რუსეთმა ღამის განმავლობაში უკრაინაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. ამჯერად რუსეთის არმიამ უკრაინის დედაქალაქ კიევის მიმართულებით გაუშვა რაკეტები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, რასაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 30-ზე მეტი მოქალაქე. რუსეთმა 19 აგვისტოს, დღისით, საჰაერო იერიშები მიიტანა ხერსონის რეგიონზეც, რის შედეგადაც ექსვი ადამიანი დაიღპა.
რუსეთის მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ დრონების აქტიურად გამოყენება საფრთხეს უქმენის უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სამუშაოების პროცესებსაც. ამის შესახებ საუბრობს, ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე, ტომ ფლეჩერი, რომელიც სადამკვირვებლო მისიით სამხრეთ უკრაინის ქალაქ ხერსონში იმყოფებოდა.
ხერსონში მდინარე დნეპრი ფრონტის აქტიურ ხაზს წარმოადგენს - რუსული ძალები მდინარის აღმოსავლეთ ნაპირს აკონტროლებენ, უკრაინული ძალები კი დასავლეთ ნაპირს. აღმოსავლეთ სანაპიროდან, რუსეთი მშვიდობიან მოსახლეობას, ავტომობილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს კამიკაძე და სადაზვერვო დრონებით რეგულარულად ესხმის თავს. ტომ ფლეტჩერმა ხერსონში არსებულ მდგომარეობას შემზარავი უწოდა და განაცხადა, რომ სხვა ნებისმიერ ადგილთან შედარებით, რუსეთი ხერსონში ყველაზე მეტ დრონს იყენებს. მისივე თქმით, ეს ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის იმ ადამიანებამდე მისვლას ართულებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. ხერსონში ტომ ფლეტჩერმა იმ ორი მუშაკის ხსოვნას მიაგო პატივი, რომლებიც ჰუმანიტარული სამუშაოს შესრულებისას დაიღუპნენ.
„ჩვენს მუშაკებს, რომლებიც ველზე გადიან და რომლებსაც აშკარად ეტყობათ, რომ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, თავს მაინც ესხმიან. რა თქმა უნდა, ეს ჩვენ საგრძნობლად გვზღუდავს. ჰუმანიტარული სფეროს წარმომადგენლები, როგორც იცით, პლანეტის ყველაზე მამაცი ადამიანები არიან და მუშაობას აგრძელებენ. თუმცა თავს დაცულად ნამდვილად არ გრძნობენ. ეს კი დიდი გამოწვევაა, იმის გათვალისწინებით, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჰუმანიტარული მუშაკები თანამედროვე ეპოქაში. ბევრი ორგანიზაცია, რომელთა იმედიც ყველაზე მეტად გვაქვს, სწორედ ადგილობრივი პარტნიორია. უკრაინის ჰუმანიტარული ფონდის ფარგლებში ჩვენი ოპერაციების ორ მესამედზე მეტი ადგილობრივი ორგანიზაციების მეშვეობით სრულდება და სწორედ ისინი გვეუბნებიან, რომ დაცული არ არიან. ჩვენ ისეთი საფრთხეების წინაშე ვდგავართ, რომლებიც სრულიად მიუღებელია“, - ამბობს გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე, ტომ ფლეტჩერი.
წელს გაეროს უკრაინაში პრიორიტეტული რეაგირებისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი სჭირდება, მისი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ზამთარია. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და გაზის სისტემების დაზიანებამ, შესაძლოა მილიონობით უკრაინელი ზამთრის მძიმე პირობებში კვლავ დაუცველი დატოვოს.
ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს წარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია, იმ პირებს, რომლებიც ჰუმანიტარული მისიის მუშაკებზე იძალადებენ, პასუხისმგებლობა დაეკისროთ. ტომ ფლეტჩერი ამჟამად კოლეგებს უსაფრთხოების გარანტიას ვერ აძლევს და ვერ არწმუნებს, რომ მათ წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დამნაშავეებს პასუხი მოეთხოვებათ.
„იმის საფუძველზე, რასაც ვხედავ, არ შემიძლია კოლეგებს გარანტიები მივცე. იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოება პასუხისმგებელ პირებს პასუხს არ სთხოვს. ჩვენ ვერ ვხედავთ გამოძიებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ცეცხლი გახსნეს ან დრონები მართეს. მინდა, გამოძიება ჩატარდეს იმ ადამიანების მიმართაც, რომლებმაც ეს იარაღი მიაწოდეს მათ, ასევე იმათ მიმართ, ვინც ბრძანება გასცა და ვინც შექმნა სიკვდილის ეს ჯაჭვი, რომლის შედეგადაც ჩემი კოლეგები დაიღუპნენ“, - ამბობს გაეროს ჰუმანიტარულ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე, ტომ ფლეტჩერი.
ტომ ფლეტჩერის ინფორმაციით, ჰუმანიტარული ოპერაციებისთვის თანხების მოზიდვა სულ უფრო რთულდება, რადგან სახდასხვა ქვეყნის მთავრობები ხარჯებს ძირითადად თავდაცვასა და შიდა პრიორიტეტბს ახმარენ. დონორების დაფინანსების შემცირების ფონზე კი გაერომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰუმანიტარული დახმარების მისიები მნიშვნელოვნად შეამცირა. ტომ ფლეტჩერის თქმით, სხვა კრიზისებთან შედარებით, უკრაინა უკეთ ფინანსდება. პრიორიტეტული დაფინანსების საჭიროების დაახლოებით 70–75% უკვე დაფარულია. თუმცა, ჰუმანიტარული გეგმის სრულად დაფინანსების შემთხვევაშიც კი ის უკრაინის საჭიროებების მხოლოდ ნაწილს აკმაყოფილებს.
