კატეგორიები

მოხალისეების მიერ კანარის კუნძულებთან გადაღებული ზღვის ფლორისა და ფაუნის ფოტოები მეცნიერებს ოკეანის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლაში ეხმარება

მოხალისეების მიერ კანარის კუნძულებთან გადაღებული ზღვის ფლორისა და ფაუნის ფოტოები მეცნიერებს ოკეანის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლაში ეხმარება
ზღვის ფლორასა და ფაუნას ყოველდღე ფოტოებს უღებენ, რათა ამ გზით ოკეანის ეკოლოგიური მდგომარეობა შეამოწმონ. სწორედ ეს არის ევროკავშირის პროექტ RedPROMAR-ის მიზანი, რომელიც საზოგადოებას მოუწოდებს, რომ პროექტის პლატფორმაზე ატვირთონ კანარის კუნძულების ზღვის სანაპირო ზოლში გადაღებული ფოტოები.

ზღვის ფლორისა და ფაუნისთვის სისტემატურად ფოტოების გადაღება ოკეანის ეკოსისტემის მდგომარეობის შესწავლის ერთ-ერთი საშუალებაა. შეგიძლია წინასწარ განსაზღვრო ნებისმიერი ცვლილება და დაადგინო სტრესის ნიშანი. პროექტ  RedPROMAR-is ფარგლებში კანარის კუნძულებსა და მაკარონეზიაში წარმატებით განხორციელდა ასეთი ინციატივა: საზოგადოებას მოუწოდეს, რომ ზღვის ფლორისა და ფაუნისთვის გადაღებული ფოტოები პროექტის პლატფორმაზე ატვირთონ. შედეგად, მეცნიერებმა უკვე 5 ათასზე მეტი სახეობის კატალოგი შეადგინეს.

Euro-Divers Lanzarote-ის ყვინთვის ინსტრუქტორს დენის რაბელინგს  ყვინთვა უყვარს და რეგულარულად ტვირთავს თავის გადაღებულ ფოტოებს ამ ევროპული პროექტის ვებგვერდზე, რომელიც კანარის კუნძულების მთავრობის თანადაფინანსებითაც სარგებლობს.

„თუკი RedPROMAR-s ფოტოებს აუტვირთავ, მისი კიდევ ერთი თვალი და ყური ხდები,“ - ამბობს დენისი. „სწორედ ასე ახერხებენ ისინი იმ ახალი სახეობების აღმოჩენას, რომლებიც ამ ადგილებში ბინადრობდნენ. თუმცა ამის შესახებ არ იცოდნენ.  30 წუთის განმავლობაში დაახლოებით 20-30 სახეობა ვნახეთ, ან შეიძლება, მეტიც“.

პროექტ  RedPROMAR-ის დამსახურებით ზღვის შესახებ საკლასო ოთახშიც მსჯელობენ და მეორე მხრივ, ზღვაზე გაკვეთილებს ატარებენ. IES Yaiza-ს საშუალო სკოლის მოწაფეებს დღეს გასვლითი გაკვეთილი კუნძულ ლანსაროტეს ჩრდილოეთით მდებარე სოფელ ორსოლაში უტარდებათ. საკლასო ოთახში უკვე ისწავლეს, თუ რა გავლენა აქვს ადამიანის საქმიანობას ზღვის ეკოლოგიაზე, ჩაწერეს პოდკასტი და ახლა აკვირდებიან, თუ რომელი სახეობები ბინადრობენ ამ ადგილას.

„მოწაფეებს ავუხსენით, რომ არსებობს მეთოდი, რომელიც საშუალებას აძლევს საზოგადოებას, თავად მოწაფეების ჩათვლით, რომ ფოტო გადაუღონ განსაკუთრებულ სახეობებს და სპეციალური აპლიკაციის დახმარებით მონიშნონ, რათა მეცნიერული მონაცემების გაუმჯობესებასა და მეცნიერულ კვლევას შეუწყონ ხელი“, - განმარტავს ხუან ფრანცისკო როდრიგეს გარსია, IES Yaiza-ს სკოლის გარემოს დაცვის მასწავლებელი.

 

ეს გაკვეთილი არასდროს დაავიწყდება IES Yaiza-ს სკოლის მოწაფეს აროა მანზანო კოპელის.

 „ამ სახეობების უმეტესობაზე არაფერი გამიგია, ყოველ შემთხვევაში მათი სახელები არაფერს მეუბნება,“ -ამბობს აროა. „მაგალითად, „ზღვის ძროხა“. როდესაც რომელიმე ცხოველი მის შეწუხებას ცდილობს, იგი მელნისფერ სითხეს უშვებს მათ დასაფრთხობად. ეს მართლა საოცარია“.

ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი ორ მილიონ ევრომდეა, რომლის 85% პროცენტი ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამამ დააფინანსა, ხოლო დარჩენილი 15% - კანარის კუნძულების მთავრობამ. RedPROMAR-ი თავიდან კანარის კუნძულებით შემოიფარგლა, მერე კი თავის საქმიანობა სხვა რეგიონებზეც გაავრცელა, რომელთა შორისაცაა კაბო-ვერდე, მადეირა და აზორის კუნძულები. თითოეული ფოტო, მას შემდეგ რაც ექსპერტთა გუნდი მის გეოგრაფიულ მდებარეობას განსაზღვრავს და შეაფასებს, იმ მოზაიკის ნაწილი ხდება, რომელიც მეცნიერებს ზღვის ეკოსისტემის გაგებას უადვილებს.

 

„ამ მოზაიკის აწყობის შემდეგ ისეთი რამის დანახვა შეგვიძლია, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ ვხედავდით,“ - განმარტავს მარკ მარტინ სოლა, Gesplan-ის ზღვის ბიოლოგი და RedPROMAR-ის ტექნიკური მუშაკი. „მაგალითად, ვხედავთ დაცულ სახეობებს და უკეთ ვახერხებთ მათი გავრცელებისა და გამრავლების სეზონების შეფასებას“.

RedPROMAR-ი ადრეული განგაშის სისტემის ფუნქციასაც ასრულებს,  რომელიც ოკეანეში ცვლილებებს აფიქსირებს. ნებისმიერს შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება.

„ჩემი აზრით,  RedPromar-ი ყველასთვისაა, მათთვისაც, ვისაც ყვინთვა არ შეუძლია. ამ პროექტს მე Pokemon Go-ს თამაშს ვადარებ, შეგიძლია სხვადასხვა სახეობის შეგროვება, ოღონდ რეალურ ცხოვრებაში“, - ამბობს დენის რაბელინგი.

ავტორი: ავრორა ველესი

დაკავშირებული ამბები
მოხალისეების მიერ კანარის კუნძულებთან გადაღებული ზღვის ფლორისა და ფაუნის ფოტოები მეცნიერებს ოკეანის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლაში ეხმარება ალპები შრება - ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ევროპის მდინარეების სათავეებს სწავლობენ