უკრაინამ როგორც კერძო ავიაკომპანიები, ისე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის ფედერაციის თავზე ფრენებისთვის არსებული და მოსალოდნელი რისკების შესახებ.
ომში მყოფი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, გაზრდილი სამხედრო აქტივობის გამო, სამოქალაქო ბორტებისთვის რუსეთის ცა არ არის დაცული. მისივე სიტყვებით, მოსკოვი „მიზანმიმართულად უგულებელყოფს არსებულ საფრთხეებს“, რამაც ბოლო წლების განმავლობაში მგზავრებისა და სამოქალაქო ხომალდებისთვის უკვე შექმნა არაერთი რისკი, კიევი კი პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას იღებს, საერთაშორისო გადამზიდი კომპანიები და ორგანიზაციები კრემლის ნაცვლად გააფრთხილოს, რათა თავიდან იქნას აცილებული გაუთვალისწინებელი ინციდენტები.
როგორც უკრაინის პირველი დიპლომატი პლატფორმა X-ზე წერს, ომი შინ, რუსეთში ბრუნდება, ხოლო კიევი გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად იტოვებს თავდაცვის კანონიერ უფლებას.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან უკვე მიიღო პირველი ცნობები, რომ რუსული აეროპორტების მიმართულებით ფრენების შესრულებაზე უკვე თქვა უარი რამდენიმე ავიაკომპანიამ:
„ვიღებთ ინფორმაციას, რომ პირველმა ავიაკომპანიებმა უკვე დაიწყეს რუსეთის აეროპორტებში ფრენებზე უარის თქმა მას შემდეგ, რაც ჩვენ ისინი რუსეთის საჰაერო სივრცეში დრონების საფრთხის შესახებ გავაფრთხილეთ - საფრთხე, რომელიც ობიექტურად არსებობს.
ეს არის სწორი და სრულიად ლოგიკური რეაგირება არსებულ ფაქტებზე - ყველაფერზე, რაც გამოწვეულია ომით, რომლის დასრულებაც პუტინს არ სურს.
ჩვენ სიცოცხლეები უნდა დავიცვათ. უკრაინამ უკვე ოფიციალურად აცნობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორებს რუსეთის საჰაერო სივრცეში არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ.“
მისი ეს სიტყვები მოჰყვა ერთი დღით ადრე გაკეთებულ გამაფრთხილებელ განცხადებას, სადაც ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს.
ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რათა მის განცხადებას არ მისცემოდა ინტერპრეტაცია, თითქოს კიევი სამოქალაქო ავიაციის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯის გადადგმას გეგმავს. მისი თქმით, რუსულ ქალაქებში მდებარე სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული იერიშები საფრთხეს უქმნის კომერციულ ბორტებს და ამ რისკების უგულებელყოფა აღარ შეიძლება.
ფრენების თვალსაზრისით, რუსეთს მართლაც აქვს პრობლემები, რაც დასტურდება მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის აეროპორტების უკვე თითქმის ყოველდღიურად შეჩერებული მუშაობით.
ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პირველ სექტემბერს გაკეთებული გამაფრთხილებელი განცხადების შემდეგ, ავიაკომპანიების ნაწილმა, რომელიც რუსეთის ქალაქების მიმართულებით რეისებს ასრულებს, ფრენები გააუქმა ან გადაამისამართა.
მაგალითად, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტისა და ამ აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით 12 რეისის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო Pegasus-მა, ხოლო „თურქეთის ავიახაზებმა“ დროებით შეაყოვნეს დაგეგმილი ფრენები მოსკოვი-სტამბული-მოსკოვის მიმართულებაზე.
საგულისხმოა, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან - დღიდან, როდესაც კრემლმა კიევის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, სამოქალაქო ავიაციისთვის უკრაინის ცა დახურულია, თუმცა რუსეთში ფრენები არ შეწყვეტილა - გარდა იმისა, რომ ამერიკული და ევროპული ავიაკომპანიების უმრავლესობამ აგრესორი ქვეყნის მიმართულებითაც და მის თავზეც ფრენების შესრულებაზე უარი განაცხადა.
ამჟამად რუსეთის ცას, მათ შორის ტრანზიტისთვის, აქტიურად იყენებს არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, ინდოეთისა და ჩინეთის ავიაკომპანიების დიდი ნაწილი.
