დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს და არც იგეგმება. ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირწმუნება, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა და ფუნქციონირებს“.
იგი ამის შესახებ პლატფორმა Truth Social-ზე წერს, ამბობს, რომ სრუტეში ყველა ნაღმი განეიტრალებულია და რომა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადა „სრულად ძალაში რჩება.“
მანამდე პრეზიდენტმა ამავე პლატფორმაზე რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ჰორმუზის სრუტე ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ტერიტორიად იყო მონიშნული. ამით მან კიდევ ერთხელ გაიმეორა გასულ კვირას გაკეთებული განცხადება, რომ სრუტეს შეერთებულ შტატებს დაუქვემდებარებდა.
ეს განცხადებები კი მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის პარლამენტის სპიკერმა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპაკებებში თეირანის მთავარმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე იქამდე არ არ გაიხსნება, ვიდრე ვაშინგტონი ბლოკადას არ მოხსნის და გაყინულ ირანულ აქტივებს არ გაათავისუფლებს. მოჰამედ ბაღერ ღალიბაფი ამბობს, რომ თეირანის პირობების შესრულებამდე სრუტე დახურული დარჩება. ამ პირობებს შორის კი სხვა მოთხოვნებთან ერთად ირანული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნა და გაღინული აქტივების გათავისუფლებაც არის.
„ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ვიდრე შეერთებული შტატები შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მათ შორის არ შეწყვეტს ბლოკადას, არ გაათავისუფლებს გაყინულ აქტივებს, არ მოხსნის ნავთობის სანქციებს, არ შეწყვეტს მუქარებსა და სამხედრო ოპერაციებს ყველა ფრონტზე და არ შეასრულებს სხვა პირობებს, რომლებზეც ვალდებულება აიღო, ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება.
ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ შეთანხმებით შექმნილმა შესაძლებლობა - ბლოკადის მოხსნითა და ცეცხლის შეწყვეტით - ირანს მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების აღდგენაში. ირანის ისლამური რესპუბლიკა მზად არის, მტრის მოქმედებებისა და აგრესიის მასშტაბის შესაბამისად მას იმაზე უფრო მძიმე მარცხი მიაყენეოს, ვიდრე აქამდე“, - განაცხადა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა.
ამავდროულად, სამშაბათ დილით დაუდგენელი წარმომავლობის ჭურვი მოხვდა გემს, რომელიც ჰორმუზის სრუტის გავლით ომანის სანაპიროსთან მიცურავდა. დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახურის ცნობით, დაშავდნენ ეკიპაჟის წევრები.
საზღვაო მონიტორინგის სააგენტოს გემის ან მასზე არსებული ტვირთის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია.
ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის წინააღმდეგ 28 თებერვალს დაწყებული ერთობლივი სამხედრო ოპერაციის შემდეგ თეირანმა ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ჩაკეტა. ძალაშია ამერიკის შეერთებული შტატების ბლოკადაც ირანული გემების სრუტეში გადაადგილებისთვის.
მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე, თეირანი სრუტეში გემების გადაადგილების მარშრუტზე ომანთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამბობს, რომ უკვე ერთობლივი განცხადების დეტალების შეთანხმებას ასრულებს.
ამაზე პასუხად დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბრისას განაცხადა, რომ თუ ომანი ირანთან მოლაპარაკებებში ხელს შეუშლის, ქვეყანას ძალიან ძლიერად დაარტყამს.
ჰორმუზის სრუტე ყველაზე ვიწრო მონაკვეთში დაახლოებით 35 კილომეტრის სიგანისაა და მის კონტროლში როგორც ირანი, ისე ომანიც მონაწილეობს.
მასკატი ომის მიმდინარეობისას დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს როგორც ირანთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და პროცესში ნეიტრალური შუამავლის როლს ასრულებს.
