უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი ვიდეომიმართვას ავრცელებს და კორუფციაზე, მმართველობის კრიზისსა და არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
თანამდებობიდან გადაყენებული მინისტრი აცხადებს, რომ არ შეიძლება კრემლს უფლება მიეცეს, თავად გადაწყვიტოს, თუ როდის აირჩევს უკრაინელი ხალხი საკუთარ ხელისუფლებას.
ფედოროვი ამბობს, რომ უკრაინამ უნდა იპოვოს გზა რომელიც „სრულფასოვან დემოკრატიულ პროცესს ხანგრძლივი ომის პირობებშიც აღადგენს“. ამასთან, იგი ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციის გამო აკრიტიკებს - თუმცა კონკრეტული პირების დასახელების გარეშე, და აღნიშნავს, რომ კორუფციამ უკრაინის ომის შესაძლებლობები შეასუსტა.
აქამდე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გუნდი ერთ-ერთი ყველაზე ერთგული წევრის ეს ნაბიჯი შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა გამოწვევად იქცეს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
„ჩვენ ფუნდამენტურ კითხვას უნდა ვუპასუხოთ: როგორ უნდა ფუნქციონირებდეს სახელმწიფო, თუ ომი წლების განმავლობაში გაგრძელდება? და შემდეგი კითხვა - რა მოხდება, თუკი ომი კიდევ ერთი წელს გაგრძელდება? ორს? სამს? შეიძლება რუსეთს ფაქტობრივად უფლება მიეცეს, გადაწყვიტოს, როდის შეძლებენ უკრაინელები საკუთარი ხელისუფლების ხელახლა არჩევას? დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი არის არა. არ შეიძლება დემოკრატია რუსეთის მძევალი გახდეს. ჩვენ სწორედ იმიტომ ვიბრძვით, რომ გვინდა, თავისუფალ და ევროპულ სახელმწიფოდ დავრჩეთ. ამიტომ სამართლიანი, უსაფრთხო და რეალისტური მექანიზმი უნდა ვიპოვოთ, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, სრულფასოვანი დემოკრატიული პროცესი ხანგრძლივი ომის პირობებშიც აღადგინოს.
ომის დროს კორუფცია მხოლოდ ფინანსური საკითხი არ არის. ეს ჩვენი გადარჩენასა და გამარჯვების შესაძლებლობას უკავშირდება. თავდაცვისთვის განკუთვნილი თითოეული გრივნა თავდაცვასვე უნდა მოხმარდეს. არა პირად ჯიბეს, არა პოლიტიკური გავლენის მოპოვებას, არა ვიღაცის სქემების შენარჩუნებას და არა ვიღაცის თანამდებობის შენარჩუნებას. კორუფცია მხოლოდ სიმპტომია. მთავარი პრობლემა გაცილებით ღრმაა. ჩვენ მმართველობის სისტემური კრიზისი გვაქვს.
უკრაინელები ყოველთვის უზარმაზარ ნდობას უცხადებდნენ საკუთარ ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი ომის დროს. მილიონობით ადამიანმა წარმოუდგენელი შეზღუდვები, გაჭირვება და მსხვერპლი მიიღო, რადგან ესმოდათ, რომ ქვეყანას უნდა გაეძლო. და ეს ნებისმიერ ხელისუფლებას უზარმაზარ პასუხისმგებლობას აკისრებს. რადგან საზოგადოების ნდობა იმის ლიცენზია არ არის, რომ ახსნა-განმარტების გარეშე რაც გინდა აკეთო. ეს ვალდებულებაა, რომ საზოგადოებასთან კიდევ უფრო გულწრფელი იყო.“
უკრაინის კანონმდებლობა საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარებას კრძალავს“, - ამბობს ფედოროვი.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიევის ქუჩებში ფედოროვის მხარდასაჭერად არაერთი მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკისგან თანამდებობიდან მოულოდნელად გათავისუფლებული მინისტრის პოსტზე დაბრუნებას მოითხოვენ. ბოლო პერიოდში საპროტესტო გამოსვლებმა თავდაპირველი მასშტაბი დაკარგა, თუმცა შაბათ-კვირას გამართულ მსვლელობებზე კვლავ ათასობით ადამიანი იკრიბება და ფედოროვის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვს.
