ევროპაში ხანძრები უფრო მასშტაბური, სწრაფი და არაპროგნოზირებადი ხდება. თანმიმდევრულმა სითბურმა ტალღებმა და გვალვამ ტყეები და მცენარეულობა სრულად გამოაშრო. ზოგიერთი ხანძარი ახლა საკუთარი ამინდის სისტემას ქმნის. მეცნიერები ამბობენ, რომ სწორედ ეს შემთხვევა იყო საფრანგეთში გაჩენილი ბოლო ხანძრის დროს.
„ხანძარი ძალიან ინტენსიური იყო. წარმოიქმნა დიდი რაოდენობით სითბო. ჰაერი მაღლა ადიოდა და თავად ატმოსფერო ხელს უწყობდა ამ აღმავალ მოძრაობას. შემდეგ კი ხანძარმა საკუთარი ქარიშხლის ღრუბელი წარმოქმნა.“ - აცხადებს ათენის ეროვნული ობსერვატორიის უფროსი მკვლევარი, თეოდორ მ. იანაროსი
მკვლევრის თქმით, ხანძრის რისკის ამჟამინდელი პროგნოზი სრულ სურათს ვერ ასახავს, ვინაიდან უფრო მაღლა, ატმოსფეროში, არსებული პირობები ხანძრებს კიდევ უფრო საშიშს ხდის.
„ჩვენ არ განგვიხილავს ის, რასაც ატმოსფერულ მეცნიერებაში პლანეტარულ სასაზღვრო ფენას ვუწოდებთ, რომელიც ატმოსფეროს პირველი 3-5 კილომეტრია. ის, რაც ატმოსფეროს ამ პირველ 3-5 კილომეტრში ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ექსტრემალური ხანძრებისთვის, რადგან ვფიქრობთ, რომ გლობალური დათბობის პირობებში ატმოსფეროს ქვედა ნაწილი უფრო არასტაბილური, უფრო ტურბულენტური და, შესაბამისად, უფრო ხელსაყრელი გახდება ასეთი პირობების შესაქმნელად.“- აცხადებს თეოდორ მ. იანაროსი.
უფრო მაღალი ტემპერატურა, ხანგრძლივი სითბური ტალღები და ხშირი გვალვები ხანძრების გავრცელების მიზეზებია. კლიმატის ცვლილება ასეთი ექსტრემალური ხანძრების ალბათობას უფრო მეტად ზრდის.
