სი ძინპინი, ვლადიმერ პუტინი, ნარენდრა მოდი, ირანის, პაკისტანის, ბელარუსის და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ლიდერები ყირგიზეთში შეიკრიბნენ. ბიშკეკი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს მასპინძლობს.
ორგანიზაცის წევრი 10 ქვეყნის პირველ პირებთან ერთად ყირგიზეთის დედაქალაქში არიან სხვა სახელმწიფოების – მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები.
სამიტის ფარგლებში ერთმანეთს უკვე შეხვდნენ რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტები. როგორც ჩინური მედია იუწყება, სი ძინპინმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო სინჰუას თანახმად, ჩინეთის ლიდერმა ისიც თქვა, რომ „საერთაშორისო ასპარეზე გაურკვეველი და არაპროგნოზირებადი ფაქტორები საგრძნობლად გაიზარდა“ და რომ ხალხის სწრაფვა მშვიდობის, განვითარებისა და თანამშრომლობისკენ კვლავ უცვლელია.
თავის მხრის პუტინმა სი ძინპინს დაუდასტურა, რომ მოსკოვი მზად არის, ჩინეთსა და რუსეთს შორის მოქმედ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს მუდმივი სახე მისცეს.
„30-დღიანი უვიზო რეჟიმი უდავოდ ხელს უწყობს სამუშაო და ჰუმანიტარულ კონტაქტებს. თქვენ ეს ინიციატივა ერთი წლის წინ წამოაყენეთ, ზუსტად ორ სექტემბერს, პეკინში ჩვენი შეხვედრისას. ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ და ეს რეჟიმი 2027 წლის ბოლომდე მოქმედებს. შედეგები კი მაშინვე გამოჩნდა – წლის პირველ ნახევარში ტურისტების ნაკადი 43 პროცენტით გაიზარდა. მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ, რომ უვიზო რეჟიმი მუდმივი გავხადოთ, თუკი ჩინური მხარე ამას შესაძლებლად და სარგებლის მომტანად მიიჩნევს“, - თქვა ვლადიმერ პუტინმა.
„შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას რეგიონული სტაბილურობის შენარჩუნებისა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი მისია აკისრია. ხვალ ჩვენ ერთად დავესწრებით შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს. ბატონო პრეზიდენტო, მოუთმენლად ველი თქვენთან და სხვა სახელმწიფოთა მეთაურებთან ერთად ორგანიზაციის სამომავლო კურსის განხილვას, კონსენსუსის ჩამოყალიბებას მისი სტაბილური და უწყვეტი პროგრესის უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო საზოგადოებაში უწყვეტი სტაბილურობის შესატანად“, - განაცხადა სი ძინპინმა.
ვლადიმერ პუტინი სამიტის ფარგლებში უკვე შეხვდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისაც. ამავდროულად, დღესვეა ჩანიშნული რუსეთის პრეზიდენტის ირანელ კოლეგასთან შეხვედრა.
დღის განმავლობაში გაიმართება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სხდომებიც.
რუსეთი, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ოთხ წელიწად-ნახევრის შემდეგაც აგრძელებს ომს, და ირანი, რომელიც უკვე ექვსი თვეა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან სამხედრო კონფლიქტშია ჩართული, სამიტს პარტნიორებთან ურთიერთობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვან პლატფორმად მიიჩნევენ.
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია 2001 წელს ჩინეთმა, რუსეთმა და ცენტრალური აზიის ოთხმა სახელმწიფომ უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ფორუმის სახით დააარსეს. ბოლო 25 წლის განმავლობაში ორგანიზაციის მასშტაბი და გავლენა გაიზარდა, თუმცა მისი მიზნები და პროგრამები კვლავ ბუნდოვანია, ცნობადობა კი – დაბალი.
ამჟამად ორგანიზაციას 10 ქვეყანა ჰყავს: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ირანი, პაკისტანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
ჩინეთი, რუსეთთან ერთად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას ისეთი ორგანიზაციების ალტერნატივად წარმოაჩენს, როგორიც, მაგალითად, „დიდი შვიდეულია“.
