ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ ირანს „მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაცია“ ელის.
სკოტ ბესტენტი CNBC-სთან ინტერვიუში მეორადი საქნციების დაწესებით დაემუქრა იმ ქვეყნებსა და კომპანიებს, რომლებიც ირანთან საქმიან ურთიერთობას აგრძელებენ. მისი თქმით, დადგა დრო, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ მხარეს დგანან.
„ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენ წინააღმდეგ“ - ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ამბობს, რომ ამ არჩევანის წინაშე ვაშინგტონი ყველა მოკავშირეს დააყენებს.
„ჩვენ სრუტეს ვაკონტროლებთ. თქვენ ნახავდით მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ სრუტეში ენერგორესურსების დიდი რაოდენობა გადის. ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ეს პროცესი სამხრეთ მარშრუტზე გავაგრძელოთ და მგონია, რომ ნავთობის ბაზრები ამ ეკონომიკური ზეწოლის მნიშვნელობას არასწორად აღიქვამენ. ეკონომიკური ზეწოლა ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა მოკავშირეს მივმართავთ და ეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კოორდინირებული ეკონომიკური იზოლაცია იქნება. ჩვენ მათ ვეუბნებით: ან ჩვენთან ხართ, ან ჩვენს წინააღმდეგ. თქვენ გსურთ, რომ ეს მკვლელი რეჟიმი დასრულდეს. და თუ მათთან ერთად საქმის კეთებას დაიჩემებთ - იქნება ეს ფულის გადარიცხვა, მათი ნავთობის ყიდვა თუ გემიდან გემზე გადატვირთვები - მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი და მთავრობა მთელ თავის ძალასა და შესაძლებლობებს გამოიყენებს თქვენს წინააღმდეგ ზომების აღსასრულებლად.
ამიტომ დროა, ჩვენმა მოკავშირეებმა და დანარჩენმა მსოფლიომ გადაწყვეტილება მიიღონ, ჩვენ ამ მკვლელი რეჟიმის ეკონომიკას გავსრესთ და ეს მის შესაძლებლობას, ძალაუფლება თავისი მარიონეტული ძალების მეშვეობით გაავრცელოს, შეამცირებს. ეს ნიშნავს, რომ ისინი სამხედროებისთვის ხელფასების გადახდას ვეღარ შეძლებენ. ირანში თვალშისაცემი ინფლაციაა - როგორც სურსათის ფასების, ისე ზოგადი ინფლაციის კუთხით. და იცით რას ვხედავთ? უამრავ ინფორმაციას ვხედავ, რომელშიც ნათქვამია, რომ ამას შედეგი არასდროს მოჰქონდა. ამას შედეგი აქვს, რადგან ჩვენ კომბინაციას ვიყენებთ - ეს ორმაგი დარტყმაა. ბლოკადა გვაქვს და ისტორიაში ყველაზე მკაცრი სანქციები გვექნება. გეუბნებით, რომ ეს იმუშავებს. ამან ვენესუელაში მოიტანა შედეგი, როცა ბლოკადა დავაწესეთ - ახლა კუბაში, და ირანშიც იმუშავებს**.** ჩვენ ამ რეჟიმს დავანგრევთ“, - თქვა სკოტ ბესენტმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ეკონომიკური სანქციების მუქარაზე პასუხად განაცხადა**,** რომ მსგავსი, „წარუმატებელი პოლიტიკა“ ირანელებში კიდევ უფრო მტრულ განწყობას გააჩენს და ამერიკის შეერთებულ შტატებს კიდევ უფრო მეტ წარუმატებლობას მოუტანს.
ეს რამდენიმე საათში მოხდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინაააღმდეგ გამანადგურებელი ეკონომიკური ზომებით დაიმუქრა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ირანის წინააღმდეგ „უპრეცედენტო მასშტაბის ეკონომიკურ ომსა და იზოლაციას“ დაიწყებდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს მუქარები მიზნად ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოების ყურადღების გადატანას ისახავს ქვეყნის შიდა ფინანსური პრობლემებიდან.
ჩინეთი და ინდოეთი ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველები არიან, თუმცა ხაზინის მდივანს მათზე არაფერი უთქვამს.
