კატეგორიები

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი: „ევროპას სურს იყოს ამერიკის მტკიცე პარტნიორი მთვარის ათვისების ირგვლივ გამართულ მარათონში“

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი: „ევროპას სურს იყოს ამერიკის მტკიცე პარტნიორი მთვარის ათვისების ირგვლივ გამართულ მარათონში“
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (European Space Agency) იტალიელი ასტრონავტი ლუკა პარმიტანო უხელმძღვანელებს მისია Artemis III-ს, რომელიც ბოლო რამდენიმე დეკადაში  NASA-ის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება მთვარეზე  დაშვებისკენ. ლუკა პარმიტანომ „ევრონიუსთან“  ისაუბრა, თუ როგორ ემზადება ამ მისიისთვის, რას ფიქრობს კოსმოსურ რბოლაზე და როგორი იქნება მისი ევროპული წვლილი ორიბტაზე.

ალიჩე კარნევალი, ევრონიუსი: „თქვენ იყავით საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი იტალიელი მეთაური, პირველი იტალიელი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა და პირველი ადამიანი, ვინც კოსმოსიდან დი-ჯეი (DJ) ჩართვა განახორციელა. ახლა კი იქნებით პირველი ევროპელი, რომელიც Artemis-ის მისიაში მიიღებს მონაწილეობას. გაიხსენეთ, ის  ზარი, როდესაც გითხრეს, რომ ასეთი მისია გელოდათ.“

ლუკა პარმიტანო, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი: „დიახ. ეს სულ ახლახან მოხდა, ამიტომ მშვენივრად მახსოვს და არა მგონია ოდესმე დამავიწყდეს ეს წუთი, რადგან ამ მისიას საერთოდ არ ველოდებოდი. არ მიფიქრია ახალ დავალებაზე. თავიდან ბოლომდე სულ სხვა საქმეზე ვიყავი კონცენტრირებული, რომელსაც იმ დროს ვასრულებდი -  ორბიტაზე  საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ეკიპაჟზე ზრუნვა მევალებოდა. ამიტომ როცა ტელეფონში (NASA-ს) ასტრონავტთა კორპუსის ხელმძღვანელის ნომერი დავინახე, მეგონა ამ საქმესთან დაკავშირებით რეკავდა და როცა ვუპასუხე, გონებით დედამიწიდან 400 კილომეტრით მაღლა ვიყავი, იქ მიმდინარე მისიაზე ვფიქრობდი. როდესაც უფროსმა მითხრა, „ლუკა, გვინდა მისია Artemis III-ს უხელმძღვანელოო“, უცებ ვერც მივხვდი რა ხდებოდა და ვთხოვე, „თუ შეიძლება გამიმეორეთ-მეთქი“.  და როცა სიტყვა-სიტყვით გამიმეორა ნათქვამი, ენა ჩამივარდა, რაც არ მჩვევია. ძალიან მადლობელი ვიყავი. მაშინვე მადლიერების გრძნობით ავივსე ასეთი შესაძლებლობა რომ მომეცა, თუმცა თან დავითრგუნე კიდეც, როდესაც გავაცნობიერე, რა ამოცანებს ისახავდა მისია და რისი გაკეთება იყო საჭირო მისი წარმატებით დასრულებისთვის.“

ალიჩე კარნევალი, ევრონიუსი: „მისია Artemis III-ის  გაშვება 2027 წელს იგეგმება. ის არ ითვალისწინებს მთვარეზე დაშვებას. ამის ნაცვლად აპარატი დედამიწის დაბალ ორბიტაზე დარჩება, რათა გამოსცადოს ის ტექნოლოგიები, რომელიც შემდგომში მთავრეზე დაჯდომისთვის იქნება საჭირო. რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისია ნასას NASA მთვარის ათვისების პროგრამისთვის?”

