დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საიმიგრაციო წესებს კიდევ უფრო ამკაცრებს. სახელმწიფო დეპარტამენტი დაახლოებით 200 ათასი უცხოელისთვის ამერიკის ბიზნესისა და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც შეერთებულ შტატებში დროებითი ვიზით ჩავიდნენ, შემდეგ კი ქვეყანაში დარჩენის მიზნით თავშესაფარი მოითხოვეს.
თუ გეგმა შესრულდება, ეს ამერიკის ისტორიაში ვიზების ერთდროულად გაუქმების ყველაზე მასშტაბური შემთხვევა იქნება.
სახელმწიფო დეპარტამენტი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან ერთად ადგენს იმ ადამიანების სიას, რომლებსაც ვიზა შესაძლოა გაუუქმეთ. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება შეეხება 2016-დან 2026 წლამდე გაცემულ B1 და B2 ვიზებს. B1 საქმიანი ვიზიტებისთვის გაიცემა, B2 კი ტურიზმისთვის, ოჯახის წევრების მოსანახულებლად ან სამკურნალოდ ჩასვლისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ ვიზის გაუქმება ავტომატურად დეპორტაციას არ ნიშნავს. თუ ადამიანს თავშესაფრის მოთხოვნა უკვე შეტანილი აქვს და მისი საქმე ჯერ განიხილება, ეს პროცესი გაგრძელდება, თუმცა მას ბიზნესის ან ტურისტის ვიზის სტატუსი აღარ ექნება.
ეს ტრამპის ადმინისტრაციის საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კიდევ ერთი ნაბიჯია. ხელისუფლებამ უკვე გააძლიერა ვიზის მსურველთა შემოწმება, მათ შორის სოციალური მედიის ისტორიის შესწავლა, გარკვეულ შემთხვევებში ფინანსური გარანტიის მოთხოვნა და ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება.
თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებების ნაწილი სასამართლოში გასაჩივრებულია. რამდენიმე დღის წინ ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომელიც 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებდა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგებოდა და ადმინისტრაციის უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა.
