კატეგორიები

გლობალური სიმდიდრის ანგარიში: 2025 წელს ორი მილიონი ადამიანი გახდა მილიონერი

გლობალური სიმდიდრის ანგარიში: 2025 წელს ორი მილიონი ადამიანი გახდა მილიონერი
2025 წელს მსოფლიოში მდიდრების რაოდენობა 7.9%-ით გაიზარდა და 25 მილიონ 300 ათასი ადამიანი შეადგინა. საინტერესოა, სად დგას ევროპა გლობალურ დონეზე ამ კუთხით? ამ კითხვაზე პასუხი გლობალური სიმდიდრის ყოველწლიურ ანგარიშში World Wealth Report დევს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა კომპანია Capgemini-მ. ამ კომპანიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი გარეტ უილსონი ესაუბრა „ევრონიუსს.”

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „გარეტ, მოდი პირდაპირ საქმეზ ეგადავიდეთ. Capgemini-მ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა გლობალური სიმდიდრის ანგარიში World Wealth Report-ი, რომელიც მიმოიხილავს თუ როგორ არის გადანაწილებული სიმდიდრე მსოფლიოში, რამდენი მილიონერია და როგორ იქცევიან ძალიან დიდი კაპიტალის მქონე ადამიანები. გვითხარით, რა წერია ამ ანგარიშში. როგორია ძირითადი დასკვნები?“

გარეტ უილსონი, Capgemini-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:

„შტეფან, ეს Capgemini-ის მიერ შედგენილი მსოფლიოს სიმდიდრის 30-ე ანგარიშია და ერთ-ერთი ძირითადი დასკვნა ალბათ ის არის, რომ მთლიანი სიმდიდრის მოცულობაც და მდიდარი ადამაინების რაოდენობაც ზრდას განაგრძობს. ჩვენი შეფასებით, მსოფლიოს მთლიანი სიმდიდრე დაახლოებით 98 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ის 25 მილიონი ადამიანის ხელშია თავმოყრილი. თუმცა თუკი 2025 წლის მონაცემებს 2024-თან შევადარებთ, ვნახავთ, რომ ასეთი ადამინების რიცხვი ყველაზე სწრაფად გასულ წელს გაიზარდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ასე რომ ძირითადი დასკვნები ასეთია: საერთო სიმდიდრე იზრდება, ძალიან მდიდარი ხალხის რაოდენობაც იზრდება და ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება.“

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ, მაინც ვის უწოდებენ მდიდარს?“

გარეტ უილსონი, Capgemini-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი: „მაღალი შემოსავლის მქონედ მივიჩნევთ ადამიანს, რომლის საინვესტიციო აქტივების მოცულობა მილიონ დოლარს აღემატება, რაშიც არ შედის საკუთარი სახლი. ეს კატეგორია კიდევ იშლება ქვეკატეგორიებად: თუ ერთიდან 5 მილიონ დოლარამდე ქონებას ფლობ,  „კარის მეზობელ მილიონერს“ გიწოდებთ; თუ თქვენი ქონება 5-დან 30 მილიონ დოლარის ფარგლებში მერყეობს, საშუალო დონის მილიონერს გიწოდებთ, ხოლო თუ თქვენი საინვესტიციო აქტივები 30 მილიონს აღემატება, მაშინ ძალიან მდიდარი კაცი ხართ. ეს ფაქტობრივად პირამიდის მწვერვალია, შტეფან, და ასეთი მეტისმეტად მდიდარი პირები მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს შეადგენენ, თუმცა მათ ხელში მთლიანი სიმდიდრის 35%-ია თავმოყრილი.“

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „საოცარი მაჩვენებლია. და როგორ მიდის ამ ულტრა-მდიდარი ხალხის საქმე? უფრო და უფრო მდიდრდებიან?“

გარეტ უილსონი, Capgemini-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:

