კატეგორიები

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში დროებითი დერეფნის შექმნაზე მსჯელობენ

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში დროებითი დერეფნის შექმნაზე მსჯელობენ
ირანსა და ომანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ჰორმუზის სრუტის საკითხზე მსჯელობისთვის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგა თეირანში მიიღო.

ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალბუსაიდიმ და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აბას არაღჩიმ, „ეტაპობრივი მონახაზი განიხილეს, რომელსაც წინსვლისთვის პრაქტიკული და განხორციელებადი საფუძვლის შექმნა შეუძლია“. ამის შესახებ მხარეთა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ეს მონახაზი „დროებითი საერთო სანავიგაციო დერეფნის“ შექმნასა და სრუტის ნაღმებისგან გაწმენდის პროექტს მოიცავს.

განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ შემდგომი მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება „მუდმივი სანავიგაციო დერეფნისა და სრუტის სამომავლო ადმინისტრირების საკითხები, ასევე ინფორმაციის გაცვლის, საზღვაო მოძრაობის მართვისა და შესაბამისი სანავიგაციო და უსაფრთხოების სერვისების უზრუნველყოფის მექანიზმი“.

„იმედი მაქვს, ჰორმუზის სრუტეში დროებითი დერეფნის შესახებ განცხადების გაკეთებას მალე შევძლებთ“, - დაწერა ალბუსაიდიმ პლატფორმა X-ზე ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

„თეირანში კონსტრუქციული დიალოგი მქონდა ჩემს კოლეგა აბას არაღჩისთან. იმედი მაქვს, ჰორმუზის სრუტეში დროებითი დერეფნისა და უსაფრთხო ნავიგაციის აღსადგენად პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ განცხადების გაკეთებას მალე შევძლებთ. სრუტის სამომავლო მართვისა და საკითხის საბოლოოდ გადაჭრის საკითხები თავის დროზე განიხილება, ისლამაბადის მემორანდუმის მე-5 მუხლის შესაბამისად. მშვიდობისა და თანამშრომლობის, სტაბილურობისა და ნავიგაციის თავისუფლების მხარდასაჭერად რეგიონულ პარტნიორებთან მოლაპარაკებები წარიმართება“, - წერს ომანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ქაზემ ღარიბაბადიმ, სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, დროებითი მარშრუტი, რომლითაც გემები ომანის ყურიდან სპარსეთის ყურეში შევლენ, სრულად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის, ხოლო საპირისპირო მიმართულებით მიმავალი მარშრუტი როგორც ირანის, ისე ომანის ტერიტორიულ წყლებზე გავა.

ღარიბაბადის თქმით, ირანი და ომანი შემდგომ მოლაპარაკებებს 30-დან 60 დღის განმავლობაში გამართავენ.

ომანისა და ირანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა ერთი კვირის თავზე გაიმართა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ თუკი იგი თეირანისა და ვაშინგტონის მოლაპარაკებებს ჰორმუზის სრუტის საკითხზე „ხელს შეუშლიდა“, ამერიკის შეერთებული შტატები მას ძალიან ძლიერად დაარტყამდა.

უცნობია, მიიღებს თუ არა ტრამპი ირანსა და ომანს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

Show less

დაკავშირებული ამბები
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში დროებითი დერეფნის შექმნაზე მსჯელობენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე უცხოელისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს