ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის მოთხოვნას, ომის მიმდინარეობისას მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე საკუთარი მოთხოვნით პასუხობს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეირანმა „ბოლო 50 წლის განმავლობაში გამოწვეული ზიანისთვის“ თავად უნდა გადაიხადოს.
ამის შესახებ მან ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მანვე თქვა, რომ კომპენსაცია მათ ოჯახებსაც ეკუთვნით, ვინც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო მოკლეს.
შეიძლება ითქვას, ისინი რეპარაციებს ითხოვდნენ, ან ფულს იმ ზიანისთვის, რომელიც ჩვენ მივაყენეთ. მე ვუთხარი, რომ ეს კარგი იდეაა. ჩვენც მოვითხოვთ ფულს იმ ზიანისთვის, რომელიც მათ 50 წლის განმავლობაში გამოიწვიეს - იქნება ეს USS Cole, თუ ყველა ის ადამიანი, ვინც ასე მძიმედ დაზარალდა, მძიმედ დაიჭრა ან დაიღუპა. ათასობით ადამიანი. და შესაძლოა, იმ 52 000 დემონსტრანტისთვისაც, რომლებიც ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ირანში მოკლეს. ვფიქრობთ, მათმა ოჯახებმა კომპენსაცია უნდა მიიღონ იმისთვის, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილე მათი ოჯახის წევრი, შვილი, დედა ან მამა მოკლეს. თვენახევრის წინ ეს რიცხვი სულ მცირე 52 000 იყო. ახლა რამდენია? ასე რომ, თუ ზიანია ასანაზღაურებელი, ვფიქრობ, ირანმა ეს უნდა აანაზღაუროს“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ოვალურ ოფისში ისიც თქვა, რომ ჰორმუზის სრუტეს „100%-ით“ ამერიკის შეერთებული შტატები აკონტროლებს“.
ეს იმ ფონზე, როცა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სრუტეს იქამდე არ გახსნის ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები ირანის მიერ წამოყენებულ პირობებს არ შეასრულებს, და მათ შორის, თებერვალში დაწყებული ომისთვის კომპენსაციას არ გადაიხდის.
ამ პირობებს შორის საკვანძოა ამერიკის ვაშინგტონის მიერ ირანული პორტებისთვის დაწესებული საზღვაო ბლოკადის მოხსნაც.
„სანამ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადა ძალაში რჩება, გაეროს გენერალური ასამბლეის 3314-ე რეზოლუციის თანახმად, ამგვარი საზღვაო ბლოკადა აგრესიის აქტს წარმოადგენს. ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სხვა დარღვევებიც გრძელდება, არ იარსებებს აუცილებელი პირობები იმის სათქმელად, თითქოს ჰორმუზის სრუტე უსაფრთხო საზღვაო გზად იქცა“, - განაცხადა ისმაილ ბაღაიმ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
ბლოკადის შეწყვეტისა და ომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების გარდა ირანს ეკონომიკური სანქციების მოხსნა და გაყინული აქტივების გათავისუფლება სურს.
