ომში მყოფი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ევჰენ ხმარა უხელმძღვანელებს - პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირა.
თავდაცვის უწყების ხმარასთვის ჩაბარება უახლოეს მომავალში ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნებას ფაქტობრივად გამორიცხავს.
გასულ თვეში მისი გუნდის დიდი ხნის წევრისა და ახლო მოკავშირის გათავისუფლების გამო უკრაინის პრეზიდენტი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.
კიევში ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.
ვები:
უკრაინის პარლამენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანდიდატს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა. ამ ძალიან მნიშვნელოვან პოზიციას ომში მყოფი ქვეყნის მთავრობაში გენერალ-მაიორი ევჰენ ხმარა დაიკავებს. უკრაინის უმაღესმა რადამ გადაწყვეტილება 312 ხმით მიიღო. კანონმდებლებმა კენჭი უყარეს ანდრიი სიბიჰას მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დარჩენასაც.
კენჭისყრის შემდეგ მან დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელისგან აქვს.
„ევჰენ ხმარამ სპეციალური ოპერაციების ცენტრში სამსახურის დროს დაამტკიცა, რომ ფუჭად არ საუბრობს და კარგად ესმის, რომ ოკუპანტებს ცარიელი დაპირებებით ვერ დაამარცხებ. ველი, რომ თავდაცვის სამინისტრო ჩვენი შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობების ოპერატიულ მასშტაბს გააფართოებს, უკრაინელ იარაღის მწარმოებლებთან იმუშავებს, რათა ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა უკეთ უზრუნველყოს, და ჩვენს პარტნიორებთან ერთად გააფართოებს როგორც თავდაცვით, ისე შეტევითი ოპერაციების შესაძლებლობებს.
მადლობელი ვარ პარლამენტის წევრების, რომლებმაც დღეს ხმარას თავდაცვის მინისტრად დანიშვნას მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს, და ასევე, მხარი დაუჭირეს ანდრიი სიბიჰას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას. ჩვენს დიპლომატიასაც აქვს სრულიად მკაფიო ამოცანები - ეს ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციას უკავშირდება, რამაც უკრაინას მეტი ძალა უნდა შესძინოს, მათ შორის იმ პოლიტიკური ტურბულენტობის ფონზეც, რომელშიც ევროპა შესაძლოა ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებასთან ერთად შევიდეს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თავდაცვის უწყების ხმარასთვის ჩაბარება უახლოეს მომავალში ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნებას ფაქტობრივად გამორიცხავს. წინა თვეში მისი გუნდის დიდი ხნის წევრისა და ახლო მოკავშირის გათავისუფლების გამო უკრაინის პრეზიდენტი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებამ ფედოროვის გათავისუფლებაზე უკრაინული საზოგადოების ნაწილში უკკმაყოფილება გამოიწვია. თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მისი გადაყენების შემდეგ კიევში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნების მოთხოვნით.
სამშაბათს YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ფედოროვმა კორუფციაზე, მმართველობის კრიზისსა და არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა.
