კატეგორიები

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი NATO-ს თავს არ დაესხმება

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი NATO-ს თავს არ დაესხმება
ჟურნალისტი: „ბატონო პრეზიდენტო, დათანხმდა ვლადიმერ პუტინი ან აიღო ვალდებულება, რომ NATO-ს ტერიტორიას თავს არ დაესხმება?

დონალდ ტრამპი: „მე მასთან კარგი საუბრები მქონდა. იგი NATO-ს ტერიტორიას არ შეუტევს.“

ჟურნალისტი: „CIA-ის დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა მისი ვიზიტისას რუსეთი გააფრთხილა, რომ NATO-ს ტერიტორიას არ დაესხას თავს?

დონალდ ტრამპი: „ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა, მაგრამ მათგან თავდასხმა არ იქნება“.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებები მედიაში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ვაშინგტონი ევროპის წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო თავდასხმის გამო შეშფოთებულია, ეწინააღმდეგება.

ეს განცხადებები CIA-ის დირექტორ ჯონ რეტკლიფის მოულოდნელ ვიზიტს მოსკოვში ორი დღის შემდეგ მოსდევს. Wall Street Journal-ისა და CBS News-ის თანახმად, მოლაპარაკებების მიზანი რუსეთის დარწმუნება იყო NATO-ს წევრებზე თავდასხმისგან თავის შეეკავებაში. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო შეფასებები მიუთითებს, რომ მოსკოვი შესაძლოა ალიანსის შესაძლებლობების გამოცდას ცდილობდეს.

„პუტინი NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმას არ აპირებს“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში. ხოლო კითხვაზე, ადასტურებდა თუ არა ინფორმაციას, რომ რეტკლიფმა რუსეთი გააფრთხილა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩინა და მიანიშნა, რომ საუბარი უკრაინას შეეხებოდა. მანვე უარყო ცნობები, თითქოს CIA-ის დირექტორმა NATO-ს ან აშშ-ის მიერ ირანზე ზეწოლის კამპანიის საკითხი წამოჭრა.

„ის იქ არის, ეს გარკვეულწილად რუტინული ვიზიტია. არ მინდა ხალხი გავაწბილო. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინასთან ომი დასრულდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში.  

გამართული მოლაპარაკებები ჩვეულებრივ მოვლენად წარმოაჩინა რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმაც. „დიახ, შეხვედრა შედგა, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია“, - განაცხადა ნარიშკინმა და განმარტა ამერიკელ კოლეგასთან სადაზვერვო სამსახურების კომპეტენციაში შემავალი რამდენიმე საკითხი განიხილა.

„დიახ, შეხვედრა შედგა, მაგრამ ამაში უჩვეულო არაფერია. ხელმძღვანელებს შორის შეხვედრები, იქნება ეს პირისპირ თუ ონლაინ ფორმატში, უბრალოდ სპეცსამსახურების საქმიანობის ნაწილია. მაგალითისთვის უნდა აღვნიშნო, რომ თითქმის ყოველ კვირას ვხვდები სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და სადაზვერვო სააგენტოების ხელმძღვანელებს.

ჯონ რეტკლიფთან შეხვედრა ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო. ჩვენ განვიხილეთ რამდენიმე საკითხი, რომლებიც სადაზვერვო სამსახურების კომპეტენციაში შედის. როგორც კარგად გესმით, სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის სფერო საკმაოდ დელიკატური და სპეციფიკურია“, - თქვა მან.

ჯონ რეტკლიფი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთს ეწვია.

დაკავშირებული ამბები
ჰორმუზის სრუტეში ირანის თავდასხმებმა საზღვაო მიმოსვლა შეაფერხა დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი NATO-ს თავს არ დაესხმება