კატეგორიები

The Washington Post-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა NATO-ს სამიტი საიდუმლო ოპერაციით დატოვა

The Washington Post-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა NATO-ს სამიტი საიდუმლო ოპერაციით დატოვა
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ თვეში ანკარაში გამართული ნატოს სამიტი საიდუმლოდ დატოვა - იგი თურქეთიდან სხვა სამხედრო თვითმფრინავით გაფრინდა, თეთრმა სახლმა კი შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი Air Force One-ზე იმყოფებოდა. ამის შესახებ The Washington Post იუწყება.

გამოცემის ცნობით, მიზეზი დონალდ ტრამპის მკვლელობის მუქარა იყო ირანიდან. ოპერაცია ისე ჩატარდა, რომ ჟურნალისტებსა და თეთრი სახლის ზოგიერთ თანამშრომელს მიაჩნდა, რომ ისინი ბორტზე პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდნენ, როცა იგი ნატოს ქვეყნების ლიდერთა ყოველწლიური შეხვედრიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა.

The Washington Post-მა ინფორმაცია გამოცემის მიერ შესწავლილ მასალებზე, ოპერაციის შესახებ ინფორმირებულ ერთ-ერთ ოფიციალურ პირსა და პრეზიდენტის გადაადგილების შესახებ ინფორმირებულ კიდევ ერთ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

ტრამპი სამიტზე ახალი, კატარისგან საჩუქრად მიღებული თვითმფრინავით ჩავიდა. თუმცა, თურქეთიდან გამგზავრებამდე მან განაცხადა, რომ გზის ნაწილს ვაშინგტონისკენ ძველი Air Force One-ით გაიფრენდა.

იმ დროს პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალი, ძვირადღირებული თვითმფრინავი ანკარიდან მის გამგზავრებამდე გაფრინდებოდა, რათა აღმოსავლეთ ინგლისში განლაგებულ ამერიკელ სამხედროებს ახალი მისი დათვალიერების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

ანკარაში ტრამპი ძველ Air Force One-ზე ავიდა, რასაც ტელეკამერებიც იღებდნენ. თვითმფრინავი გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი ბაზისკენ უნდა გაფრენილიყო.

თუმცა, The Washington Post-ის ინფორმაციით, ძველ Air Force One-ზე ასვლიდან რამდენიმე წუთში ტრამპი უფრო პატარა თვითმფრინავში ფარულად გადაიყვანეს და მან თურქეთი სწორედ ამ თვითმფინავით დატოვა.

თეთრმა სახლმა გამოცემის კითხვებს პრეზიდენტის ქვეყნიდან ფარულად გაყვანის ოპერაციის შესახებ პირდაპირ არ უპასუხა.

„როგორც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, ამერიკის ბევრი მტრისთვის ის სამიზნეა, და ჩვენ ამ საფრთხეების წინააღმდეგ ზომების მისაღებად ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ვიყენებთ“, - განაცხადა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა.

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. საჰაერო ძალებმა, რომელიც უმაღლესი სახელმწიფო პირების გადაადგილებისთვის განკუთვნილი თვითმფრინავების ფლოტს მართავს, კითხვებზე პასუხისთვის ჟურნალისტები თეთრ სახლთან გადაამისამართა.

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპი ირანისგან კომპენსაციას ითხოვს The Washington Post-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა NATO-ს სამიტი საიდუმლო ოპერაციით დატოვა