რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევები სამშაბათს დილის საათებში მიიტანა. ბალისტიკური რაკეტებით დაბომბეს კიევის რკინიგზის დეპო. უკრაინის რკინიგზის ინფრომაციით იერიშების შედეგად რკინიგზის შვიდი თანამშრომელი დაიღუპა.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით რუსეთმა საჰაერო იერიშები მიიტანა კიევის სხვა რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს რაკეტებითა და დრონებით შეუტია, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი. ერთი ადამიანი დაიღუპა კიევის აღმოსავლეთით, ბორისპილში, სადაც რუსეთმა საცხოვრებელ შენობებზე მიიტანა იერიში.
მანამდე კი უკრაინის საჰაერო ძალებმა გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელეს, სადაც მოსახლეობას სიფრთხილის გამოჩენისკენ და თავშესაფრებში დარჩენინსკენ მოუწოდეს, რადგან მათი ინფორმაციით კიევისა და რეგიონის წინააღმდეგ ბალისტიკური თავდასხმის საფრთხეები არსებობდა.
მასშტაბური რუსული იერიშების განსაკუთრებით საგანგაშოა იმის ფონზე, რომ სამშაბათს 1 სექტებმბერს უკრაინაში სკოლები იხსნება. კიევის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ სკოლებს მოუწოდა, რომ მაღალი რისკის მქონე რაიონებში დიდი ღონისძიებების ჩატარებისგან თავი შეიკაონ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არ არსებობს არავითარი ნიშანი, რომ მოსკოვს ომის დასრულება სურს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით ამ თემასთან დაკავშირებით 31 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ესაუბრა. მისი თქმით ისინი ახლო მომავალში უკრაინასა და რუსეთში ვიზიტებს გეგმავენ.
„ახლახან ვესაუბრეთ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ისინი რუსეთის მხარესთან შეხვედრებისა და შესაბამისი კომუნიკაციისთვის, ასევე უკრაინაში ვიზიტისთვის ემზადებიან. ჩვენ ჩვენი პოზიციები განვიხილეთ. სტივსა და ჯარედს გავაცანი უკრაინაში არსებული ვითარება, როგორც ფრონტის ხაზზე, ისე რუსეთის თავდასხმებთან დაკავშირებით”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
გასული კვირების განმავლობაში კიევსა და მის მიმდებარე რეგიონებზე საგრძნობლად გაიზარდა რუსული საჰაერო იერიშების მასშტაბები. რუსული იერიშების სამიზნე როგორც საჯარო ისე კერძო და საცხოვრებელი შენობები გახდა, რის შედეგადაც მნიშნველოვნად გაიზარდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპულთა რაოდენობა. უკრაინის მთავრობა დასავლელ პარტნიორებს მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რადგან ბალისტიკური იერიშების წინააღმდეგ აშშ-ში წარმოებული Patriot-ის ტიპის რაკეტებია საჭირო, უკრაინა კი ამ მიმართულებით კრიტიკულ დეფიციტს განიცდის.
