩერება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტთან დაკავშირებით ბრძანა.
განახლებულმა დარტყმებმა ქალაქში ხანძრები გამოიწვია. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი. დაშავებულია კიდევ შვიდი.
ხელისუფლების თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით არაერთი შენობა დაზიანდა – მათ შორის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი სოლომიანსკის რაიონში. ხოლო პოდილსკის რაიონში ავტომობილებს გაუჩნდა ცეცხლი.
რუსულმა იერიშებმა ხანძარი გააჩინა უკრაინის დედაქალაქის სხვა რაიონებშიც.
„ეს საოფისე შენობაა. ღამის სამ საათს გადაცილებული იყო, როცა დაცვის თანამშრომელმა, რომელიც აქ, ბომბსაფარში მორიგეობდა, დამირეკა. მითხრა, რომ ძალიან ძლიერი ხმა გაიგონა, დარტყმა იყო კომპანიის ტერიტორიასა და შენობაზე. შენობა ვერ დატოვა, რადგან ყველაფერი ცეცხლში იყო გახვეული, ყველაფერი იწვოდა და კვამლში იყო. ავტომატური სახანძრო სიგნალიზაცია ამოქმედდა. მეხანძრეებმა უკვე დაიწყეს მუშაობა.
მთელი სხეული მიკანკალებს, ხელები მიკანკალებს, ტირილიც არ შემიძლია. ამ საქმეს ცხოვრების დიდი ნაწილი შევალიე. აქ ძალიან დიდი ზარალია. ღმერთს მადლობა, რომ არავინ დაშავებულა. დიდება უკრაინას“ – ამბობს იგორ ჩიჰირი, ერთ-ერთი დაზიანებული შენობის მფლობელი.
„მარცხენა სანაპიროზე ყველაფერი გრგვინავდა. სადღაც დარნიცის ვაგონშემკეთებელი ქარხნის მახლობლად დაეცა, მაგრამ მე არ დამინახავს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივდიოდი და ხალხი ამბობდა, რომ იქ დიდი ხანძარი იყო“, – ამბობს კიევის მაცხოვრებელი ირინა ბარისენკოვა.
იგი კიევში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტსაც ეხმიანება.
„ორი ღამე ძალიან კარგად მეძინა. ცოტა დავისვენეთ. მადლობა მათ. უფრო ხშირად ჩამოვიდნენ, რომ აღარ დაგვბომბონ“, – ამბობს იგი.
ორშაბათს სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებებში „არსებითი პროგრესს“ მიაღწიეს. მან პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობისთვის დიდ ძალისხმევას წევს.
უიტკოფი და კუშნერი შაბათს მოსკოვში პუტინს შეხვდნენ, შემდეგ კი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართეს მოლაპარაკებები. ეს მათი პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო კიევში.
კრემლმა ორშაბათს განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს. პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „რაიმეს თქმა შეხვედრის ადგილისა და ზუსტი თარიღების შესახებ ჯერ ძალიან ადრეა“.
ზელენსკიმ ამერიკულ გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ხანგრძლივი ზამთრის წინ მხარეებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ უბიძგებს.
რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ყოველ ზამთარს ესხმის თავს და მილიონობით ადამიანს -20°C-მდე ყინვაში ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე ტოვებს.
ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ „რუსებიმოლაპარაკებებისთვისმ ზად არიან.“
„რუსეთს ნამდვილად სჯერა, რომ ამ ზამთარს ჩვენი გატეხვა შეუძლია“, – განუცხადა მან Axios-ს და ამავდროულად აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას პუტინზე ზეწოლა შეუძლია.
