გაეროს უმაღლესი სასამართლოს მიერ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასამართლებული ბოსნიელი სერბი მეთაური, რატკო მლადიჩი, 7 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დაკრძალეს. მას ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი.
ევროკავშირმა არაერთხელ გააფრთხილა სერბეთის მთავრობა, არ განედიდებინათ მლადიჩი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშინელ სისხლისღვრაში ცნეს დამნაშავედ.
მართალია, გამოცხადებული იყო, რომ ცერემონიას მოქმედი ოფიციალური პირები არ დაესწრებოდნენ, თუმცა სერბეთის იუსტიციის, კულტურის, თავდაცვისა და სახელმწიფო ინვესტიციების მინისტრები და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის ვაჟი, დანილო, მაინც მივიდნენ დაკრძალვაზე. ცერემონიას ბოსნიელი სერბების პოლიტიკური წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ხელისუფლებამ მანამდე განაცხადა, რომ მლადიჩს სამხედრო ან სახელმწიფო პატივით არ დაკრძალავდნენ.
სერბეთი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა იმის გამო, რომ მლადიჩს პატივი მიაგეს.
ევროკავშირის გაფართოების კომისარმა მარტა კოსმა პროტესტის ნიშნად გააუქმა სერბეთში დაგეგმილი ვიზიტი და განაცხადა, რომ დამნაშავის განდიდება არ შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირის გზაა აგებული“.
მლადიჩი 1995 წლის ივლისში სრებრენიცაში გენოციდის, 8000-ზე მეტი ბოსნიელი მამაკაცის დახოცვის ორგანიზებისა და სარაევოს მრავალწლიანი ალყისთვის ცნეს დამნაშავედ.
მლადიჩი 27 აგვისტოს 84 წლის ასაკში ჰააგაში, გაეროს წინასწარი დაკავების იზოლატორში, გარდაიცვალა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
