კატეგორიები

ტრამპის დილემა ირანთან დაკავშირებით

ტრამპის დილემა ირანთან დაკავშირებით
Copyright AP Photo

უკვე მეექვსე თვეა, მსოფლიო აკვირდება ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, სადაც 28 თებერვალს, დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო ოპერაცია ჯერაც მიმდინარეობს.

მიუხედავად საბრძოლო მოქმედებების ამჟამად მეტად პასიური ფაზისა,  ესკალაციის მაჩვენებელი ძალზედ მაღალია - ამას ცხადჰყოფს მხარეთა დიპლომატიური განცხადებები და ერთმანეთისადმი წაყენებული კატეგორიული მოთხოვნები.

კონფლიქტის 6 თვის თავზე ვითარება რადიკალურად განსხვავებულია. ვაშინგტონი და თელ-ავივი ზოგიერთ საკითხზე სხვადასხვა პოზიციას ინარჩუნებენ. დონალდ ტრამპი რთულ მდგომარეობაშია - მისი თავდაპირველი დაპირება, რომ სამხედრო ოპერაცია მხოლოდ „რამდენიმე კვირას“ გაგრძელდებოდა, ვერ შესრულდა. შტატებმა ომში, რომელიც ამერიკელებს შორის არაპოპულარულია, 37 მილიარდ 500 მილიონი დოლარი დახარჯეს და ეს რიცხვიც არ არის საბოლოო, რადგან პიტ ჰეგსეტმა ის რამდენიმე კვირის წინ გაასაჯაროვა.

თეთრი სახლის ლიდერი დილემის წინაშეა - მას ან ირანსა და ომანს შორის დროებითი შეთანხმების მიღება მოუწევს, რომელიც თეირანს მისცემს საშუალებას, დაამყაროს კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე, რაც ომამდე არასდროს ქონია, ან შეასრულოს დაპირება ისლამური ქვეყნის წინააღმდეგ მძლავრი და „მანამდე არნახული“ იერიშების მიტანის შესახებ, რაც უფრო გაამწვავებს არსებულ კრიზისს.

ანალიტიკოსების თქმით, მოვლენათა განვითარების პირველი სცენარი ირანისთვის იქნება უდიდესი დათმობა და თეირანს მისცემს შესაძლებლობას, თავი სტრატეგიულად გამარჯვებულად გამოაცხადოს, მით უმეტეს, როცა ტრამპი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ჰორმუზის სრუტეზე კონტროლი ისლამური ქვეყნის ხელში გადასულიყო.

მეორე მხრივ, უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, მძლავრი იერიშების განახლება დონალდ ტრამპისთვის პოლიტიკურად წამგებიანია. შტატებში ნოემბრის შუალედური არჩევნებისთვის ემზადებიან, „რესპუბლიკელებისადმი“ კი საზოგადოებრივი უკმაყოფილება მწვავდება გაზრდილი ფასების გამო, მათ შორის საწვავზე.

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც დონალდ ტრამპს მაგიდაზე ვარიანტების დიდი მრავალფეროვნება არ აქვს.

კონფლიქტის გახანგრძლივებასთან ერთად, ტრამპის ხმამაღალმა განცხადებებმა პრაქტიკულად ვერ მოახდინა გავლენა, რომ ირანი დათმობებზე წასულიყო. ანალიტიკოსების თქმით, სულ უფრო იზრდება ალბათობა იმაზე, რომ ყველაზე დიდ კომპრომისებზე წასვლა თავად შტატების პრეზიდენტს მოუწევს.

სრუტის გახსნა განიხილება როგორც ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების განახლების აუცილებელი პირობა. ტრამპის ადმინისტრაციას სურს, რომ მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე იყოს ფოკუსირებული, რომელიც პრეზიდენტის მიერ დაწყებული სამხედრო კამპანიის მთავარ დეკლარირებულ მიზანს წარმოადგენს.

ამასთანავე, მიმდინარე კვირაში ირანმა საჯაროდ გამოაცხადა იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც შტატებმა უნდა შეასრულონ, რათა სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს. მათ შორისაა უარის თქმა თეირანთან მუქარის ენაზე საუბარსა და ერის სიწმინდეების შეურაცხყოფაზე. ისლამური ქვეყანა მითხოვს ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ომი მის და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ლიბანში, პალესტინაში, იემენსა და ერაყში.

თეირანის მოთხოვნებიდან მესამე პუნქტი გულისხმობს საზღვაო ბლოკადის გაუქმებასა და რეგიონიდან ამერიკული საზღვაო და საჰაერო ძალების გაყვანას, ამასთან სხვა პუნქტებში ისლამური ქვეყანა მოითხოვს 2025 წლის 12-დღიანი ომისა და ამჟამინდელი ომის ფარგლებში მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, მძიმე სანქციების მოხსნას ირანელი ხალხის წინააღმდეგ და ყველა გაყინული აქტივის გადაცემას რესპუბლიკისთვის.

საპასუხოდ, ვაშინგტონი აცხადებს, რომ ხელში ბევრი და წონადი ბერკეტი აქვს, რასაც ანალიტიკოსები სკეპტიკურად უყურებენ.

დაკავშირებული ამბები
ტრამპის დილემა ირანთან დაკავშირებით რუსეთის მორიგი ულტიმატუმი სომხეთს - მოსკოვი ერევნისგან რეფერენდუმს მოითხოვს