ევროპის ბიზნესის კონფედერაციის - BusinessEurope-ის ახალი პრეზიდენტი ირწმუნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს ევროპის ერთიანი ბაზარი. „თუ მომავლის იმედს არ მივცემთ, ევროპის პოლიტიკური გარემო დაზარალდება,“ - განუცხადა BusinessEurope-ის ახალმა პრეზიდენტმა მაცეი ვიტუცკიმ „ევრონიუსს.“
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „თქვენ ჯერ კიდევ ახალი ხართ ამ თანამდებობაზე, წინ უამარავი გამოწვევა გელოდებათ, თქვენ ხომ 36 ქვეყანაში მოქმედი 25 მილიონი კომპანიის წარმომადგენელი ბრძანდებით. მაინც რომელი საკითხი იჩენს თავს გამუდმებით, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის ამ წუთას და რომელთან დაკავშირებითაც ბიზნესს სურს, რომ ბრიუსელმა პოლიტიკა შეცვალოს, ან რა ცვლილებას ელოდებიან ზოგადად?“
მაცეი ვიტუცკი, BusinessEurope-ის პრეზიდენტი: „ჩემი აზრით, რაც ყველაზე მეტად აწუხებთ კომპანიებს ისევ და ისევ ენერგეტიკის საკითხია, რადგან ერთ კრიზისს მეორე მოჰყვა: ჯერ იყო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ახლა ჰორმუზის სრუტე დაემატა. ჩემი აზრით ჰორმუზის სრუტის კრიზისს ერთი დადებითი მხარეც აქვს, რადგან ძალაუნებურად ენერგეტიკულ ტრანსფორმაციისკენ გვიბიძგებს, რადგან მივხვდით, რომ აღარ შეიძლება წიაღისეულ საწვავზე ვიყოთ დამოკიდებული. ასე რომ ეს პრობლემა გავიძულებს ელექტროენერგიაზე გადავიდეთ. ასე მგონია, რომ ეკონომიკის დეკარბონიზაციაზე გადავერთეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო დროს სიცხეების შემდეგ აღარავინ დავობს, რომ გლობალური დათბობა არ ხდება და ცხადია, პლანეტა უნდა გადავარჩინოთ. თუმცა ამას ვერ შევძლებთ, თუკი აღარ გვექნება მრეწველობა და ვერ მივიღებთ შემოსავლებს, ვერ ავკრეფთ გადასახადებს, რომ გადარჩენის პროცესი დავაფინანსოთ. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი პრობელმაა. მეორე პრობლემა, რომელიც უფრო ინტელექტუალური ხასიათისაა, მაგრამ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, არის ერთიანი ბაზარი. სწორედ აქ ხედავენ კომპანიები ბარიერებს, რომლებიც უკვე 30 წელია არსებობს. და სწორედ ამ კუთხით გვმართებს სწრაფი მოქმედება, რათა ევროპელები დავარწმუნოთ, რომ ქმედითი ნაბიჯებიც იდგმება და მხოლოდ საუბრით არ შემოვიფარგლებით, იქნება ეს საუბარი მედიასთან თუ საუბარი ევროპულ საბჭოში ან ევროკომისიაში შეხვედრების დროს.“
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „მაინც რა არის საჭირო, თქვენი აზრით, ერთიანი ბაზრის განმტკიცებისთვის?“
მაცეი ვიტუცკი, BusinessEurope-ის პრეზიდენტი: „ჩემი აზრით, ახლა სწორედ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ვიცით, რა არის გამოსავალი. ერთიანი ბაზრის იდეა ხომ ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან მოდის, თუმცა ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. მაგრამ ახლა მიმდინარე საგარეო წნეხის ფონზე, იქნება ეს ამერიკასთან და ჩინეთთან არსებული პრობლემები თუ დეკარბონიზაცია, ჩვენზე - ბიზნესზე ეს წნეხი ძალიან გაიზარდა. ეს ადრეც ასე იყო, მაგრამ ახლა პოლიტიკურ ვითარებაზეც მოდის ზეწოლა. საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, როდესაც კი არ ვწუწუნებთ, არამედ გვაქვს გეგმები და ჩვენი მთავარი ფუნქცია ამ გეგმების განხორციელების ვადების დაჩქარებაა, რადგან დრო გადის - როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით. და თუ მომავლის იმედს არ მივცემთ, ევროპის პოლიტიკური გარემოც დაზარალდება.“
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „თქვენი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, როგორ გგონიათ, რატომ ვერ ახერხებენ პოლიტიკურ ლიდერები კონკურენტუნარიანობის ამაღლებას? პოლიტიკური ნება აკლიათ, თუ მართლაც ხელ-ფეხი აქვთ შეკრული?”
