კატეგორიები

ჰორმუზის სრუტეში ირანის თავდასხმებმა საზღვაო მიმოსვლა შეაფერხა

ჰორმუზის სრუტეში ირანის თავდასხმებმა საზღვაო მიმოსვლა შეაფერხა
ჰორმუზის სრუტეში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ირანის თავდასხმების ფონზე, ასობით გემი და ნავთობტანკერი ამ სტრატეგიულ წყალსატევში გადაადგილებას ვერ ახერხებს. ვინაიდან ამ მარშრუტზე მსოფლიო ნავთობის თითქმის მეხუთედი გადის, ნაოსნობის ბლოკირება სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ ენერგოუსაფრთხოებას.

ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ომანისა და ირანის სანაპიროებთან ნავთობტანკერს ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც გემის ძრავა დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ კი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ჰორმუზის სრუტეში ვითარების განმუხტვას რეგიონული ქვეყნები დიპლომატიური გზით ცდილობენ. კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანი თეირანში ჩავიდა, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის შეხვდა.

პარალელურად, გაეროსა და საერთაშორისო მედიის ცნობით, ირანმა და ომანმა დაიწყეს მუშაობა სპეციალურ გეგმაზე, რომელიც სრუტეში „დროებითი ერთობლივი სანავიგაციო დერეფნის“ შექმნას და წყლის საზღვაო ნაღმებისგან გაწმენდას ითვალისწინებს.

მხარეები ესკალაციის შემცირებასა და გემების უსაფრთხო გატარების პირობებზე მსჯელობენ.დიპლომატიურ ძალისხმევაში ჩართულია პაკისტანიც.

ისლამაბადი ცდილობს ხელი შეუწყოს შეთანხმების მიღწევას, რომელიც ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას და საერთაშორისო ნაოსნობის უსაფრთხოდ აღდგენას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, თეირანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გემების უსაფრთხო გატარება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გადამზიდი კომპანიები სრულად დაემორჩილებიან ირანის საზღვაო ძალების კონტროლსა და ინსტრუქციებს

დაკავშირებული ამბები
ჰორმუზის სრუტეში ირანის თავდასხმებმა საზღვაო მიმოსვლა შეაფერხა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი NATO-ს თავს არ დაესხმება