კატეგორიები

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ბალისტიკურ ტერორზე დებს ფსონს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ბალისტიკურ ტერორზე დებს ფსონს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით რუსეთი უკრაინაზე მასშტაბურ იერიშებს აგრძელებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ბალისტიკურ ტერორზე დებს ფსონს და მას მშვიდობის დამყარება არ სურს.

უკრაინული მხარის ინფორმაციით რუსულმა სამხედროებმა იერიშები ჟიტომირის, ნიკოლაევის, კიევის, ხერსონის, სუმის, ხარკოვის, დნეპრის, ზაპოროჟიესა და დონეცკის ოლქებში სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით იერიშების შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო ათობით უკრაინელი დაშავდა, მათ შორის არაინ ბავშვებიც.

„რუსეთი აგრძელებს ბალისტიკურ ტერორზე ფსონის დადებას, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი ქალაქით ან თემით. მხოლოდ ამ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 61 რაკეტა, მათ შორის 56 ბალისტიკური, 1 560-ზე მეტი დრონი და 1 540 საჰაერო ბომბი გამოიყენეს. ადამიანის სიცოცხლეზე ყოველი ასეთი თავდასხმა მუდმივ შეხსენებას წარმოადგენს - ჩვენ გვჭირდება მეტი ზეწოლა, მეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მეტი საჰაერო თავდაცვა უკრაინისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რუსეთზე, კერძოდ სასაზღვრო რეგიონ ბელგოროდზე საპასუხო საჰაერო იერიშები მიიტანა უკრაინამ. ადგილობრივი რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 9 ივლისს უკრაინული დრონების იერიშების შედეგად დაზიანდა 29 მრავალბინიანი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობები და კომერციული ობიექტები. რუსული მხარის ინფორმაციით უკრაინული იერიშებს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათობით მოქალაქე კი დაშავდა, მათ შორისაა 4 წლის ბავშვი.

„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმასთან დაკავშირებით ტერორისტული აქტის შესახებ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 2026 წლის 9 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ბელგოროდში სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს იერიში, მათ შორის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე, რამდენიმე ადმინისტრაციულ შენობასა და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. თავდასხმის შედეგად არის მსხვერპლი და არიან დაშავებულებიც, მათ შორის არიან ბავშვებიც“, - განაცხადა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის სპიკერმა, სვეტლანა პეტრენკომ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, რუსულმა ძალებმა ღამით 153 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის ანექსირებული ყირიმისა და შავი და აზოვის ზღვების თავზე.

დაკავშირებული ამბები
უკრაინის მიზანია, ანექსირებული ყირიმი რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით „გამოუსადეგარი“ გახდეს ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი ბალისტიკურ ტერორზე დებს ფსონს