Wildberries-ის წინააღმდეგ კამპანიის შემდეგ უკრაინამ ყურადღება ონლაინგაყიდვების კიდევ ერთი კომპანიის, Ozon-ისკენ გადაიტანა.
კვირას უკრაინულმა ძალებმა ორი დღის განმავლობაში მეორედ დაარტყეს Ozon-ის ლოგისტიკურ ობიექტს - ამჯერად ქალაქ ორენბურგში.
„სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში, სადაც ჩვენი სამრეწველო ობიექტებია განთავსებული, რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - განაცხადა ორენბურგის მერმა ალბერტ იუმადილოვმა Telegram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მისივე თქმით, დრონების ნამსხვრევები Ozon-ის ლოგისტიკური კომპლექსის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ამით გამოწვეული ხანძარი კი საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლებმა სწრაფად ჩააქრეს.
უკრაინამ შაბათს რუსეთის სამარის ოლქში Ozon-ის ლოგისტიკურ ჰაბსაც შეუტია. მომხდარი როგორც კიევმა, ისე კომპანიამაც დაადასტურა.
„500-ზე მეტი თანამშრომლის ევაკუაცია რამდენიმე წუთში მოხდა“, - განაცხადა Ozon-მა და დასძინა, რომ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, ხოლო საწყობის მუშაობა განუსაზღვრელი ვადითაა შეჩერებული.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ კომპანიის წინააღმდეგ ახალი სტრატეგიის შესახებ განაცხადა. უწყების თანახმად, Ozon „ორმაგი დანიშნულების საქონელს“ ინახავს.
„მას შემდეგ, რაც უკრაინულმა დანაყოფებმა Wildberries-ის 15 უმსხვილეს ლოგისტიკურ ჰაბს დაარტყეს, ახლა Ozon-ის ჯერია“, - დაწერა სამინისტრომ სოციალურ მედიაში.
უწყება განმარტავს, რომ ამგვარი დარყმები „მტრის ლოგისტიკას არღვევს და მთლიანად რუსეთის ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება“.
პარალელურად მოსკოვი აცხადებს, რომ უკრაინის დარტყმები რუსეთს აზიანებს, თუმცა ეს იერიშები ომის მიმდინარეობას ვერ შეცვლის.
შაბათს სახელმწიფო ტელევიიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ზიანი და დანაკარგები სახეზეა, თუმცა კონფლიქტში „გარდატეხა“ არ ყოფილა.
„როგორც უკვე ვთქვი, დარტყმები გავაძლიერეთ უკრაინის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის საწარმოებზე, მათ შორის კიევში. ჩვენ დავიწყეთ პასუხის გაცემა მტრის ქმედებებზე, რომლებიც ჩვენი სამოქალაქო მრეწველობისა და ლოგისტიკის ობიექტების წინააღმდეგ არის მიმართული. კიევის რეჟიმმა ჩვენი ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება დაისახა მიზნად. რა გააკეთა მან? თავად გახსნა პანდორას ყუთი. მაშინ მიიღოს პასუხი ეკონომიკის ყველაზე მგრძნობიარე სექტორებზე, რომლებიც, სიმართლე რომ ვთქვათ, ისედაც სულს ღაფავენ.
რა თქმა უნდა, სამოქალაქო, ფაქტობრივად, დაუცველ ობიექტებზე და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები ჩვენს ქვეყანას ეკონომიკურ ზიანს აყენებს და დანაკარგებს იწვევს. ნებისმიერი ადამიანის დაკარგვა - მინდა ამას ხაზი გავუსვა - ყოველთვის ტრაგედიაა ოჯახისა და ახლობლებისთვის, და ასევე, მთელი ქვეყნისთვის.
თუმცა მაინც, მტრისთვის საბოლოო შედეგი მოლოდინის საპირისპირო აღმოჩნდა. რუსეთთან დაპირისპირებაში გარდატეხა, რა თქმა უნდა, არ მომხდარა და ვერც მოხდებოდა. კიევის რეჟიმს და მის მფარველებს არ შეუძლიათ, ვერ მიიღეს და ვერასდროს მიიღებენ რაიმე უპირატესობას.
დღეს კიევის ხელისუფლება შუამავლების მეშვეობით, რომელთა მოსაზრებებსაც, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ, ცდილობს თავი დააღწიოს შექმნილ ვითარებას, რომელიც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, თავადვე გამოიწვია. კიევის რეჟიმი ცდილობს, არ დაუშვას ამ ვითარების კატასტროფული განვითარება. და ასეთი ტენდენციები, როგორც ჩანს, შეინიშნება. ამავდროულად, წინადადებები, რომლებიც ჩვენამდე მოაქვთ, ზოგჯერ, ასე ვთქვათ, საკმაოდ ეგზოტიკური ხასიათისაა და მიუღებლად მიიჩნევა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მშვიდობაზე საუბრისთვის, მაგრამ მხოლოდ ადგილზე არსებული რეალობის საფუძველზე“, - ამბობ ვლადიმერ პუტინი.
უკრაინამ ბოლო კვირებში Wildberries-ის საწყობებზე არაერთი იერიში მიიტანა. კიევი აცხადებს, რომ პასუხია რუსეთის მიერ უკრაინულ კომპანიებზე, მათ შორის „ნოვა პოშტაზე“ დარტყმებზე.
კიევს იმედი აქვს, რომ თავდასხმები რუსეთის ეკონომიკას დააზარალებს და პუტინის სამხედრო ძალებისთვის მარაგების მიწოდებას შეაფერხებს.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ Wildberries „სამხედრო საქონლის მიწოდებაშია ჩართული“, რომ მას „რუსეთისთვის დიდი ფული“ მოაქვს და რომ კომპანიის საწყობებზე განხორციელებულმა დარტყმებმა უკვე მილიარდობით დოლარის ზიანი გამოიწვია.
