კატეგორიები

რა უშლით ხელს ევროპელებს, რომ საკუთარი კაპიტალისგან რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ?

რა უშლით ხელს ევროპელებს, რომ საკუთარი კაპიტალისგან რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ?
ევროკავშირში დაახლოებით 37 ტრილიონი ევროს მოცულობის კაპიტალი უქმად დევს. მაინც რატომ არ აბანდებენ უფრო მეტ კაპიტალს ევროპელები და როგორ შეიძლება ამ უქმად დადებული კაპიტალის ბრუნვაში გაშვება? ამ საკითხზე ევრონიუსს  ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის ხელმძღვანელი ვერენა როსი ესაუბრა.

ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი:  „თქვენი კომისიის (European Securities and Markets Authority - ESMA) მთავარი მისია არის ინვესტორების დაცვა, ფინანსური ბაზრების გამართული მუშაობის ხელშეწყობა და ფინანსური სტაბილურობის უზურნველყოფა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თქვენ წინაშე დგას ერთი ძალიან სერიოზული ამოცანა: თქვენ უნდა მოახერხოთ, რომ ევროპის კაპიტალის ბაზრებმა იმუშაონ როგორც ერთიანმა ბაზარმა და არა  27-მა  ნაწილობრივ დანაწევრებულმა ეროვნულმა ბაზარებმა. შეგიძლიათ განგვიმარტოთ, მაინც რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი ევროპელებისთვის და რას კარგავს მოსახლეობა იმის გამო, რომ ევროპის კაპიტალის ბაზარი დაქუცმაცებულია?“

ვერენა როსი, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის თავმჯდომარე: „თუ გადავხედავთ მოსახლეობის აქტივებს ევროკავშირში, დაახლოებით 37 ტრილიონი ევრო პრაქტიკულად უქმად დევს. ხალხი თავის არჩევანს აკეთებს. ოჯახს სურს ფული ჩადოს საკუთარ სახლში და ცოტაც ნაღდი ფულის სახით შეინახოს ბანკში. მაგრამ არსებობს ძალიან დიდ რაოდენობით  კაპიტალი, რომელიც არ არის სარფიანად დაბანდებული. ეს ზიანს აყენებს როგორც თავად მოსახლეობას, რომელსაც უნდა რომ თავისი ფულით იხეიროს, რომ ფული გარკვეული ფინანსური მიზნებისა და სიბერის უზურნველსაყოფად დაზოგოს, ისე იმ კომპანიებს, რომლებიც დაფინანსების წყაროს ეძებენ. როგორმე უნდა მოვახერხოთ, რომ ფეხი ავუწყოთ ინოვაციის ტემპს, გლობალური ბაზრების განვითარების ტემპს და ევროპა ხელსაყრელ პოზიციაზე დავაყენოთ. აშკარაა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ. აუცილებლად უნდა მოვძებნოთ საერთო ევროპული გამოსავალი, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ ეროვნულ ბაზრებს მივხედოთ და ცალ-ცალკე ეროვნულ დონეზე გადავჭრათ პრობლემა. ჩვენთვის აუცილებელია ძალთა გაერთიანება, რათა დავრწმუნდეთ, რომ როგორც ერთიანი ევროპა ნამდვილად შევძლებთ კონკურენციის გაწევას გლობალურ დონეზე.“

ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი:

„ახლახან კაპიტალის ბაზრების კავშირი „დანაზოგისა და ინვესტიციების კავშირად“ გადაკეთდა. რა საჭირო იყო ეს გარდაქმნა?“

ვერენა როსი, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის თავმჯდომარე: „გაჩნდა ასეთი აზრი, რომ როცა კაპიტალის ბაზრებს ახსენებ, ამას ძალიან აბსტრაქტულ, ტექნიკურად ტერმინად აღიქვამენ. მაგრამ თუკი დანაზოგს ახსენებ, ყველამ იცის რას ნიშნავს დანაზოგი. და თუკი მათ ინვესტიციად გარდაქმნას ახსენებ, ესეც კარგად ესმის ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ ზოგადად დროა ვაღიაროთ, რომ კაპიტალმაც ისევე თავისუფლად უნდა იმოძრაოს ევროკავშირის ფარგლებში, როგორც ხალხი მოძრაობს. ჩვენ არ გვაქვს საზღვრები. სადაც გინდა იქ იმუშავებ. სადაც გინდა ფულს იქ დააბანდებ. ჩვენ უნდა შევუქმნათ ინვესტორებსა და მოქალაქეებს საფუძველი იფიქრონ, რომ შეუძლიათ იქიდან აბრუნონ თავისი კაპიტალი, სადაც მოუწევთ ცხოვრება და დააბანდონ ფული, სადაც სურთ. აი ასეთი უსაზღვრო ბაზრის შექმნა უნდა იყოს ჩვენი მიზანი.“

ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „როგორ გგონიათ, ევროპა ხომ არ ჩამორჩება ამერიკას ფინანსური განათლების საკითხში?“

ვერენა როსი, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის თავმჯდომარე: „ზოგადად, ევროპაში ხალხი ცოტა უფრო ნაკლებად ერკვევა ფინანსურ საკითხებში, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ნიჭი აკლიათ, ან მეტის ცოდნა არ სურთ. ეს უფრო იმის დამსახურებაა, რომ ამერიკაში არ არსებობს მიმდინარე შენატანებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მიერ გარანტირებული საპენსიო სისტემა. ნებისმიერმა დასაქმებულმა, რომელიც სიბერეზე ზრუნავს, თავად უნდა გადაწყვიტოს კაპიტალის ბაზარზე სად  დააბანდებს ფულს. ევროპაში ეს თითქმის არავის სჭირდება. ამიტომ მჯერა, რომ ჩვენ, როგორც ევროპელებმა, კარიერის დასაწყისშივე უნდა დავუსვათ საკუთარ თავს სწორი კითხვები: მაგალითად, როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემი ფულიდან საუკეთესო მოგება მივიღო? ყოველთვიურად თუნდაც მცირე თანხა რომ დავაბანდოთ, ეს მნიშვნელოვან მოგებას მოიტანს, თუკი სწორ პროდუქტში ჩადებ თანხას, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში კარგ სარგებელს მოგცემს.“

 ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი:  „ვერენა, გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ ინვესტიციისთვის ძალიან დიდი კაპიტალია საჭირო. რას იტყვით ამაზე?“

ვერენა როსი, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის თავმჯდომარე: „როგორც ევროპის მრავალ ქვეყანაში ვნახეთ, როდესაც სწორ საკანონმდებლო ჩარჩოსა და გარემოს ქმნის, ამას აუცილებლად მოაქვს შედეგი და მართლა იცვლება ინვესტორების და კომპანიების პერსპექტივები. მაგალითად, შვედეთში 10-15 წლის წინ საპენსიო და  საგადასახადო სისტემების, ზოგადად ინვესტირებასა და დაფინანსებასთან დაკავშირებული მთლიანი ეკოსისტემის სერიოზული რეფორმა ჩაატარეს, რომელმაც ნამდვილად გაამართლა. და ახლა შვედეთში ინვესტორები გაცილებით უკეთ ერკვევიან კაპიტალის ბაზრებში, მეტად არიან ჩართული ამ სფეროში და კარგ მოგებასაც იღებენ კაპიტალის ბაზრებზე 10-15 წლის წინ განხორციელებული ინვესტიციებისგან. ამავდროულად ვხედავთ, რომ შვედეთში კაპიტალის ბაზრები საკმაოდ გამოცოცხლდა: კომპანიები შედიან კაპიტალის ბაზრებზე, რადგან იციან, რომ იქ დაინტერესებულ ინვესტორებს იპოვიან. მსგავს ტენდნეციას ვხედავთ ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, რომლებშიც  ციფრული სერვისების მიმწოდებლების მიმართ გაიზარდა ინტერესი: ხალხი 5-10 ევროს ინვესტიციას აკეთებს. ერთი სიტყვით, ძალიან მცირედითაც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება და მერე დროთა განმავლობაში კარგი შედეგი მიიღო. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ისიც, რომ კარგად იყო ინფორმირებული, სანამ გადაწვეტილებას მიიღებ, უნდა გააცნობიერო როგორია ის რისკები, ხარჯები და შესაძლებლობები, რომლებიც კაპიტალის ბაზრებზე ინვესტირებას ახლავს თან. ერთი სიტყვით, უფრო ადვილად გასაგები და მრავალფეროვანი ინფორმაცია გვჭირდება, რომ მონაცემების შედარება-გადამოწმება შევძლოთ, რაც თითოეულ ჩვენგანს საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს კაპიტალთან დაკავშირებით მონაცემებზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები.

ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი:  „ვერენა, რამდენად გაფიქრებთ ის საკითხი, რომ ე.წ. „ფინფლუენსერები“  - როგორც ფინანსურ  ბლოგერებს უწოდებენ - ასე მომრავლდნენ? ვგულისხმობ ფინანსური სფეროს ინფლუენსერებს, რომლებიც რჩევებს იძლევიან ინვესტიციებთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში?“

ვერენა როსი, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის თავმჯდომარე: „ჩვენ ყველა ვცხოვრობთ სამყაროში, რომელშიც სოციალური მედია სულ უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და ფინფლუენსერებსაც, ანუ იმ ხალხს, რომლებიც ფინანსურ საკითხებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ, ძალიან სერიოზულად შეუძლიათ დაეხმარონ ინვესტორებს ინფორმაციის მიღების კუთხით. თუმცა ჩვენი კომისია იმის შესახებაც აფრთხილებს ინვესტორებს, რომ აუცილებლად გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ ეს ბლოგერები შესაძლოა უბრალოდ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ, რომ შესაძლოა ისინი სულაც არ არიან ექსპერტები, რომ მათ რომელიღაც სპონსორი კომპანია უხდის ფულს, მაგრამ ამის გამჟღავნებას ერიდებიან. ასე რომ ვერასდროს იქნები ბოლომდე დარწმუნებული, თუ რა დგას ასეთი ტიპის რჩევისა და მოსაზრების უკან, რომელიც, სხვათა შორის, შესაძლოა სულაც მცდარი იყოს.“

ანჟელა ბარნესი, ევრონიუსი: „რასაკვირველია“.

ვერენა როსი, ევროპის ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრების კომისიის თავმჯდომარე:  „ეს უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ პირადი მოსაზრებაა. ჩვენი მხრივ, „ფინფლუენსერებსაც“ ავუხსენით, რომ უფრო ფრთხილად  მოიქცნენ სოციალურ მედიაში ფინანსურ საკითხებზე პასუხების გაცემის დროს, რათა დაიცვან ინვესტორები, მიაწოდონ სწორი რჩევა და აღმოუჩინონ შესაბამისი დახმარება. ავუხსენით, რომ ეს ყველაფერი რეგულაციების ფარგლებში უნდა გააკეთონ, რაც ქმნის გარანტიას, რომ აუდიტორია იღებს სამართლიან და გასაგებ ინფორმაციას, რომელიც არ არის დამაბნეველი.“

ავტორები: ჰანა ბრაუნი და ანჟელა ბარნესი 

დაკავშირებული ამბები
რა უშლით ხელს ევროპელებს, რომ საკუთარი კაპიტალისგან რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ? გლობალური სიმდიდრის ანგარიში: 2025 წელს ორი მილიონი ადამიანი გახდა მილიონერი