კატეგორიები

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთში ვიზიტისას Air Force One-იდან ფარულად გადაიყვანეს

დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთში ვიზიტისას Air Force One-იდან ფარულად გადაიყვანეს
დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხის გამო საიდუმლო სამსახურმა და სამხედროებმა იგი თურქეთში ვიზიტისას Air Force One-იდან სხვა თვითმფრინავში ფარულად გადაიყვანეს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განმარტებები ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც თავდაპირველად The Washington Post-მა გაავრცელა და რომლის თანახმადაც, გასულ თვეში NATO-ს სამიტის შემდეგ დონალდ ტრამპს ირანიდან მომავალი საფრთხის გამო ქვეყნის დატოვება სხვა თვითმფრინავით მოუწია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს ოპერაცია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული, საკუთარი კომენტარებით ნაკლებად მნიშვნელოვნად წარმოაჩინა.

დონალდ ტრამპმა არც ბორტზე დარჩენილთა წინაშე არსებულ საფრთხეს მიანიჭა დიდი მნიშვნელობა - თვითმფრინავში თეთრი სახლის თანამშრომლები და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ.

„ვფიქრობ, სინამდვილეში, თვითმფრინავს, რომლითაც მე ვიფრინე, უფრო დიდი საფრთხე ემუქრებოდა“, - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. მას ოპერაციის შესახებ ბევრი დეტალი არ გაუმხელია. თუმცა აღნიშნა, რომ მომხდარს არ შეუშინებია.

„მე საიდუმლო სამსახურსა და სამხედროებს ვუჯერებ. მათ უნდოდათ, სხვა რეისით და სხვა თვითმფრინავით გავმგზავრებულიყავი. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ორივე თანაბრად დაცული იყო, მაგრამ მათ ასე უნდოდათ, ამიტომაც ასეც მოვიქეცი. მე იმას ვაკეთებ, რასაც ისინი მეუბნებიან.

ვფიქრობ, იქ რაღაც საფრთხე იყო. ამის შესახებ ბევრი არაფერი მიკითხავს. ჩემ მიმართ ბევრი მუქარაა.

არა. არ გამკვირვებია. მე ბევრ მუქარას ვიღებ. ბევრ ისეთ მუქარას, რომლის შესახებაც თქვენ არ იცით.

ნებისმიერი გავლენიანი პრეზიდენტის მიმართ ბევრი მუქარაა. არ ემუქრებიან გავლენის არმქონე პრეზიდენტებს. და ვფიქრობ, შესაძლოა, მე ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტი ვარ, რადგან თითქმის ექვსი წლის განმავლობაში ჩემზე მეტი არავის გაუკეთებია. არავის“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ვიზიტების განრიგი და ლოგისტიკური დეტალები უსაფრთხოების მიზეზების გამო პრეზიდენტებს არაერთხელ დაუტოვებიათ საიდუმლოდ. თუმცა, უპრეცედენტოდ მიიჩნევა, რომ დონალდ ტრამპის ადგილსამყოფელი როგორც თავად ოპერაციის დროს, ისე მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული.

ამ შემთხვევას ისიც გამოარჩევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საიდუმლოდ გამოეყო თანმხლებ პირებს, მათ შორის ჟურნალისტთა ჯგუფს. თეთრ სახლს მომხდარის შესახებ ინფორმაცია სრულად არ გაუვრცელებია და არც ის განუმარტავს საზოგადოებისთვის, თუ რა მოხდა საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთში ვიზიტისას Air Force One-იდან ფარულად გადაიყვანეს დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ზოგიერთი ტიპის საბრძოლო მასალის მარაგი „შეზღუდულია"