„ნამდვილად ასეა. ჩვენი დაკვირვებით მათი სიმდიდრის აბსოლუტური მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. გლობალურ დონეზე, ეს ზრდა 2025 წელს 2024-თან შედარებით დაახლოებით 9%-ია. გარდა ამისა, მცირე ცვლილებაც შევნიშნეთ ამ სიმდიდრის სტრუქტურაში. მეტ დაინტერესებას იჩენენ ფასიანი ქაღალდების, აქციებისა და წილების შეძენის მიმართ. ასევე შევამჩნიეთ  ფიქსირებული საშემოსავლო აქტივებით დაინტერესება და სავარაუდოდ უფრო ნაკლებად ინახავენ ნაღდ ფულს. ეს კი ძალიან საინტერესო შტრიხია, რადგან  ნაღდ ფულს უფრო კონსერვატულ აქტივად მივიჩნევთ, მაშინ როცა ვნახეთ, რომ მდიდარი ხალხი ამჯობინებს ინვესტიცია  უფრო მაღალი უკუგების მქონე ფასიან ქაღალდებსა და აქციებში ჩადოს, რომლებსაც უფრო მაღალი პოტენციური რისკებიც ახლავთ.“

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „ერთი სიტყვით უფრო მეტი მილიონერი გვყავს, რომლებიც კიდევ უფრო მდიდრდებიან. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, დანარჩენებისთვის?“

გარეტ უილსონი, Capgemini-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:

„ჩვენ ყურადღება ძირითადად ძალიან მდიდარ ადამიანებზე გავამახვილეთ, რომლებიც საკუთარი აქტივების მოცულობითა და ინვესტირების სურვილით, ჩემი აზრით, ხელს უწყობენ ზრდას. ამან კი ეკონომიკის ზრდა მთელ მსოფლიოში უნდა წაახალისოს. მიმაჩნია, რომ ასეც ხდება, თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთი საფონდო ბირჟის რეაქციას. 2024-2025 წლების შედარება აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი ზრდა იყო მრავალ ბაზარზე, ეს კი სიმდიდრის დაგროვებას უწყობს ხელს, თუმცა მეორე მხრივ რეინვესტირების შესაძლებლობებსაც ქმნის. ამ ინვესტიციებმა კი, ჩემი აზრით, გლობალურ ეკონომიკას სარგებელი უნდა მოუტანოს. და ეს მდიდარი ხალხი ამ შესაძლებლობის ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია.“

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „როგორც ვხვდები, ეს სიმდიდრე თანაბრად არ არის განაწილებული მსოფლიოში. გვითხარით, რომელ გეოგრაფიულ რეგიონებში შეამჩნიეთ განსაკუთრებული აღმავლობა?“

გარეტ უილსონი, Capgemini-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:

 „თუ ზოგადად საერთო დადებით ტენდენციაზე ვისაუბრებთ, ჩემი აზრით ამერიკაში იყო შესამჩნევი ზრდა. თუ არ ვცდები ახლა ამერიკას 8 მილიონ 700 ათასი მილიონერი ჰყავს, რაც 9%-ით აღემატება ძველ მაჩვენებელს. რაც შეეხება ევროპას, იქ მდიდარი ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 6 მილიონია, ხოლო მათი რაოდენობის ზრდის მაჩვენებლი  6%-ია. ასე რომ ამერიკასა და ევროპას შორის გარკვეული სხვაობაა. წელს ერთადერთი გამონაკლისი იყო ახლო აღმოსავლეთი. იქ მდიდრების რაოდენობა 2%-ით შემცირდა. და ჩემი აზრით, თუ კარგად დავაკვიდრებით დეტალებს, ეს სავარაუდიდ ნავთობის ფასის შემცირებას უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში. თუმცა ამერიკაშია შესამჩნევი ზრდა, ასევე ვხედავთ ზრდას ევროპაში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიც დადებით ტენდენციას ინარჩუნებს.“

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „თუ არის რამე კონკრეტული მიზეზი, რომელმაც ამერიკაში ასეთი ზრდა განაპირობა და რომელიც ხელს უწყობს, რომ ამერიკელებმა მეტი სიმდიდრე დააგროვონ?“

