რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც სახელმწიფოს უფლებას აძლევს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვაზე დროებით პასუხისმგებლობა აიღოს, თუ მათი მფლობელები ვერ უზრუნველყოფენ დაცვას უკრაინული დრონების თავდასხმებისგან.
დოკუმენტი შეეხება ენერგეტიკისა და საწვავის სექტორს, სამრეწველო ობიექტებს, ასევე სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას. სახელმწიფო ობიექტის მართვაში ჩარევას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ კერძო მფლობელი მას დრონებისგან სათანადოდ ვერ დაიცავს ან თავდასხმის შემდეგ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ვერ აღადგენს.
„ჩვენ ვდგავართ დრონებით თავდასხმების აშკარა საფრთხის წინაშე. სამიზნეა კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ობიექტები, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკისა და სოციალური სფეროსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ხშირად ბიზნესის მფლობელები უსაფრთხოების, მათ შორის დრონებისგან დაცვისთვის, სათანადო ზომებს არ იღებენ“ - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
კრემლში აცხადებენ, რომ კერძო კომპანიები საკუთარი ობიექტების, მათ შორის დრონებისგან დაცვისთვის საკმარის ზომებს ხშირად არ იღებენ. რუსეთის ვიცე-პრემიერ დენის მანტუროვის განმარტებით კი, ახალი მექანიზმი კომპანიების ნაციონალიზაციას ან მესაკუთრის შეცვლას არ გულისხმობს და სახელმწიფოს ჩარევა მხოლოდ კონკრეტული უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად იქნება შესაძლებელი.
ანალიტიკოსების შეფასებით, მოსკოვი ამ გზით ცდილობს, ინფრასტრუქტურის დაცვისა და თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანის ხარჯების უფრო დიდი ნაწილი თავად კერძო კომპანიებს დააკისროს, მაშინ როცა ომის გაგრძელების ფონზე რუსეთის ბიზნესსა და ეკონომიკაზე ფინანსური წნეხი იზრდება**.**
„სახელმწიფოს არ სურს ბიუჯეტს დამატებითი ტვირთი დააწვეს არც დაზიანებული ბიზნესების აღდგენის და არც მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯები. ხელისუფლებას სურს, ეს თავად კომპანიებმა გააკეთონ. ბოლო პერიოდში აშკარად ვხედავთ ტენდენციას, როდესაც მთავრობა უსაფრთხოებისა და კონფლიქტთან დაკავშირებული ხარჯების კერძო სექტორზე გადანაწილებას ცდილობს. მაგალითად, მილიარდერები ბიუჯეტში ნებაყოფლობით შენატანებს აკეთებენ, ნავთობკომპანიებს კი აიძულებენ, ბენზინგასამართ სადგურებზე ფასები დაბალ დონეზე შეინარჩუნონ, რის გამოც მათ მოგება უმცირდებათ“ - განაცხადა Macro-Advisory Ltd.-ის საკონსულტაციო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის უიფერმა.
უკრაინული დრონების შეტევა კრემლს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ ეკონომიკური მართვის ახალ გამოწვევებს უქმნის. ახალი განკარგულებით კი მოსკოვი ომისგან გამოწვეული ფინანსური და უსაფრთხოების ტვირთის ნაწილს კერძო სექტორზე ანაწილებს და, ამავე დროს, სტრატეგიულ ობიექტებზე სახელმწიფო კონტროლის გაფართოების შესაძლებლობას ქმნის.
