პანათენაიკოსის სტადიონს უმასპინძლია მარათონის მორბენალებისთვის, როკვარსკვლავებისა და პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშების სპორტსმენებისთვის. მთლიანად თეთრი მარმარილოსგან აგებულ სტადიონზე საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად ტარდება სისტემატური გაწმენდითი სამუშაოები. ნაგებობა 1896 წელს პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშებისთვის ხელახლა აშენდა. ის ასევე ის ადგილია, სადაც ოლიმპიური ცეცხლის გადაცემის ცერემონია იმართება.
„კალიმარმარო გლობალური ოლიმპიური მოძრაობის უნიკალური ძეგლია, რადგან სწორედ აქ დაფუძნდა ოლიმპიური თამაშები, შემდეგ კი 1896 წელს ხელახლა დაიბადა. ეს ადგილი საჭიროებდა ყველაფრისგან გაწმენდას, რაც ამ წლების განმავლობაში დაგროვდა. ამ გზით, პანათენაიკოსის სტადიონი გამოავლენს მთელ თავის ბრწყინვალებას“. - ამბობს საბერძნეთის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ისიდოროს კუველოსი.
პროცესი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს, რადგან სტადიონი აგებულია იმავე მბზინავი მარმარილოსგან, რომელიც გამოყენებულია აკროპოლისზე. შესაბამისად, მისი გაწმენდა განსაკუთრებით დელიკატური საქმეა. დასუფთავების სამუშაოები ავლენს ისტორიულ ძეგლზე დროის შედეგებს, ამინდის პირობებსა და მილიონობით ვიზიტორის კვალს.
„დასუფთავების მიზანი არ არის ყველაფრის გათეთრება. ეს არის ზედაპირზე დაგროვილი ჭუჭყისა და ორგანული მასალის პირველი ფენების მოცილება. ასევე სარეველები და მცენარეულობა ძეგლებისთვის დიდი პრობლემაა, რადგან სარეველა იზრდება და ვრცელდება. ზოგიერთ შემთხვევაში კი ტოვებს მასალას, რომელიც მარმარილოს დალაქავებას იწვევს“. - ამბობს სიძველეთა და ხელოვნების ნიმუშების კონსერვატორი, დიმიტრის სელემისი.
სამუშაოების შედეგად სტადიონის თავდაპირველი ბრწყინვალება თანდათან აღდგება. ბოლოს და ბოლოს, სწორედ სტადიონის სუფთა თეთრმა, მბზინავმა მარმარილომ მისცა მას ცნობილი ბერძნული სახელი - კალიმარმარო, რომელიც „ლამაზ მარმარილოს“ ნიშნავს.
