მიმდინარე წლის დასაწყისში განსაკუთრებული გეოპოლიტიკური ყურადღების ცენტრში მოხვედრილი გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად, დანიის დაქვემდებარებაში მყოფ ყინულოვან ნახევარკუნძულს ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვია.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, გრენლანდიასთან ეკონომიკური კავშირების განსამტკიცებლად და ადგილობრივი მოსახლეობის პირობების გასაუმჯობესებლად, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირი ნახევარკუნძულს 200 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციით დაეხმარება.
ფინანსური პაკეტი სამი საკვანძო მიმართულებით დაიყოფა - ციფრული კავშირის განვითარება წყალქვეშა კაბელებისა და თანამგზავრული ინფრასტრუქტურის განვითარებით, მწვანე ენერგეტიკა ჰიდროენერგიაზე განსაკუთრებული აქცენტით და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნედლეულის მოპოვება.
დიპლომატის თქმით, ეს ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპის ინტერესი გრენლანდიისადმი არ მინელებულა, ხოლო არქტიკის რეგიონი იქცა ერთ-ერთ ადგილად, სადაც ერთმანეთს „გეოპოლიტიკის ტექნტონიკური ფილები ეჯახება“ და წყდება საერთო ევროპული კეთილდღეობის ბედი.
„ვიცით, რომ სხვებთან შედარებით უფრო ნელა ვმუშაობთ, მაგრამ ახლა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში კონკრეტული და პოზიტიური ცვლილება იქნება. რაც შეეხება უსაფრთხოებას - გუშინ ვესტუმრეთ ჩვენს ერთ-ერთ გემს, სამხედრო გემს, და საკუთარი თვალით ვნახეთ, თუ რამდენი მოკავშირეა ახლა არქტიკის რეგიონში, მათ შორის გრენლანდიის ირგვლივ და რამდენი მონაწილეობს წვრთნებსა და სამხედრო სწავლებებში. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია.
ამიტომ ჩვენ გვსურს, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ აშშ-სთან, თუმცა, რა თქმა უნდა, ასევე გვინდა კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და სწორედ ამას ვაკეთებთ ახლა არქტიკის რეგიონში.
ძირითადად, შემიძლია მხოლოდ ის გავიმეორო, რომ გრენლანდიამ უდიდესი ზეწოლის პირობებში მტკიცედ დაიკავა პოზიცია და კვლავ მტკიცედ დგას. თქვენთან ერთად ევროპაც მტკიცე და ერთიანია. ეს არის მთავარი გზავნილი“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა.
გრენლანდია სამშობლოა სასარგებლო წიაღისეულის 34 სახეობიდან 25-სთვის, რომლებსაც ბრიუსელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს მიიჩნევს ევროპის მასშტაბით განახლებადი ენერგიისა და მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებისთვის.
ნედლეულისადმი ინტერესს უკავშირებენ ექსპერტებიც და პოლიტიკოსებიც ნაწილიც ვაშინგტონის ნაბიჯებს, საიდანაც არაერთხელ გაჟღერდა ნახევარკუნძულის დაპყრობის გეგმებიც. მსგავსი განცხადებები არაერთხელ გაკეთდა დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა ტრიბუნიდან, თუმცა თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების სურვილს ხსნის არქტიკის რეგიონზე მოსკოვისა და პეკინის გავლენების შემცირების არგუმენტით.
ამერიკელ მოკავშირეს ევროპელმა ლიდერებმა არაერთხელ და მწვავედ უპასუხეს - გრენლანდია არ იყიდება, ხოლო პარტნიორებს შორის მსგავსი რიტორიკით საუბარი მიუღებელია.
