კატეგორიები

თეირანი ამერიკულ ბაზებს ურტყამს, აშშ საქორწილო წვეულებაზე თავდასხმას იძიებს

თეირანი ამერიკულ ბაზებს ურტყამს, აშშ საქორწილო წვეულებაზე თავდასხმას იძიებს
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებს დაარტყა და პირობა დებს, რომ შურს იძებს საქორწილო წვეულებაზე თავდასხმის გამო, რომელშიც ვაშინგტონს ადანაშაულებს. პარალელურად ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ამბობს, რომ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი შეტაკებები, რომლებიც კვირას ამერიკული ძალების იერიშებით დაიწყო, ჩიხს, რომელშიც ექვსი თვის წინ დაწყებული ომია შესული, კიდევ უფრო აღრმავებს. ირანი კვლავ აკონტროლებს  ჰორმუზის სრუტეს, ვაშინგტონი კი ირანის პორტების ბლოკადას აგრძელებს.

ქუვეითის არმიამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ თეირანის სარაკეტო და დრონებით შეტევა მოიგერია, თუმცა თეირანის თანახმად, მან ამერიკულ ობიექტებს აჰმედ ალ-ჯაბერის საჰაერო ბაზაზე რაკეტებითა და დრონებით დაარტყა. ქუვეითმა ეს თავდასხმები „საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად“ შეაფასა.

ირანის არმიამ ისიც განაცხადა, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ალ-მინჰადის საჰაერო ბაზას დაარტყა, თუმცა აბუ-დაბის ასეთი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ამ ყველაფერს წინ ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაცის განცხადება უძღოდა სამშაბათს ღამით საქორწილო წვეყლებაზე სარაკეტო დარყმის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის დაღუპვისა და 50-ზე მეტი ადამიანის დაჭრის შესახებ.

ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ ვაშინგტონი სავარაუდო თავდასხმას იძიებს, თუმცა ირანიდან გავრცელებული ცნობების მიმართ ეჭვს გამოთქვამს.

„ირანელები ამბობენ, რომ ამ კვირის დასაწყისში საქორწილო წვეულებაზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ვიცი, რომ ცენტრალური სარდლობა ამ ფაქტს იძიებს, მაგრამ მოგაწოდეს თუ არა ინფორმაცია ამ თავდასხმის შესახებ და იყო თუ არა მას პასუხისმგებელი ამერიკის შეერთებული შტატები?“, - ჰკითხეს ჯეი დი ვენსს.

 „მხოლოდ იმის შესახებ მომაწოდეს ინფორმაცია, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მეც იგივე, საჯარო მედიაში გავრცელებული ცნობები ვნახე. ვიტყვი, რომ ირანის სახელმწიფო მედია აქამდე კონფლიქტის ამბების გაშუქებისას დიდად სანდო წყარო არ ყოფილა. ამიტომ ამის მიმართ უკიდურესად სკეპტიკურად ვარ განწყობილი. რისი თქმაც 100%-ით დარწმუნებულს შემიძლია, ისაა, რომ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისგან“ განსხვავებით, შეერთებული შტატები ბრძოლაში მშვიდობიან მოსახლეობას არასდროს ესხმის თავს. ამას არასდროს გავაკეთებთ. ეს არასდროს გაგვიკეთებია. სამწუხაროდ, ცხადია, ზოგჯერ რაღაცები ხდება. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ვფიქრობ, არ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც რამეზე მიუთითებს. ამას ვიძიებთ, რადგან, ცხადია, გვადარდებს. გვინდა ვიცოდეთ. და თუ შეცდომებს ვუშვებთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, სწორედ ეს არის დიდი განსხვავება ჩვენსა და ირანს შორის – როდესაც ჩვენი სამხედროები შეცდომებს უშვებენ, ისინი ამ შეცდომებისგან სწავლობენ, რათა უკეთესები გახდნენ. ჩვენ ამ საქმეს საფუძვლიანად ვიძიებთ“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ისიც თქვა, რომ ამერიკის შეერთეულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტს ომს არ უწოდებდა. მისი თქმით, ძირითადი საბრძოლო მოქმედებები მხოლოდ ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და ამ ვადაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხედრო შესაძლებლობების დიდი წილი გაანადგურა.

„როცა მეკითხებით, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, ასეთ კითხვას სვამთ: როდის შეწყვეტენ ირანელები გემებზე სროლას? ვფიქრობ, რეალობა ისაა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ ვიცი. ეს ირანელებს უნდა ჰკითხოთ. როდის შეწყვეტს გემებზე ირანის თავდასხმები გავლენის ქონას მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე? პასუხია, რომ ეს გავლენა ყოველდღიურად სულ უფრო უმნიშვნელოა“, - ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელმა, აჰმად ვაჰიდიმ საქორწლო წვეულებაზე თავდასხმის მსხვერპლისთვის შურისძიების პირობა დადო. „ამ ჩაგრულ მოწამეთა წმინდა სისხლი უპასუხოდ არ დარჩება“, - განაცხადა მან.

დაკავშირებული ამბები
ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნას არ გეგმავს თეირანი ამერიკულ ბაზებს ურტყამს, აშშ საქორწილო წვეულებაზე თავდასხმას იძიებს