რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე პირველი საავტომობილო ხიდი გაიხსნა. მდინარე ტუმანზე გამავალი საავტომობილო ხიდი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა და ჩრდილოეთ კორეის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ პაკ ტე სონგმა გახსნეს.
ორზოლიანი ხიდი ერთი კილომეტრი სიგრძისაა და ახლად აშენებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს აკავშირებს. რუსული მხარის ინფორმაციით, ამ გზით დღეში 300-ამდე ავტომობილის გადაადგილება იქნება შესაძლებელი.
ჩრდილოეთმა კორეამ და რუსეთმა, რომლებსაც სარკინიგზო ხიდი უკვე აკავშირებდათ, საავტომობილო ხიდის მშენებლობა გასულ წელს დაიწყეს.
„მშენებლობის პროცესში კოლეგები კონსულტაციებს გადიოდნენ ტექნიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, შეიმუშავეს ახალი მიდგომები და უზრუნველყვეს ხიდის დროული და სინქრონული გახსნა. რა თქმა უნდა, ეს უნიკალური ტრანსსასაზღვრო პროექტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ჩვენს ჩრდილოეთკორეელ კოლეგებთან ერთად საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა გავაგრძელოთ,“ - განაცხადა რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ანდრეი ნიკიტინმა.
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პირველი სახმელეთო ხიდის გახსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. გასულ წლებში მხარეებს შორის გაიზარდა ერთობლივი პროგრამების რაოდენობა. გაძლიერებული ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩრდილოეთი კორეა რუსეთს საბრძოლო მასალითა და ჯარისკაცებით ამარაგებს.
ასევე 2024 წლიდან, მას შემდეგ, რაც პანდემიის შემდგომი შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნა, ჩრდილოეთ კორეაში ყოველწლიურად იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობაც.
