კატეგორიები

თეთრი სახლის პრესმდივანი თანამდებობას ტოვებს

თეთრი სახლის პრესმდივანი თანამდებობას ტოვებს
თეთრი სახლის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრესმდივანი, რომელსაც დონალდ ტრამპი თავის „ერთ-ერთ ყველაზე ნდობით აღჭურვილ დამხმარეს“ უწოდებს, თანამდებობას ტოვებს.

ქეროლაინ ლევიტი უფლებამოსილებას მემკვიდრეს ოფიციალურად თვის ბოლოს გადააბარებს. შეერთებული შტატების „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა, რომლის თეთრ სახლში პირველი ვადით ყოფნისას ლევიტი მისი პირადი პრესსპიკერი იყო, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული და უკავშირდება ოჯახთან მეტი დროის გატარების სურვილს, რასაც, როგორც დონალდ ტრამპი ამბობს, „პატივს სცემს“.

მისივე თქმით, ქეროლაინ ლევიტი მისი ადმინისტრაციის ჭეშმარიტი ლიდერი იყო და 2018 წლიდან ბრწყინვალე სამუშაო გასწია სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, მათ შორის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმართულებით.

როგორც ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობიდან მიმავალი ლევიტი გახდება მისი „გავლენიანი და საგარეო მრჩეველი „რესპუბლიკური პარტიის“ შიგნით, რადგან მიზანია დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შუალედურ არჩევნებზე“.

ბოლო წლების განმავლობაში ქეროლაინ ლევიტი იქცა შტატების 45-ე და 47-ე პრეზიდენტის პოლიტიკური კამპანიის - „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული“ (MAGA) ერთ-ერთ ყველაზე შესამჩნევ სახედაც. ის აქტიურად იცავდა დონალდ ტრამპის ნაბიჯებს და ხშირად, კონფრონტაციულ პრესკონფერენციებზეც კი მედიის წარმომადგენლებს ხისტად და დამაჯერებლად სცემდა პასუხს იმ საკითხებზეც, რომლებიც არამხოლოდ ამერიკულ საზოგადოებაში, არამედ გლობალურ დონეზეც სადავოდ მიიჩნეოდა - იქნებოდა ეს შიდა თუ საგარეოპოლიტიკური თემები.

თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა იმ ფონზე, როდესაც, სხვადასხვა გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დონალდ ტრამპის რეიტინგი დაღმასვლისკენაა მიმართული, ხოლო „რესპუბლიკელები“ ნოემბერში კონგრესის არჩევნებში დამარცხების რისკის წინაშე არიან, რისი ძირითადი მიზეზი არის ვაშინგტონის მიერ წარმოებული ომი ირანის წინააღმდეგ და ამით შექმნილი ჩიხური მდგომარეობა.

ექსპერტთა ნაწილი სწორედ ამას უკავშირებდა ქეროლაინ ლევიტის გადადგომას, თუმცა თავად თეთრი სახლის პრესმდივანმა ეს ცნობები უარყო და თქვა, რომ რჩება დონალდ ტრამპის ერთგული, რადგან, როგორც ამბობს, ამერიკა „უკიდურესად ექსტრემისტული „დემოკრატიული პარტიის“ მხრიდან ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა“.

„უპირველეს ყოვლისა, მადლიერი ვარ პრეზიდენტის, რომ მქონდა განსაკუთრებული პატივი, მესაუბრა თეთრი სახლის ტრიბუნიდან მისი სახელით. დიდი სიამაყით ვსაუბრობდი ამ ადმინისტრაციის მრავალ ისტორიულ მიღწევაზე და ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლიბერალური მედიისთვის პასუხის მოთხოვნას და იმის უზრუნველყოფას, რომ ამერიკელ ხალხს პრეზიდენტ ტრამპის წარმატებების შესახებ სიმართლე მოესმინა.

დედობა და ბავშვის გაჩენა, ამავდროულად კი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მომთხოვნ თანამდებობაზე მუშაობა, ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი, თუმცა ამავე დროს ყველაზე რთული პერიოდი იყო. სიმართლე ის არის, რომ ჩემი ქალიშვილის დაბადების შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნების დღიდან გულით ვგრძნობდი, რომ ვერ ვიქნებოდი ისეთი კარგი დედა ჩემი ორი პატარა შვილისთვის, როგორსაც ისინი იმსახურებენ, თუკი გავაგრძელებდი თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობისთვის საჭირო მუდმივი დროის, ენერგიისა და ყურადღების დათმობას. სწორედ ამიტომ მივიღე რთული, თუმცა ამავდროულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - დავტოვო თეთრი სახლი და ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი დავიწყო…

ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციური საფრთხის წინაშე დგას სულ უფრო ექსტრემისტული „დემოკრატიული“ პარტიის მხრიდან, რომელიც ცდილობს გაანადგუროს ყველაფერი, რაც ამერიკას დიდებულს ხდის. მჯერა, ყველა ჩვენგანი, ვისაც ეს ქვეყანა გვიყვარს და მასზე ვზრუნავთ, ვალდებული ვართ, ამ საფრთხეს წინააღმდეგობა გავუწიოთ. ჩემი ბრძოლა ახალ ეტაპზე გადადის, მაგრამ ის ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან…“ - დაწერა ქეროლაინ ლევიტმა პლატფორმა X-ზე.

თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ქეროლაინ ლევიტისა და ჟურნალისტების ურთიერთობა არ ყოფილა მარტივი. მედიის ზოგიერთ წარმომადგენელს ის ადანაშაულებმა მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებებისადმი მიდრეკილებაში.  

დაკავშირებული ამბები
თეთრი სახლის პრესმდივანი თანამდებობას ტოვებს დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთში ვიზიტისას Air Force One-იდან ფარულად გადაიყვანეს