მობილიზაციის ახალ ტალღას რუსეთის ხელისუფლება სახელმწიფო სათათბიროს სექტემბრის არჩევნების დასრულებისთანავე გამოაცხადებს - ასეთია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელიც მან უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ მოპოვებული დოკუმენტების საფუძველზე გააკეთა.
ომში მყოფი ქვეყნის ლიდერის თქმით, შესწავლილი მასალების მიხედვით აშკარაა, რომ ანალიტიკოსების მიერ გასული თვეების განმავლობაში გამოტანილი დასკვნები მართლდება და მოსკოვი ამ არაპოპულარულ, თუმცა, მოცემულ ვითარებაში, გარდაუვალ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს, ჯარში კი შეეცდება უფრო მეტი სამხედროს გაწვევას, ვიდრე 2022 წელს, მობილიზაციის პირველი ტალღის დროს.
კიევში აცხადებენ, რომ იძულებითი ქმედება გამოწვეულია ფრონტის ხაზზე მზარდი რუსული დანაკარგებითა და კონტრაქტორი ჯარისკაცების რიცხობრიობის კლებით.
„თავდაცვის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ოლეჰ ივაშჩენკოს, მოხსენებაში საუბარი იყო რუსეთის მხრიდან მობილიზაციისთვის მზადებაზე. ყველაფერი დასტურდება რუსეთის შიდა დოკუმენტებით. ისინი მობილიზაციას შემოდგომისთვის, საპარლამენტო არჩევნების იმიტაციის დასრულებისთანავე, ამზადებენ.
პუტინის გეგმა განსაკუთრებით რთული არ არის. მას სურს შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს რუსები ომს მხარს უჭერენ - ყველა პარტია, რომელსაც ჯერ კიდევ აძლევენ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას, ამა თუ იმ ფორმით, მშვიდობის წინააღმდეგია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის უზენაესი სასამართლოს განაჩენსაც, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან კრემლის ომის მოწინააღმდეგე ერთადერთი პარტიის, „იაბლოკოს“ მოხსნას გულისხმობს.
მისი თქმით, რეალურად, ეს ნაბიჯი არის პუტინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარი შინაარსიდან გამომდინარე, ნათლად აჩვენებს, მოსკოვის დამოკიდებულებას სამშვიდობო პოლიტიკისადმი.
„თუ პუტინს ომი იმდენად სურს, რომ ახლა უკვე მორიგ, აშკარა პოლიტიკურ მანიპულაციაზე გადავიდა თავისი ფარსული არჩევნების მეშვეობით - იმდენად, რომ შეეშინდა საარჩევნო ბიულეტენზე თუნდაც ერთი ისეთი პარტიის დაშვება, რომელიც მშვიდობის აუცილებლობაზე მაინც რაიმეს ამბობდა, და ამიტომ „იაბლოკოს“ პარტია მოხსნა - მაშინ მისი პრიორიტეტები სრულიად ნათელია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
18-20 სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, დაშვებული არიან მხოლოდ კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი პარტიები, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებას „ღირსების საკითხად“ მიიჩნევენ, დასავლეთს მტრად აღიარებენ, ნებისმიერ პოლიტიკოსსა თუ გაერთიანებას, რომელიც კიევის ამჟამინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან დიალოგს ემხრობა - აგენტურული ქსელის წარმომადგენელს.
კანდიდატებიდან ზოგიერთი ერთადერთ საკითხში ეწინააღმდეგება პუტინის მთავრობას - სოციალური ქსელებისთვის დაწესებულ შეზღუდვებში.
2022 წლის სექტემბერში გამოცხადებული იძულებითი მობილიზაცია ჯერაც მოქმედებს და კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე, ჯარისკაცებს ფრონტზე იწვევენ. ცნობილია, რომ მობილიზაციის პირველი ტალღის ფარგლებში, მოსკოვმა შეძლო 300 000-მდე სამხედროს გაგზავნა საომარი მოქმედებების ზონაში.
საგულისხმოა, რომ იძულებითი მობილიზაციის გამოცხადებაზე, ბოლო თვეების განმავლობაში, რამდენიმე ფაქტი მიანიშნებდა. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან რუსეთმა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადა ფინეთთან, ესტონეთსა და ლატვიასთან სარკინიგზო საღვრის „დროებით ჩაკეტვის“ შესახებ.
ანალიტიკოსები მაშინვე ალაპარაკადნენ ერთ-ერთ ვერსიაზე, რომელიც მობილიზაციის გამოცხადებისთვის სამზადისს ნიშნავდა.
მათი მოსაზრებით, მოსკოვი ათობით ათასი სამხედროს მობილიზებას აპირებს, ბრძოლის ველზე დანაკარგების შესავსებად.
მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის სექტემბრის ნაწილობრივმა მობილიზაციამ აჩვენა, რამდენად არაპოპულარულია ეს ნაბიჯი, რის გამოც ასობით ათას მოქალაქეს რუსეთიდან გაქცევა მოუწია, კრემლი სხვანაირად ვერ ახერხებს ფრონტზე წინსვლას.
იანვარში სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრმა განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, რუსეთმა 1 მილიონ 200 000-მდე საბრძოლო დანაკარგი განიცადა, მათ შორის 325 000-მდე სამხედრო დაიღუპა.