ლუკა პარმიტანო, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი: „მთვარეზე დაშვებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება აუცილებელია. დედამიწის ორბიტაზე იმიტომ უნდა დვარჩეთ, რომ არ ვიცით, როგორ მოიქცევა კოსმოსური ხომალდი, როდესაც ძალიან რთული მანვერის შესრულება მოუწევს, როგორიცაა მეორე ხომალდთან მიახლოება, დაახლოებისთვის აუცილებელი ოპერაციები და ორი ხომალდის შეერთება. ჯერჯერობით, არცერთ მათგანზე არ ჩატარებულა არც ცდა და არც  სიმულაციის გზით შემოწმებულა რომელიმე. ჩვენ ვთანამშრომლობთ ადამიანის მთავარეზე დაშვებისთვის საჭირო სისტემების მომწოდებლებთან, რათა ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ჩვენი სიმულაციების ერთმანეთთან გადაბმა, მაგრამ როგორი იქნება ხომალდის რეალური ქცევა - არ ვიცით. ამიტომ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული ეკიპაჟი და მეთაური. ჩვენ მანევრებს ჩავატარებთ როგორც ავტომატური, ისე მექანიკური სისტემების მეშვეობით. ავტომატური პროცესი მუდმივ კონტროლქვეშ იქნება, რადგან აქამდე არ ჩატარებულა ცდა. ეს ყველაფერი აუცილებელია, რადგან მისიის დასრულების შემდეგ უკვე გვეცოდინება, რამდენად შესაძლებელია ამ პროცედურების შესრულება და შემდეგი ეკიპაჟი უკვე უშუალოდ მთვარის ზედაპირზე დაეშვება.“

ალიჩე კარნევალი, ევრონიუსი: „NASA-მ ეს მისია შეფასა, როგორც უახლეს ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე რთული კომოსური ფრენა, როდესაც ბორტზე ადამიანიც იმყოფება. მაინც რატომ არის ეს მისია ასეთი რთული როგორც ტექნოლოგიური, ისე ადამიანური თვალსაზრისით?“

ლუკა პარმიტანო, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი:  „ტექნოლოგიური და ლოგისტიკური კუთხით სამი გასვლა გვაქვს დაგეგმილი, რომლებიც ფაქტობრივად ერთმანეთის მიყოლებით უნდა განხორციელდეს სულ სხვადასხვა ხომალდით. პირველი გაშვება Blue Origin-ის კოსმოსური ხომალდით მოხდება. ეს ერთადერთი ხომალდია, რომელსაც შეუძლია რამდენიმე დღე დაიცადოს ორბიტაზე, რაც გარკვეულ შუალედს შეგვიქმნის, რათა ამ დროს შევძლოთ ჩვენი კოსმოსური გამშვები სისტემით Orion-ის კოსმოსური ხომალდის გაშვება. რესურსების მხრივ დაახლოებით 21 დღით ვართ შეზღუდული. ასე რომ სამი კვირა გვაქვს იმისთვის, რომ გავუშვათ ხომალდი, მივუახლოვდეთ Blue Origin-ის ხომალდს და ხომალდების შეერთება შევძლოთ. ამ პროცესში ორი ასტრონავტი უნდა გადავიდეს მეორე ხომალდში, რაც ტექნოლოგიურად მართლა ძალიან რთულია. ამის მერე უნდა დავაშოროთ ხომალდები, შემოვუფრინოთ ერთმანეთს და შევამოწმოთ, ამ შეერთების შედეგად რამე ხილული ზემოქმედება ხომ არ განიცადეს ხომალდებმა. სწორედ ამ დროს მოხდება მესამე გაშვება -  SpaceX-ის ხომალდით. ისიც დედამიწის ორბიტაზე გავა და ჩვენ ისევ მოავწყობთ შეხვედრა-შეერთების ორ პროცესს, როგორც მექანიკური ისე ავტომატური სისტემების მეშვეობით. კიდევ ვიმეორებ, ეს ტექნოლოგია არასდროს გამოუცდიათ. რაც შეეხება ეკიპაჟს, ორიონის Orion ხომალდის შიდა სივრცე დაახლოებით 8-9 კუბური მეტრია. შესაბამისად, ადამიანებს დაახლოებით სამი კვირა მოუწევთ ასეთ სივიწროვეში გაატარონ. არადა ეს ხომალდი არ არის გათვლილი ასეთ ხანგრძლივ ყოფნაზე, რადგან Orion-ი ღრმა კოსმოსზეა გათვლილი, სადაც დედამიწის ორბიტისგან რადიკალურად განსხვავებული პირობებია. ასე რომ წინ დიდი ამბებია. მიმდინარეობს ინტენსიური მომზადება და ძალიან ბევრს ვფიქრობთ, თუ როგორი უნდა იყოს მისია.“

 ალიჩე კარნევალი, ევრონიუსი: „მართლაც, როგორ ემზადებით თქვენ და თქვენი ეკიპაჟის წევრები ამ გასვლისთვის?“