მაცეი ვიტუცკი, BusinessEurope-ის პრეზიდენტი: „საუბარს იმით დავიწყებ, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ვაწარმოებდი კამპანიას, რომელმაც დამარწმუნა, რომ ბიზნესგარემო ნამდვილად ფედერალისტურია იმ გაგებით, რომ მხოლოდ ერთიან ევროპას შეუძლია მსოფლიოს სხვა ზესახელმწიფოებს გაუწიოს კონკურენცია. ამიტომ ბიზნესის ლიდერები და ზოგადად ბიზნესი, BusinessEurope-ის წევრები კარგად აცნობიერებენ, რომ ცალკე ბელგიას, საფრანგეთს, გერმანიასა თუ პოლონეთს არ შეუძლია, რომ შეეჯიბროს ჩინეთს, ინდოეთსა თუ ინდონეზიას მომავალში. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს და მხარსაც დავუჭერთ, რათა 450 მილიონ ევროპელს ავუხსნათ, თუ რა პროექტებისა და სიკეთის მოცემა შეუძლია კავშირს. სხვათა შორის, ალტერნატივა უბრალოდ არც გვაქვს. თუ ჩვენი საერთო პროექტი წარმატებით არ განხორციელდა, მაშინ რა უნდა ვქნათ? ისევ კედლები შემოვავლოთ ჩვენს ქვეყნებს ირგვლივ? ვარშავა უნდა შევიდეს პეკინთან ეკონომიკურ კონკურენციაში, თუ პარიზი შეეჯიბროს ვაშინგტონს? ასე არაფერი გამოვა. მიმაჩნია, რომ თან მხარი უნდა დავუჭიროთ პოლიტიკოსებს ამ პროექტში და თან მოვთხოვოთ მოქმედება, რადგან დრო არ ითმენს. ჩვენ სწრაფად გვჭირდება შედეგი, რათა ევროპელები დავარწმუნოთ, რომ ეს მომგებიანი პროექტია.“
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „მართლაც ასეა. მაგრამ თუ გიფიქრიათ, რომ ეროვნული ინტერესები შესაძლოა გადაულახავი დაბრკოლება აღმოჩნდეს?“
მაცეი ვიტუცკი, BusinessEurope-ის პრეზიდენტი: „მე ასე არ ვფიქრობ, რადგან თუ მართლაც ასეა, უბრალოდ განწირული ვართ, მე კი გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. სწორედ ეს იყო ევროპაში ჩემი რეგიონის ძლიერი მხარე. ჯერ ერთი ის, რომ არასდროს გვაქვს სათადარიგო გეგმა. მეორეც ის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები უნდა ახსნან, რადგან თავად, მოდი ასე დავარქვათ, წამყვანი პარტიების პოლიტიკოსებმაც ბრიუსელთან დაკავშირებით იმდენი იწუწუწნეს, ჩემი აზრით სავსებით უსაფუძვლოდ, რომ თავად შეუწყეს ხელი ნეგატიური სტერეოტიპების დამკვიდრებას. ახლა უკან უნდა დავიხიოთ და კიდევ ერთხელ მოვკიდოთ ხელი ევროპულ პროექტს, რადგან სწორედ ამ გზით ხელახლა უნდა დავიმკვიდროთ ჩვენი ადგილი, რადგან ევროპას აქვს რესურსები, კაპიტალი, ჰყავს ადამიანური კაპიტალი, გვყავს კომპანიები და გვაქვს ბიზნესები, შეიძლება არც ისე მომხიბლავი, როგორიც ამერიკის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებია, მაგრამ მათ ზრდის ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ და აღჭურვილი არიან უნიკალური ტექნოლოგიებით, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან ამერიკის ციფრულ ტექნოლოგიებს.“
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „თანაც ევროპას სურს შეამციროს ჩინეთზე დამოკიდებულება. მაგრამ ჩინეთი, რა თქმა უნდა, მაინც მისი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. თქვენი აზრით, რამდენად რეალისტურია ეს სტრატეგია და ბიზნესს მეტისმეტად ბევრს ხომ არ სთხოვენ, როდესაც მოუწოდებენ დააბალანსოს პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებს შორის არსებული წინააღმდეგობა?“
