ბერლინთან გამწვავებული დიპლომატიური დაძაბულობის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ სანქტ-პეტერბურგში გერმანიის გენერალური საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რაც კრემლში შეფასდა როგორც პასუხი „გერმანული მხარის არამეგობრულ ქმედებებზე“.
მოსკოვის გადაწყვეტილების შესაბამისად, ბერლინის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ საკუთარი საქმიანობა უნდა შეწყვიტოს არაუგვიანეს 2026 წლის 18 სექტემბრისა, ხოლო საკონსულოს თანამშრომლებმა ამ ვადაშივე უნდა დატოვონ რუსეთის ფედერაციის საზღვრები.
გადაწყვეტილების შესახებ რუსულმა მხარემ გერმანელ კოლეგებს აცნობა და ამასთან, ბერლინს დასდო ბრალი ორმხრივ ურთიერთობებში ესკალაციის შეტანისთვის.
დიპლომატიური უთანხმოება მოჰყვა აგვისტოს დასაწყისში, ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტზე დრონებით თავდასხმის მცდელობას, რაშიც ბუნდესმთავრობამ მოსკოვი დაადანაშაულა. სანქციების სახით, ბერლინმა დახურა კულტურული ცენტრი სახელწოდებით „რუსული სახლი“, ასევე განაცხადა გერმანიაში ჩასვლის მსურველ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ კონტროლის გაძლიერებისა და კრემლის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიმართ უფრო ეფექტური მექანიზმების გატარების შესახებ.
ბერლინის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა, ასევე ევროკავშირისა და NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა.
კულტურული ცენტრის დახურვა არც მოსკოვმა დატოვა უპასუხოდ და, როგორც სერგეი ლავროვი ამბობს, „ღირსების შენარჩუნების მიზნით“, მიიღო გოეთეს ინსტიტუტის ქვეყნიდან გაყვანის გადაწყვეტილება.
მოსკოვში ირწმუნებიან, რომ ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატი არანაირად არ არის დაკავშირებული რუსულ მხარესთან და ბერლინი პოლიტიკური მიზნებისა და საერთაშორისო დონეზე რუსეთის, როგორც აგრესორის სურათის შექმნას ცდილობენ.
თავდასხმის მოწყობაში კრემლის დადანაშაულებას თავად ვლადიმერ პუტინი აბსურდულს და მტკიცებულებებისგან დაცლილს უწოდებს, ასევე მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერი ამ ფორმით ცდილობს დაცემული პოლიტიკური რეიტინგის გაუმჯობესებას.
გერმანია თვეების განმავლობაში იტყობინებოდა სამხედრო და სამრეწველო ობიექტების თავზე საეჭვო წარმომავლობის დრონების გამოჩენის შესახებ, თუმცა 4-5 აგვისტოს ღამეს ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში მომხდარმა ინციდენტმა განგაში გამოიწვია, რადგან იქ აღმოჩენილ დრონს ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა.