გარეტ უილსონი, Capgemini-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:

„ჩემი აზრით,  რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი შტეფან. და ერთი ასეთი ფაქტორია მასშტაბი. როგორც უკვე ვთქვი, ამერიკაში ძალიან მდიდარი ადამიანების რაოდენობა 8 მილიონ 700 ათასია. ამერიკის მოსახლეობა დაახლოებით ოთხჯერ აღემატება ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის მოსახლეობას. მათი ფინანსური ბაზრები და ფინანსური სისტემა წარმოუდგენლად განვითარებული და ძალიან მიმზიდველია. ვხედავთ, რამდენი კომპანია შედის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე და სარგებლობს ამერიკის ფინანსური ბაზრის უპირატესობით. ერთ-ერთი ასეთი ალბათ ყველაზე ახალი მაგალითია სფეის იქსი SpaceX. ვხედავთ ტექნოლოგიურ ინოვაციებს. სილიკონ ველი Silicon Valley და დასავლეთი სანაპირო ბოლო რამდენიმე წელია ინოვაციების ცენტრად და სამჭედლოდ მიიჩნევა, განვითარებული ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიებში ინვესტიციების სამჭედლოდ.  ამჟამდ კი, როცა ხელოვნურ ინტელექტს ასეთი დიდ მნიშვნელობა მიენიჭა, შტეფან, ყველა აღნიშნული ფაქტორი ისევ და ისევ ძალიან ხელსაყრელია ინვესტორებისთვის და შესაბამისად, ნოყიერ ნიადაგს ქმნის იმისთვის, რომ მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ.“

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „ევროპაში რომელია ყველაზე მიმზიდველი ადგილი?“

გარეტ უილსონი, Capgemini-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:

„ჩვენ ბრიუსელში ვიმყოფებით და თუ ვილაპარკებთ ბელგიაზე, როგორც ცალკე აღბეულ ქვეყანაზე, აქ გასულ წელს მდიდრების რაოდენობა დაახლოებით 9%-ით გაიზარდა, რაც კარგი მაჩვენებლია. გერმანია, თქვენი სამშობლო შტეფან, კიდევ უკეთეს  - ორნიშნა მაჩვენებლზე გავიდა. თუ არ ვცდები გერმანიაში ზრდის მაჩვენებლი კაპჯემინაის ანგარიშის (World Wealth Report) მიხედვით დაახლოებით 11%-ია.“

შტეფან გრობე, ევრონიუსი: „რას გეუბნებათ ეს მონაცემები ევროპის შესახებ?“

გარეტ უილსონი, Capgemini-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი:

„ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპორცენტო განაკვეთების კუთხით გატარებულმა პოლიტკამ აშკარად უფრო სტაბილური პირობები შექმნა ინვესტირებისთვის. გარდა ამისა, შესამჩნევია, რომ მეტ ყურადღებას უთმობენ ინოვაციებს სხვადასხვა სექტორში, მაგალითად თავდაცვაში, რომლის პროდუქციაზეც, შტეფან, სავსებით გასაგები მიზეზების გამო ძალიან გაიზარდა მოთხოვნა გარკვეული გეიპოლიტიკური პრობლემებისა და ომების ფონზე, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ვხედავთ. თუმცა ეს ფაქტორი ადგილობრივი ეკონომიკების ზრადასაც აძლევს სტიმულს. ხელს უწყობს ფასიანი ქაღალდებიდან მიღებული შემოსავლის ზრდას და საბოლოო ჯამში მდიდრების კიდევ მეტად გამდიდრებას იწვევს.“

ავტორები: ჰანა ბრაუნი და შტეფან გრობე

დაკავშირებული ამბები
გლობალური სიმდიდრის ანგარიში: 2025 წელს ორი მილიონი ადამიანი გახდა მილიონერი „ჩვენ განწირული ვართ“ - რატომ ვერ იტყვის ევროპა უარს ერთიან ბაზარზე