მაცეი ვიტუცკი, BusinessEurope-ის პრეზიდენტი: „ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, როგორც ერთიანმა ევროპამ. ამიტომ პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივაღწიოთ კონსესუსს, ქვეყნებს ცოტა არ იყოს განსხვავებული ინტერესები აქვთ. და ამის მერე დავიწყოთ მოლაპარაკება ჩინეთთან შეთანხმების ახალ ჩარჩოზე. რადგან ჩვენ მეტისმეტად ღია ვიყავით და ძალიან ვიჩქარეთ ინდუსტრიების იქ გადატანა. ამის გამო ახლა მეტისმეტდა ვართ დამოკიდებული ჩინეთზე. ცხადია, სრულად ვერ გავწყვეტთ კავშირს, ამიტომ ზოგიერთი ინდუსტრია, უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, უნდა დაბრუნდეს ევროპაში. გარდა ამისა, იმედი გვაქვს, რომ ჩინელები ევროპაში ინვესტიციებსაც ჩადებენ, რადგან ჩვენ გვჭირდება ინვესტიციები. თუმცა ინევსტიციისა და ნაღდი ფულის გარდა, ზოგიერთი თანამედროვე ჩინური ტექნოლოგიაც გვინდა შემოვიდეს ევროპაში, მაგრამ ჩვენი პირობებით. ის, რაც ჩინეთმა გააკეთა შენჭენში 30 წლის წინ, ჩვენ ახლა უნდა გავაკეთოთ პოლონეთში, გერმანიაში, ესპანეთში, სადაც ახალი ტექნოლოგიები ჩამოვა, ოღონდ იმ პირობით, რომ დაცული იქნება სოციალური, ინტელექტუალური საკუთრებისა და ღირებულების შექმნის უფლებები. ასე რომ ორივე მხარეს ჭირდება ეს გარიგება. ჩინეთსაც ვჭირდებით, რადგან ჭარბი წარმოება აქვთ და თუ ჩვენ უეცრად ორივე მხარე დავბლოკავთ ურთიერთობას, ეს ორივე მხარეზე მტკივნეულად აისახება.“
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „რა თქმა უნდა, ევროპას სჭირდება დივერსიფიკაცია, მაგრამ სჭირდება ჩინეთიც, როგორც თქვენ ბრძანეთ. მაგრამ როგორ გგონიათ, თუ არსებობენ სხვა პარტნიორები, რომლებთანაც ევროპამ უნდა განამტკიცოს კავშირი?“
მაცეი ვიტუცკი, BusinessEurope-ის პრეზიდენტი: „უპირველეს ყოვლისა, ტრანსატლანტიკური კავშირი უნდა შეინარჩუნოს. ეს მხოლოდ ჩვენს ინტერესებში არ შედის, რათა ხელი მიგვიწვდებოდეს კოსმოსურ ხომალდებსა და ახალ ტექნოლოგიებზე. ჩვენ, როგორც ერთიანი ევროპა, ასევე ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მსხვილი პარტნიორი. ამიტომ როდესაც ციფრულ სუვერენიტეტზე ვმსჯელობთ, მხოლოდ ჩვენ კი არ გვაწუხებს, რომ გვაკლია მათი ზოგიერთი ინსტურმენტი, არამედ ამერიკელ ტექნოლოგიურ გიგანტებსაც აღელვებთ ეს, რადგან თუ უეცრად ჩვენ 100%-ით სუვერენული გავხდებით, ისინი უზარმაზარ ევროპულ ბაზარს დაკარგავენ. ახლა საკმაოდ რთულია ნდობის აღდგენაზე საუბარი, რადგან ჩემი აზრით გასულ წელს ორივე მხარეს შორის ყველაზე მეტად ნდობის პრობლემა იდგა. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ამერიკა და იმედია, ეს პროცესი სწორად წარიმართება. პარალელურად ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ სხვა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებით, რომელთა გაფორმების პროცესიც ახლა მიმდინარეობს - იქნება ეს მერკოსურის ქვეყნებთან, ინდოეთთან, ინდონეზიასთან თუ ავსტრალიასთან. ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ევროპამ მეტად გაუღოს კარი სხვა ბაზრებს.“
ანგელა ბარნესი, ევრონიუსი: „რომ შეიძლებოდეს ერთი რამის გაკეთება, რაც ხელეწიფებათ ბრიუსელში მყოფ პოლიტიკოსებს და რაც დაუყოვნებლივ გაუმარტივებდა ცხოვრებას ბიზნესს მთელ ევროპაში, ზოგადად ბიზნესის წარმოებას გაადვილებდა ევროპაში, რა შეიძლება იყოს ეს?“
მაცეი ვიტუცკი, BusinessEurope-ის პრეზიდენტი: „ჩემი აზრით, ის საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, რაც უკვე დაწყებულია და არ დავიწყოთ რაღაც „ჯადოსნური ჯოხის“ ძებნა. უკვე დაგეგმილია ერთიანი ბაზრის შექმნა - უბრალოდ ეს გეგმა ბოლომდე მივიყვანოთ. ეს მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის მოქალაქეებმა იგრძნონ ეს ცვლილება. თუ ახლა 20 დიდებულ ინიციატივაზე დავიწყებთ საუბარს, მაგრამ არ განავახორციელებთ ერთს, ორს ან სამს მაინც ამ ინიციატივებიდან, ევროპაში შესაძლოა აღარ დაგვრჩეს რეფორმის დრო. ასე რომ სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს რაც დაგეგმილია, ის პროექტები რომლებიც უკვე დევს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში, მაგალითად „ომნიბუსის“ პაკეტი.“
ავტორები: ჰანა ბრაუნი და ანგელა ბარნესი
