კატეგორიები

უკრაინის ყოველდღიურობა რუსული იერიშების ფონზე - მოსკოვის აგრესია მწვავდება

უკრაინის ყოველდღიურობა რუსული იერიშების ფონზე - მოსკოვის აგრესია მწვავდება
იმ ფონზე, როდესაც უკრაინა საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობას განიცდის, მოსკოვი ცდილობს ეს შესაძლებლობა გამოიყენოს და ახლა უკვე, ფაქტობრივად, განუწყვეტლივ მიაქვს იერიშები დედაქალაქ კიევზე.

თუკი ბოლო თვეების განმავლობაში დარტყმები ღამის განმავლობაში ძლიერდებოდა და მათ პერიოდული ხასიათი ჰქონდათ, ახლა რუსულმა მხარემ სხვა ტაქტიკა აირჩია და შეტევებისთვის სრულ დღეს იყენებს, რაშიც დრონების გარდა ჩართულია ბალისტიკური რაკეტები - ის, რისი განეიტრალებაც უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ყველაზე რთული გამოწვევაა.

ამ შეცვლილი ტაქტიკის მიუხედავად, კრემლს არ შეუცვლია აგრესიის მეთოდები - სამიზნეში კვლავ ამოღებული არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, საცხოვრებელი კვარტლები, სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები და სხვა სამოქალაქო თუ სასაწყობე ობიექტები.

ყოველდღიურად მზარდია დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი. კიევის მოსახლეობა დღეს ძირითადად მეტროპოლიტენში ატარებს, რომელსაც ახლა ნაკლებად აქვს მგზავრთა გადაყვანის ფუნქცია - მიწისქვეშა სადგურები მოქალაქეების დაცვას უზრუნველყოფს რუსული აგრესიისგან.

კიევის ოლქზე 3-4 სექტემბრის დღე-ღამის განმავლობაში განხორციელებული მასირებული იერიშების სამიზნედ იქცა Coca-Cola-ს ქარხანა. გამაგრილებელი სასმელების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიის უკრაინულმა ფილიალმა დაადასტურა თავდასხმა და განაცხადა, რომ ობიექტი თითქმის სრულადაა დამწვარი, თუმცა დროულად მოხერხდა თანამშრომლების ევაკუაცია.

გაძლიერებული რუსული დარტყმებისა და პარტნიორების მხრიდან საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდების მოლოდინში მყოფ უკრაინას ამერიკული დელეგაციისთვის საჩვენებელი ბევრი რამ ექნება.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი „უახლოეს დღეებში“ ჯერ მოსკოვს, შემდეგ კი კიევს ეწვევიან:

„ახლახან შეხვედრა გავმართე იმ გუნდთან, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებშია ჩართული. მათთან ფაქტობრივად 24/7 რეჟიმში ვართ კონტაქტზე და ახლა შეხვედრებისთვის ვემზადებით. სავარაუდო თარიღები უკვე განსაზღვრულია.

ველოდებით, რომ ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლები აქ, კიევში, ჩამოვლენ. მათ დაადასტურეს, რომ ერთი შეხვედრა მოსკოვში, მეორე კი კიევში გაიმართება. ველოდებით, რომ ეს უკანასკნელი უახლოეს დღეებში შედგება.“

ამ ნაბიჯით, მოსალოდნელია, რომ ვაშინგტონი კვლავ შეეცდება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უკრაინაში კრემლის სრულმასშტაბიანი აგრესიის მოსაგვარებლად, რამეთუ ბოლო თვეებია თეთრი სახლის ყურადღება კიევისადმი შედარებით მოდუნებულია.

უკრაინული მხარისთვის მნიშვნელოვანია, მშვიდობა მიღწეულ იქნას მტკიცე გარანტიებით, ხანგრძლივი დროითა და სამართლიანი პირობებით, ანუ იმ მოცემულობით, რომლითაც შენარჩუნებული იქნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის ყოველდღიურობა რუსული იერიშების ფონზე - მოსკოვის აგრესია მწვავდება ევროკავშირი უკრაინელი ბავშვების გატაცების თაობაზე ახალი დამატებით სანქციებს განიხილავს