ლუკა პარმიტანო, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი: „ძალიან კომპლექსურ და მრავალფეროვან მომზადებას გავდივათ. ცოტა ხნის წინ წინ Pax River-ზე ვიყავით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ავიაციის მფრინავ-გამომცდელების სკოლაა. იქ   მფრინავ-გამომცდელებისა და საცდელი ფრენის  ინჟინრების უნარები გავიხსენეთ.  ორი თვითმფრინავით გავფრინდით, რათა გარკვეული ტექნიკური უნარები აღგვედგინა. ამის მერე რამდენიმე ცდა  ჩავატარეთ რეალურთან მიახლოებულ პირობებში. პირველი ცდა სპეციალურად მოწყობილ მაკეტში ჩატარდა, რომლის დროსაც სრულად მოვირგეთ აღჭურვილობა, რათა შევჩვეოდით სკაფანდრებს. შემდეგ ანდრეამ და მე ექვსსაათიანი გამოცდა გავიარეთ, რომლის დროსაც რამდენიმე ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა მოგვიხდა დედამიწაზე მყოფ ჯგუფთან ერთად. ეს სიმულაციები ზაფხულის ბოლომდე გაგრძელდება და შემოდგომაზე უკვე მიწაზე დაშვების ორ სისტემაზე ვიმუშავებთ, რათა რთული სიმუალციები გავიაროთ როგორც ხმელეთზე მომუშავე, ისე ფრენაში მოანწილე გუნდებთან ერთად.“

ალიჩე კარნევალი, ევრონიუსი: „როგორც ჩანს, მართლაც ძალიან დაკავებული ხართ. როგორც თავად ბრძანეთ ორბიტაზე NASA-ს სამ ასტრონავტთან ერთად გახვალთ. დედამიწაზე, როგორც ვიცით, ევროკავშირსა და ამერიკას შორის ბოლო დროს ძალიან დაიძაბა ურთიერთობა. ორბიტაზე როგორ არის საქმე?“

ლუკა პარმიტანო, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი:  „ეს სრულიად განსხვავებული რამ არის. ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ, რა ხდება პოლიტიკაში. ჩვენ ოპერატორები ვართ. მიჩვეული ვართ მუშაობას, როგორც ამბობენ „აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად“. ჩვენ არ გვაინტერსებს პოლიტიკური წარსული, პოლიტიკური მემკვიდრეობა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულება. ჩვენი ყურადღების მთავარი საგანია კვლევა, ტექნოლოგია და მეცნიერება. ჩვენ ვაგებთ ხიდებს და არა ბარიერებს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მთვარეზე დაბრუნების ირგვლივ გაჩაღებულ მარათონს მართლაც აქვს პოლიტიკური სარჩული, ჩვენ, როგორც ევროპელებს - ჩვენ, როგორც იტალიელებს - გვსურს, რომ ამერიკის მტკიცე პარტნიორი ვიყოთ ამ რბოლაში. ყოველი ჩვენგანი ვაცნობიერებთ, რომ საერთო მიზანი გვაქვს, რომელიც დედამიწაზე ჩვენი, კაცობრიობის ცხოვრების გაუმჯობესებას ემსახურება და სწორედ ეს არის შემდეგი ნაბიჯი. ჩვენ საერთო მიზანი გვაერთიანებს.“

ალიჩე კარნევალი, ევრონიუსი: „თქვენ კონკურენცია ახსენეთ. როგორც ვიცით, ჩინეთი და ინდოეთიც ცდილობენ მთვარეზე ასვლას. ეს ხომ არ არის გარკვეული წნეხი  Artemis-ის პროგრამისთვის, რომ აჩქარდეს?“

ლუკა პარმიტანო, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი: „ვფიქრობ, ასეა. ჩემი აზრით, ნამდვილი რებოლა მიმდინარეობს. წნეხიც არსებობს. დარწმუნებული ვარ სწორედ ამიტომ განაცხადა ნასას ადმინისტრაციამ NASA რამდენიმე თვის წინ ignition program-ის დაწყების შესახებ, რომლის მიზანიც ფრენების გახშირებაა. მაგრამ ამ წნეხს დადებითი მხარეც ახლავს - ეს არის წარმატების სურვილი და ჩვენ, როგორც ევროპელებს, საშუალება გვაქვს, რომ ამის მონაწილე ვიყოთ. ასე რომ, როგორც ევროპის კოსმოსური სააგენტოს სააგენტოს თანამშრომელს, მჯერა, რომ ეს დადებითი ნაბიჯია, რომ საქმე დაიძრა.“

ალიჩე კარნევალი, ევრონიუსი: „ NASA-ს მისია Artemis III-ის გაშვებას 2027 წლის შუაში ან წლის ბოლოს გეგმავს, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს საკმაოდ ამბიციური გრაფიკია. თქვენ რას ფიქრობთ?“

