ალჟირის პრეზიდენტი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვს, მოამზადონ ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელთა მიხედვითაც, ტყის ხანძრების განზრახ ჩადენისთვის ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ სასჯელის უმკაცრესი ზომის - სიკვდილით დასჯის გამოყენება გახდება შესაძლებელი.
აბდელმაჯიდ ტებუნის თქმით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე რეგიონში ტყის მასშტაბური ხანძრები მძვინვარებს და ცეცხლის ალშია გახვეული დასახლებული პუნქტები, ალჟირის ჩრდილო-აღმოსავლეთით კი, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა კატეგორიის დამწვრობით მოხვდა 54 პირი, რომელთა ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.
ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ცეცხლის 193 კერიდან 46 ისევ აქტიურია - მეხანძრეთა ძალისხმევის მიუხედავად, რომლებიც ცდილობენ, შეძლონ ხანძრის ლოკალიზება და შემდგომ მისი სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა რამდენიმე კადრი, სადაც წყაროების თანახმად, ნაჩვენები არიან ძლიერი ხანძრის შედეგად საკუთარ საცხოვრებელ სახლებში ჩარჩენილი მოქალაქეები, თუმცა ამ მასალის ავთენტურობა ჯერჯერობით არ დგინდება, შესაბამისად, ალჟირის ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური დასტურის გარეშე ამ ვიდეოკადრებით ვითარების შეფასება რთულია.
ამ ფონზე, აფრიკული სახელმწიფოს ეროვნული პოლიცია აცხადებს, რომ ტყის მასშტაბური ხანძრების გამო, სამი უმსხვილესი ავტომაგისტრალი, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებს ერთმანეთთან აკავშირებს და წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად სატრანსპორტო არტერიას, გადაკეტილია.
ტყის ხანძრები ალჟირისთვის არახალი პრობლემაა, თუმცა წლევანდელ მდგომარეობას აუარესებს ძლიერი სიცხე და ნალექების რაოდენობის ნაკლებობით გამოწვეული გვალვა.
2023 წლის ივლისში ცეცხლმა ბეჯაის რაიონში ათასობით ჰექტარი ტყე და სასოფლო-სამეურნეო ზონები გაანადგურა, ასევე იმსხვერპლა 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე.
ალჟირის ხელისუფლების თანახმად, მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის თითქმის 2 000 კერაა რეგისტრირებული, რაც მთავრობის მაღალჩინოსნებს შორის ბადებს ეჭვებს, რომ ხანძარი უმეტეს შემთხვევაში მიზანმიმართულადაა გაჩენილი.
ალჟირის პრეზიდენტის მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, აფრიკულ სახელმწიფოში გაუქმდება სიკვდილით დასჯაზე დაწესებული მორატორიუმი, რომელიც 1993 წლიდან მოქმედებს.
