ბორტზე არსებულ პირობებთან დაკავშირებით კითხვების ფონზე ავიამზიდი USS Abraham Lincoln ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი და დამღლელი სამხედრო მისიის შემდეგ ტაილანდში ჩავიდა. ავიამზიდი ცხრა თვის განმავლობაში პორტში პირველად შედის.
„ლინკოლნის“ ბორტზე მყოფი 5 000 მეზღვაური და საზღვაო ქვეითი, რომელიც ომიდან ბრუნდება, ტაილანდის საკურორტო ქალაქ პატაიასკენ გაემართება.
ოთხშაბათს დილით ჟურნალისტებმა ნახეს, როგორ უახლოვდებოდა ავიამზიდი ჩონბურის პროვინციაში მდებარე ლაემ ჩაბანგის პორტს.
„ლინკოლნის“ მეთაურმა, კაპიტანმა დენ კილერმა განაცხადა, რომ 286 დღის განმავლობაში ზღვაში ყოფნის შემდეგ პორტში შესვლა ეკიპაჟს „ულამაზესი და ისტორიული ქვეყნით ტკბობის“ შესაძლებლობას მისცემს.
„აბრაამ ლინკოლნმა“ კალიფორნია 2025 წლის ნოემბერში დატოვა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მისიის შესასრულებლად გაემართა, თუმცა მოგვიანებით, ექვსი თვის წინ ამერიკის შეერთებული შტტაებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, ახლო აღმოსავლეთისკენ გადამისამართდა.
ავიამზიდზე პირობების გაუარესებისა და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების, მათ შორის თვითმკვლელობის მცდელობების შესახებ გავრცელებულ ცნობებს ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით კრიტიკა გააძლიერა.
„აბრაამ ლინკოლნის“ ბორტზე საკვების დეფიციტის, დაზიანებული წყალგაყვანილობისა და მენტალური ჯანმრთელობის კრიზისის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ დემოკრატმა კანონმდებლებმა „ლინკოლნზე“ არსებული პირობების შესასწავლად გამოძიების ჩატარება მოითხოვეს.
თუმცა დონალდ ტრამპმა ეს შეშფოთება, ისევე როგორც მოსაზრება, რომ ავიამზიდი სამხედრო მისიაზე ზედმეტად დიდხანს იმყოფებოდა, უსაფუძვლოდ მიიჩნია.
აგვისტოს შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მოქმედმა მდივანმა ჰუნგ კაომ განაცხადა, რომ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების რამდენიმე შემთხვევას შესაბამისი მკურნალობით უპასუხეს და ფატალურ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. მანვე მედია ამერიკელი „მებრძოლების მსხვერპლებად წარმოჩენაში“ დაადანაშაულა.
ავიამზიდი „ლინკოლნი“ ახლო აღმოსავლეთში USS George Washington-მა ჩაანაცვლა. იგი აქამდე იაპონიაში იმყოფებოდა.
თავის მხრივ, USS George Washington-ს უახლოეს კვირებში USS Theodore Roosevelt ჩაანაცვლებს. იგი ახლო აღმოსავლეთში სან-დიეგოდან გაემგზავრება. ამის შესახებ სამხედრო საკითხებზე მომუშავე კერძო ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ინსტიტუტი აცხადებს.
