აშშ-ის ირანს ახალი მასშტაბური სანქციების დაწესებით ემუქრება. აშშ-ის სახაზინო მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ შტატები ირანის რეჟიმის ეკონომიკას გაანადგურებს. მან ასევე პარტნიორ ქვეყნებს მოუწოდა,
თეირანთან ეკონომიკური კავშირები გაწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ მათ მიმართაც მიიღებს შესაბამის ზომებს. ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა ან სუბიექტი, რომელიც ირანს ხელს შეუწყობს ნავთობიდან მოგება ნახოს, ასევე გახდება აშშ-ს სამიზნე.
„ყველა ქვეყანა, ყველა სუბიექტი აშშ-ის სანქციებისთვის მზად უნდა იყოს. ამაზე მაღლა არავინ დგას. ჩვენ პასუხისმგებლობას ყველას დავაკისრებთ და ეს ამ რეჟიმის ეკონომიკური მოგუდვა იქნება. მეორე მხრივ, ამ რეჟიმის მცდელობა, შემწყნარებლობის სანაცვლოდ რაიმე მიიღოს, ამერიკის შეერთებული შტატების თვალში აღარ იმუშავებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ მომენტში ჩვენ ზომებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვიღებთ. დღევანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ სანქციების ახალ ტალღას იხილავთ. უნდა ელოდოთ, რომ ეს ტემპები გაგრძელდება. ასევე ველოდები, რომ ამ კვირის ბოლომდე იხილავთ მნიშვნელოვან განცხადებას ფინანსური ინსტიტუტის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.
ვაშინგტონში გამართული პრესკონფერენციისას, ჟურნალისტებმა სახაზინო მდივანს, ჩინეთის შესახებაც დაუსვეს კითხვა, შეარბილებდა თუ არა აშშ ჩინეთის მიმართ შესაძლო სანქციებს, რომ ორ უდიდეს ეკონომიკას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები შენარჩუნდეს. მოსალოდნელია, რომ აშშ ჩინეთის მიმართ მკაცრ სტრატეგიას ჯერ არ აირჩევს, რადგან ერთი თვეში ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი აშშ-ს უნდა ეწვიოს. თუმცა, ამავდროულად სკოტ ბესენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „აშშ-ის სანქციებზე მაღლა არავინ დგას“.
„გვსურს, ნათლად განვაცხადოთ, რომ აშშ-ის სანქციების მოქმედების სფეროს მიღმა არავინ დგას. თუ ისინი ხელს უწყობენ ტრანზაქციებს და იმ ეკოსისტემის ნაწილი არიან, რომელიც ირანის ნავთობს ფულად და რეპრესიების საშუალებად აქცევს, მაშინ ისინი ჩვენი სანქციების სამიზნეები გახდებიან. მიგვაჩნია, რომ ქვეყნებთან ურთიერთობის საუკეთესო გზა მშვიდი დიპლომატიაა და ყველა ქვეყანას ვესაუბრებით, რათა ჩვენი მოლოდინები გავაცნოთ. ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი, მათაც იციან, ვინ არიან. ამიტომ, როდესაც მათზე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის დარტყმას იგრძნობენ, ისინი საკუთარი თავის გარდა ვერავის დაადანაშაულებენ“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.
აშშ-ის სახაზინო მდივნის განცხადების ფონზე, ირანული ვალუტა რიალი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. 1 აშშ დოლარი ახლა 2,02 მილიონი ირანული რიალი არის, რაც ირანული ვალუტის ისტორიაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. აშშ-ის მკაცრი სანქციები თეირანზე უკვე თითქმის ხუთი ათწლეულია მოქმედებს.
