ლაიფციგის აეროპორტში დრონებით თავდასხმისა და საბოტაჟის მცდელობაში დადანაშაულების, ასევე კრემლის დიპლომატიური წარმომადგენლობის დახურვის საპასუხოდ, მოსკოვში გადაწყვიტეს, რუსეთის მასშტაბით არსებული გერმანული კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრების დახურვა.
ვლადიმერ პუტინის ხელისუფლების ნაბიჯი პირველ რიგში მიმართულია გოეთეს ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომლის ფილიალებიც რუსეთის რამდენიმე ქალაქში მანამდე წარმოდგენილი იყო როგორც მოსკოვ-ბერლინის მეგობრობის სიმბოლო, მიუხედავად გამწვავებული დიპლომატიური დაძაბულობისა.
„გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს დრონი რუსეთის ფედერაციის მიერ გამოყენებულ დრონებს ჰგავდა. თუმცა, მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ ეს საბოლოო და უტყუარი დასკვნაა.
მიუხედავად ამისა, ამ ვარაუდის, მოსაზრების ან, თუ გნებავთ, ვარაუდზე დაფუძნებული ეჭვის საფუძველზე, მათ ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღეს - დაეხურათ ჩვენი გენერალური საკონსულო გერმანიაში, რომელიც ბონში მდებარეობს, და ასევე დაეხურათ ბერლინში მდებარე „რუსეთის სახლი“, რომელიც ჩვენი კულტურის ცენტრია. ის დიდი ხნის განმავლობაში იყო გერმანიასთან ჩვენი ომისშემდგომი ურთიერთობების სიმბოლო. მათ გადაწყვიტეს ამ დაწესებულებების დახურვა და იქ მომუშავე ყველა ადამიანის გაძევება.
გერმანიას მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები აქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი კულტურული ცენტრის გაძევების შემდეგ ისინი დაიხურება. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავდით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი შეგნებულად დგამენ ნაბიჯს, რომლის მნიშვნელობაც, როგორც მათთვის შეუძლებელი იყო არ გაეგოთ, მდგომარეობს იმაში, რომ ეს რუსეთის ტერიტორიაზე მათი კულტურული წარმომადგენლობის დასასრულს ნიშნავს - კულტურული წარმომადგენლობისა, რომელიც დღემდე გრძელდებოდა, მიუხედავად უკრაინასთან დაკავშირებული ყველა იმ დაძაბულობისა და ჩვენსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში არსებული მთელი არეულობისა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.
მოსკოვში ირწმუნებიან, რომ ლაიფციგის აეროპორტში აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატი არანაირად არ არის დაკავშირებული რუსულ მხარესთან და ბერლინი ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, ხოლო რუსეთისგან ცდილობს საერთაშორისო დონეზე შექმნას აგრესორის სურათი.
თავდასხმის მოწყობაში კრემლის დადანაშაულებას თავად ვლადიმერ პუტინი აბსურდულს და მტკიცებულებებისგან დაცლილს უწოდებს. ის ასევე მიიჩნევს, რომ გერმანიის კანცლერი ამ ფორმით ცდილობს დაცემული პოლიტიკური რეიტინგის გაუმჯობესებას.
გერმანია თვეების განმავლობაში იტყობინებოდა სამხედრო და სამრეწველო ობიექტების თავზე საეჭვო წარმომავლობის დრონების გამოჩენის შესახებ, თუმცა 4-5 აგვისტოს ღამეს ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში მომხდარმა ინციდენტმა განგაში გამოიწვია, რადგან იქ აღმოჩენილ დრონს ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა.
მომხდარზე საპასუხოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების შესახებ განაცხადა.