ლუკა პარმიტანო, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი: „მეც ამბიციური მგონია და  მიმაჩნია, რომ უნდა იყოს კიდეც ამბიციური. თუ რთულ მიზნებს ისახავ, ამბიციურიც უნდა იყო და ბეჯითად იშრომო. ჩვენ ისე ვემზადებით ამ მისიისთვის, რომ ის ერთ წელიწადში უნდა შედგეს. თუ ასე არ მოხდა, ამის მიზეზი ის იქნება, რომ ჩვენ ვერ მოვემზადეთ. რომ სისტემის ნაწილმა არ იმუშავა ისევე სწრაფად, როგორც გვინდოდა.“

ალიჩე კარნევალი, ევრონიუსი: „როდესაც Artemis III-ისთვის შეგარჩიეს, მხურვალე სიტყვა წარმოთქვით და განცხადეთ, რომ იტალია იყო თქვენი „ასაფრენი მოედანი“, ხოლო ევროპის კოსმოსური სააგენტო „გამშვები კოშკურა.“ რა მოგცათ იტალიამ და რას გაიტანთ ორბიტაზე, როგორც ევროპელი?

ლუკა პარმიტანო, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც 19 წლის ვიყავი, იტალიამ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო იმ ახალგაზრდა კაცში, რომელსაც ძალიან გაბედული ოცნება ჰქონდა. ამის წყალობით შევძელი იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიაში სწავლა, სადაც მივიღე არა უბრალოდ ფორმალური, არამედ პროფესიული განათლება. იტალიის სამხედრო-საჰაერო ძალებში შევიძინე ის ოსტატობა და გამოცდილება, რომელიც ძალიან გამოსადეგია დღეს ჩემს საქმიანობაში. და ზოგადად, იტალიურმა სისტემამ, რომელიც სრულიად უფასო განათლებას გულისხმობს, შემასწავლა უამრავი რამ, რომლის წყლობითაც არ შემიწყვეტია განვითარება, როგორც პიროვნებას, ექსპერტს, პროფესიონალსა და პილოტს. რაც შეეხება ევროპელობას, ეს ჩვენი დიდი მონაპოვარია. ჩემი თაობის წარმოამდგენლები ევროპელებად არ დავბადებულვართ, შემდეგ ჩამოვყალიბდით. ეს გააზრებული არჩევანი იყო. ევროპელობა იყო ჩვენი მიზანი, რომლის მიღწევაც გვსურდა. და მე თან დავატარებ ამ სწრაფვასა და ოცნებას, მტკიცედ მჯერა, რომ სწორედ ამისკენ ვისწრაფოდი პირადად მე, რომ ეს გვსურდა ჩვენ, როგორც ევროპელებს. და ჩემს ამ დამოკიდებულებას ყველას ვუზიარებ.“

ალიჩე კარნევალი, ევრონიუსი: „ყველაზე მეტად რა მოგენატრებათ ორბიტაზე?“

ლუკა პარმიტანო, ევროპული კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი: „ამ კითხვაზე პასუხი უკვე მაქვს: აბსოლუტურად არაფერი. ორბიტაზე ყოფნის დრო შეზღუდულია. ეს ყველამ ვიცით. თუნდაც გრძელვადიანი მისიების დროს, და მე საერთო ჯამში 366 დღე გამიტარებია ორბიტაზე ორი წინა მისიის დროს, ვიცით, რომ დროში შეზღუდული ვართ. რომ დრო თითქოს ნასესხებია. ამიტომ როცა ასეთ მისიაში მიდიხარ, როდესაც ასეთი პრივილეგია გაქვს, ყველაფერს მიწაზე ტოვებ და მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რა შეიძლება ორბიტაზე ყოფნისას გააკეთო. ამიტომ უკვე ვიცი, რომ ბევრი არაფერი მომენატრება. ალბათ ვიფიქრებ, დედამიწაზე დაბრუნების მერე როგორ დავლევ კარგ ყავას, მაგრამ მეტი არაფერი.“

ავტორი: ალიჩე კარნევალი 

დაკავშირებული ამბები
ევროპის კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტი: „ევროპას სურს იყოს ამერიკის მტკიცე პარტნიორი მთვარის ათვისების ირგვლივ გამართულ მარათონში“ გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრის აზრით, ევროპის ბიუჯეტის „შესაძლებლობები შეზღუდულია“