კატეგორიები

შვედეთი 14 წელს მიღწეულ პირებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს

შვედეთი 14 წელს მიღწეულ პირებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს
Copyright AP Photo

შვედეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას 14 წელს მიღწეული პირებისთვის.

სკანდინავიური ქვეყნის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ხელისუფლებამ, რომელიც სექტემბერში ჩასატარებელი არჩევნებისთვის ემზადება, პირობას დებს, რომ მტკიცედ დაუპირისპირება ყველა სახის კანონდარღვევასა და დანაშაულს.

სტოკჰოლმი უკვე ათ წელზე მეტია, ებრძვის კრიმინალურ დაჯგუფებებსა და მათ შორის გაჩაღებულ ომს, რომლის მიზანიც არის ნარკობაზარზე კონტროლის დამყარება - შვედი სამართალდამცავების მიზანი კი არის ამ ბაზრის სრულად ამოძირკვაც.

სკანდინავიური ქვეყნის ხელისუფლების მონაცემებით, დანაშაულებრივი დაჯგუფებები, რომელთა რაოდენობა 2022 წლიდან გაიზარდა, სულ უფრო ხშირად ცდილობენ ბავშვებისა და მოზარდების გადაბირებას და მათ იძულებას, ჩაიდინონ სხვადასხვა სახის კანონდარღვევა, რადგან კარგად იციან, რომ არასრულწლოვანთა დაკავების შემთხვევაში, მათზე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ვერ დაწესდება და მათ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლებენ.

როგორც შვედეთის მთავრობაში ამბობენ, კრიმინალური დაჯგუფებები ბავშვებსა და მოზარდებს სხვადასხვა დანაშაულებრივ სქემაში, მათ შორის ნარკოვაჭრობასა და სერიულ მკვლელობაში რთავენ - ამის აღსაკვეთად კი მხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებისთვის საჭირო ასაკის დაწევა არასაკმარისია.

სტოკჰოლმში გეგმავენ ელექტრონული სამაჯურების დამაგრებას იმ ბავშვებისთვის, რომლებიც დანაშაულებრივი დაჯგუფებების მხრიდან გადაბირებისადმი მოწყვლადები არიან. მიზანი არის მათი ადგილმდებარეობის გაკონტროლება, თუმცა ისე, რომ არ დაირღვეს მათი უფლებები.

გასულ წელს აღიძრა 52 ე.წ. „ბავშვის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული საქმე“ - ეს არის სამართლებრივი პროცესი, რომლის ფარგლებში სასამართლო ადგენს, არის თუ არა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი ბავშვი დამნაშავე, თუმცა მას სასჯელს არ აკისრებს.

სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ასაკი აქამდე 15 წელი იყო. კანონმდებლები გეგმავდნენ მის 13 წლამდე დაწევას, თუმცა ამისთვის საკმარისი ხმები ვერ მოიპოვეს და, ამავდროულად, უარი თქვეს ამ ნაბიჯის გადადგმაზე ბავშვთა და მოზარდთა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების რჩევების საფუძველზე.

დაკავშირებული ამბები
შვედეთი 14 წელს მიღწეულ პირებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს შვედეთი უკრაინას რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაკავებულ გემს გადასცემს