გერმანიის მთავრობამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში 4 აგვისტოს განხორციელებული ჰიბრიდული თავდასხმის მცდელობაში დაადანაშაულა. უკრაინული თვითმფრინავის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი იპოვეს, რომელიც შემდეგ გააუვნებელყვეს.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა განაცხადა, რომ გერმანია შესაძლოა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნე გახდეს, რაც შეიძლება მოიცავდეს ჯაშუშობას, დივერსიული აქტების და დეზინფორმაციული კამპანიების მოწყობას.
„ფედერალური მთავრობა ასკვნის, რომ ლაიფციგში 4 აგვისტოს მომხდარ ჰიბრიდულ თავდასხმაზე რუსეთია პასუხისმგებელი. გამოძიება გრძელდება და მიმდინარე პროცესებში ინფორმაციის დაცვის მაღალ დონეს მოითხოვს. ჩვენ ლაიფციგის შემთხვევას იზოლირებულ ინციდენტად არ მივიჩნევთ, არამედ მას სხვა ჰიბრიდულ ქმედებებთან ერთად განვიხილავთ.“ - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა.
გერმანია თვეების განმავლობაში იტყობინებოდა სამხედრო და სამრეწველო ობიექტების თავზე საეჭვო წარმომავლობის დრონების გამოჩენის შესახებ, თუმცა 4-5 აგვისტოს ღამეს ლაიფციგ/ჰალეს აეროპორტში მომხდარმა ინციდენტმა განგაში გამოიწვია, რადგან იქ აღმოჩენილ დრონს ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდა. მომხდარზე საპასუხოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ზომების შესახებ განაცხადა.
„18 სექტემბერს დაიხურებ არუსეთის გენერალური საკონსულო ბონში. ასევე გაუქმდება კონტრაქტი, რომელიც ბერლინში რუსული კულტურის ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ევროკავშირში ჰიბრიდული თავდასხმების კონტექსტში, ჩვენ რუსეთიდან ჩამოსული პირების ახალ სიებს წარვადგენთ. ჩვენ გავაძლიერებთ რუსი ჩინოვნიკების შესვლის შემოწმებას. ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთის ჩრდილოვან ფლოტზე.“ - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული.
დობრინდტმა დასძინა, რომ გერმანია გააგრძელებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და უკრაინის მხარდაჭერას. ამასთან რუსეთის საელჩომ გერმანიაში განცხადება გაავრცელა, რომელშიც უარყოფს ბერლინის ბრალდებებს და ახალი სანქციების „შედეგებით“ იმუქრება. რუსეთის ელჩმა, სერგეი ნეჩაევმა, „კატეგორიულად უარყო ბერლინის მიერ წაყენებული ბრალდებები, როგორც დაუსაბუთებელი, აბსურდული და საღ აზრს მოკლებული.
